Friday, 15 April 2016

ნოდარ თოთაძე

გამოხმაურება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტზე

გამოხმაურება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტზე

ამა წლის 31 მაისს საქართველოს მთავრობამ (პრემიერ-მინისტრის წერილი № 18647) საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინა კანონპროექტი “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მთავრობამ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ითხოვა. რამდენად შეესაბამებოდა საკანანონმდებლო ცვლილების ინიციატივა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს? საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს სამივე მოსმენით მის განხილვასა და მიღებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის მოტივირებული წინადადებისა და წამყვანი კომიტეტის დასკვნის საფუძველზე. თუ ბიურო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე, აღნიშნულ საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის პლენარული სხდომა.

ამგვარად, მთავარი იყო ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა პარლამენტში, განხილვა კი ყველა ვარიანტში მოხდებოდა და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაც.
საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ნუსხას აკლია კანონით გათვალისწინებული კანონპროექტის ინიციატორის მოტივირებული წინადადება დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე (რაც კანონის დანაწესია); ხოლო არსებობდა თუ არა წამყვანი კომიტეტის დასკვნა, რის საფუძველზეც პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რომ ინიციატორს არ წარუდგენია მოტივირებული წინადადება დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობის შესახებ და, შესაბამისად, რაც არ წარუდგენიათ, იმის განხილვა ვერ მოხდებოდა. მაშ, რის საფუძველზე მიიღო პარლამენტის ბიურომ ეს გადაწყვეტილება? (წარდგენილი იყო საქართველოს მთავრობის მიმართვა პარლამენტისადმი, ამონაწერი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 მაისის სხდომის №18 სხდომის ოქმიდან, საქართველოს მთავრობის განკარგულება №504, 2013 წლის 30 მაისი თ. სანიკიძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე და წარმოდგენილი იყო მთავარი დოკუმენტი - განსახილველი კანონპროექტი). ჩემი აზრით, წარდგენილი კანონპროექტის ამგვარ საპარლამენტო განხილვას აკლდა სამართლებლივი საფუძველი და, რაც ყველაზე მთავარია, საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენელთა ჩართულობა წინასწარ განხილვასა და შემუშავებაში. აღნიშნულია კიდეც კანონპროექტის ინიციატორის განმარტებით ბარათში, რომელიც მან წარადგინა კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომ - ციტატა:
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები - დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში. იქვე წერია, რომ „მონაწილეობა არ მიუღიათ“.

ჩამონათვალი გვიჩვენებს, რომ კანონს მნიშვნელოვნად მიაჩნია მათი მონაწილეობა წინასწარ განხილვაში. აჩქარებულ ინიციატორსა და ავტორს კი კანონის ეს დანაწესი არაფრად მიაჩნია, თვლის, რომ არ არის მათი მონაწილეობა საჭირო, მაგრამ კანონის დაცვა ხომ არის საჭირო?

იქვე კიდევ ერთი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი მოთხოვნაა: დ.ბ)კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მარტო მონაწილეობა კი არა, შეფასებაც ყოფილა საჭირო, მაგრამ რა? იქვე წერია, რომ „აღნიშნული შეფასებები არ არსებობს“. ამ პუნქტს მოსდევს: ე) „კანონპროექტის ავტორი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“; ვ) „კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა“.

თუ კანონპროექტის ინიციატორი არ წაიკითხავდა ამ მოთხოვნებს, კანონპროექტის ავტორს ხომ მაინც უნდა წაეკითხა და ფორმალურად მაინც დაეცვა კანონის დანაწესი? რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, ეს მოთხოვნა რომ არ არსებობდეს, უნდა დაგვეწესებინა და უნდა ჩაგვერთო კანონის წინასწარ განხილვაში ბენეფიციარები, გამოცდილების მქონე სპეციალისტები, სტუდენტობა.

ჩემთვის, როგორც თსუ სენატის წევრისათვის, რომელიც მოუთმენლად ველოდი ცვლილებებს, საკითხისადმი ამგვარი ფორსირებული მიდგომა მოულოდნელი აღმოჩნდა. ფორსმაჟორს არასოდეს მოაქვს გრძელვადიანი და დადებითი შედეგი.
პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია დაჩქარებული წესით საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური კანონისა და ორგანული კანონის მიღება. განათლების კანონი და მასთან დაკავშირებული ყველა ცვლილება სისხლხორცეული საკითხია, რადგანაც ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის ერთადერთი უტყუარი საფუძველი. აქ „დაჩქარებული წესით“ შეცდომების დაშვება დაუჩქარებელ უკუშედეგს გამოიღებს, რომლის გამოსწორება, სამწუხაროდ, დიდ დაბრკოლებად ექცევა ქვეყანას. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უნდობლობაზე, რაც ამგვარი ქმედებით გამოვლინდა პროფესურისა და სტუდენტობის მიმართ.

პარლამენტს განსახილველად კანონპროექტი წარედგინა და განხილვა ეთხოვა საქართველოს პარლამენტის 163-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ამ კანონის მიხედვით, დადგენილების პროექტთან დაკავშირებული ყოველი წინადადება უნდა წარედგინოს წამყვან კომიტეტს. თუ წამყვანი კომიტეტი უარყოფს პროექტთან დაკავშირებულ წინადადებას, პარლამენტი მას, ინიციატორის მოთხოვნით, დადგენილების პროექტთან ერთად განიხილავს. ახალი წინადადების დაყენება და განხილვა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის მოთხოვნით.

როგორც აღვნიშნე, მთავარი იყო განხილვის დაწყება და მერე გადაწყვეტილების დადებითად მიღება შეუქცევადი პროცესი გახდებოდა. პროექტის საპარლამენტო განხილვამ ცხადყო, რომ იგი ნამდვილად ნაჩქარევი იყო არა იმიტომ, რომ პროექტის ავტორებს წინასწარი საზოგადოებრივი განხილვის დრო არ ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ მისი მიღების გარდა სხვა გზა არ დარჩენილიყო. ასეთი რამ ხშირად მომხდარა ჩვენს სენატში და მე მას ყოველთვის ვაპროტესტები. საკითხის დაყენება წინასწარი განხილვის გარეშე ერთგვარი გარდაუვალი დამტკიცების გარანტია ხდებოდა. შესაბამისად, ხშირად ვიღებდით უნივერსიტეტისთვის არასასურველ შედეგებს. იგივე ხელწერაა ამგვარად კანონპროექტის განხილვა პარლამენტში და მხოლოდ მის შემდეგ საზოგადოების ვნებათაღელვა ან კომენტარები უკან მიდევნებული ლამპარივით.

სწორედ ამ ნაკლოვანებების გამო პარლამენტი იქნება სამართლიანი, თუ იხელმძღვანელებს საქართველოს პარლამენის რეგლამენტის 163-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით, რომელიც მეორე მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ, მიიღებს ორიდან ერთს, ბ - გადაწყვეტილებას - შესაბამისი ორგანოსათვის ახალი პროექტის შემუშავების დავალების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით უნივერსიტეტი აპოლიტიკური ორგანიზაციაა, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ინდიკატორად სწორედ ის გვევლინება. როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლების მიზანია უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარება შემდგომი წარმატებისათვის. დაუჯერებელია, რომელიმე ხელისუფალს ჰქონდეს სხვა სურვილი. წინა ხელისუფალთ ჰქონდათ გამოკვეთილი მიზანი (კორუფციის დამარცხება, უმაღლესი განათლების ევროპეიზაცია...) და განახორციელეს რეფორმა, რომელიც შეფასდა დადებითად; საქართველომ ამ კუთხით გადადგა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული ნაბიჯი. ამ თვალსაზრისით მაშინდელ საუნივერსიტეტო სივრცეში ხელისუფალთა ქირურგიული ჩარევა გარდაუვლადაც მესახება, რადგან სხვა მექანიზმი რეფორმის ამოცანათა განსახორციელებლად მაშინ არ არსებობდა. თუმცა რეფორმების დროს დაშვებული იყო შეცდომები. შეცდომები ძირითადად გამოწვეული იყო სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ უნივერსიტეტის ცხოვრებაში აქტიური და, ზოგჯერ ძალადობრივი ჩარევით, საუნივერსიტეტო არჩევნებისთვის (რექტორის, დეკანის, საბჭოების) ფასადური დემოკრატიის მანტიით შენიღბვით, კონკურსების გადაწყვეტილებების მიღებით თვითნებურად, სუბიექტური გემოვნების ფონზე, პოლიტიკური გავლენებითაც, რაც ძირშივე ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის იდეას. ყველა ამ შენიშვნაზე საკუთარი გამოცდილებით მიღებული ფაქტები და არგუმენტები გამაჩნია. საუნივერსიტეტო ცხოვრების ბოლო წლებმა აჩვენა, რომ, ერთი მხრივ, მიღწეულია წარმატებები სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების დახვეწაში, გაზრდილია უნივერსიტეტის ბიუჯეტი, გაზრდილია ხელფასი და, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მეხსიერებიდან ლანდივით გაქრა ტოტალური კორუფცია... მეორე მხრივ, ამგვარი რეალობის ფონზე უნივერსიტეტში დააბიჯებს მიღწეული წარმატებების ავტორის მიერ დაშვებული ნებსითი თუ უნებლიე შეცდომებისადმი შეურიგებლობა, კულუარებში, დიალოგებში, მიღებულ გადაწყვეტილებებშიც. უნივერსიტეტი ელის დარჩენილი ხარვეზების, რომელიც ზოგჯერ დანაშაულის ტოლფასია, გამოსწორებას, მაგრამ ვისგან? რეფორმა შეიძლება ჩაატარო ფორსირებულად, მაგრამ ცნობიერების რეფორმას დიდი დრო სჭირდება. უნივერსიტეტის წესდებაში დეკლარირებული ავტონომია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მაგრამ ტოვებს იმედს, რომ მის რეალობაში განხორციელებას შევძლებთ. წინა ხელისუფლის მთავარი აცდენა რეალობასთან ის იყო, რომ უნივერსიტეტი, როგორც თაობათა ერთობლიობა, არ იქნა გააზრებული. პოსტსაბჭოტა ცნობიერების ამპუტაცია უმტკივნეულო ვერ იქნებოდა. ჩვენი ქვეყანა მიაჩვიეს იმას, რომ მის ბედს სხვა უნდა წყვეტდეს. ნუთუ პროფესურა დღესაც ამგვარად ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის ბედს სხვა უნდა წყვეტდეს? უნივერსიტეტიც ამ ქვეყნის ნაწილია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იგი შეიქმნა საქართველოს, და უფრო მეტიც, კავკასიის, თავისუფლებისათვის, თავისუფალი აზრისა და თავისუფალი ნების განსახორციელებლად, რათა ჩვენს ერს ეროვნული ღირსება აღედგინა და შეენარჩუნებინა, თაობებისთვის გადაეცათ, რომ გელათის აკადემიის მოძღვართ მოძღვარს მეფე ნოხთა პირს ხვდებოდა. უნივერსიტეტში ჩემი მუშაობის სამი ათეული წლის მანძილზე ყოველთვის დააბიჯებდა ყველას ცნობიერებაში აჩრდილი ხელისუფალისა. არ მქონდა ილუზია, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე იგი გაქრებოდა, მაგრამ ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ მის დამარცხებას ჩვენს ცნობიერებაში ამდენი ხანი დასჭირდებოდა. კანონპროექტის ერთმა მუხლმა (არადა, კანონპროექტის სხვა პუნქტებიც იწვევს კამათს, ამაზე ცალკე იქნება მსჯელობა) რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის თაობაზე სწორედ ამიტომ გამოიწვია ამგვარი რეაქცია. ვერ ვიტყვით, რომ ეს პროტესტი პოლარიზებული პოლიტიკური ძალების რომელიმე ერთ მხარეს ყოფილიყოს. განცდა იმისა, რომ უნივერსიტეტის საქმეში ხელისუფალი კვლავ დირიჟორია და არსებითად, სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, რომ დემოკრატია ისევ ფასადია და პროფესურა და სტუდენტობა არ წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ძალას, რომ ძალაზე უნდა დაეფუძნოს ავტორიტეტი და არა პირიქით... საზოგადოებას ერთნაირად განაწყობს უარყოფითად. ამ საზოგადოებას უკვე ბევრი გაკვეთილი აქვს ჩაბარებული დემოკრატიისთვის და მზად არის, შეცდომა არა თუ ხელისუფალს, არამედ საკუთარ თავსაც კი არ აპატიოს. უკვე მოვიდა თავისუფალ საქართველოში დაბადებული და გაჭირვებით აღზრდილი თაობა, რომელსაც ვეღარავინ დააბრუნებს მონობაში. ამ თაობას ვეუბნებით, რომ თქვენი პროფესურა (რომელმაც, სხვათა შორის, თქვენც აღგზარდათ, პარლამენტარებო) არ არის მზად, მართოს საკუთარი თავი და უფრო მეტიც, კარგა ხანს ვერც შეძლებს. ამიტომ გაბრუნებთ წარსულში. ახლა დეკლარირებული ავტონომიაც აღარ დაგრჩებათ, რეალურზე რომ აღარ ვიფიქროთ. უხერხულია, კანონპროექტის ავტორის (სამინისტროს) განაცხადი იმის შესახებ, რომ თუ პარლამენტი შეიტანს ცვლილებას, მას აღარაფერი ექნება საწინააღმდეგო. მოკლედ, პარლამენტზე ყოფილა მთელი პასუხისმგებლობა და მინდა მჯეროდეს, რომ პარლამენტი ყურად იღებს საზოგადოების განწყობას. შემოდგომამდე გადაავადებს ამ კანონპროექტს, როგორც სამართლებრივად და საზოგადოებრივად მოუმზადებელს, ნაჩქარევს, დაუბრუნებს ავტორს, რომელიც გაითვალისწინებს ყოველივეს და იმუშავებს გრძელვადიან შედეგებზე.

რისთვისაც კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით იყო გამიზნული, სწორედ იმან შეიყვანა იგი კიდევ უფრო ღრმა ჩიხში და ახლა უნივერსიტეტს აღარაფერი რჩება გარდა იმისა, რომ სწორედ იმ აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს რექტორი, რომლის ლეგიტიმაციის ხარისხი, არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ძალზე დაბალია. ამ განწყობას, სამწუხაროდ, ვეღარაფერი შეცვლის. ვინც არ უნდა აირჩიოს ამ საბჭომ, ის მაინც გამოიწვევს ორაზროვნებას. თუ თქვენი კანდიდატურა გავიდა, ეს ნამდვილი კოჰაბიტაცია იქნება, მაგრამ საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის მიუღებელი ერთი მარტივი მიზეზის გამო - ხელისუფალი ჩაერია უნივერსიტეტის ცხოვრებაში. უახლოეს ხანში ესეც გამოიღებს უარყოფით შედეგს. თუ თქვენ თქვენი საქმიანობა უარყოფითი შედეგისთვის არ გაქვთ განწირული და ქვეყნის წარმატება გინდათ, უნივერსიტეტს უნდა მისცეთ თვითორგანიზაციის საშუალება. უნივერსიტეტები, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია, უნდა გახდეს სამოქალაქო ინსტიტუტები, რომლებიც აგებულია პროფესორებისა და სტუდენტების გაერთიანებით და ემსახურებიან ცოდნის შენახვას, გავრცელებასა და ახალი ცოდნის მიღებას, გენერირებას. უნივერსიტეტები უნდა გაათავისუფლოთ ხელისუფლის აჩრდილისგან, თუ რეალური პერსონებისაგანაც. ამისთვის, ჩემი აზრით, საჭიროა:
1. არა ამ კანონპროექტის საჩქაროდ მიღება, არამედ მოქმედ კანონში რექტორის არჩევის წესის შეცვლა ლეგიტიმაციის სანდოობისა და ხარისხის გაზრდისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში რისთვისაც იჩქარეთ, სწორედ ის დაგაგვიანებთ.
2. დააბრუნეთ კანონპროექტი და მომზადდეს იგი კანონის დანაწესის გათვალისწინებით შემოდგომაზე განსახილველად (იმ მიდგომით, რომ თქვენი გადადგმული ნაბიჯი არ იქნება ორი ნაბიჯი უკან).
3. უნივერსიტეტს ბევრი პრობლემა აქვს ( მათ შორის, ფინანსური. აკადემიური, ქონების მართვის, ფონქციაშეზღუდული და უფუნქციო საბჭოების, აკადემიური ადმინისტრაციის ანუ ორი სრული საშტატო დანაწესის, სახელფასო დისკრიმინაციის, ხელოვნურად შექმნილი სტრუქტურული ერთეულების, სტუდქალაქის არარსებობის, სტუდენტთა და პროფესორთა დეპოლიტიზაციის, ქვეყნისთვის სტრატეგიული და ეროვნული დარგების განვითარების...). მათ უდაოდ სჭირდება მოგვარება, სჭირდება მონიტორინგიც კანონის ფარგლებში. უნივერსიტეტში არის პოტენციალი იმისა, რომ მან შეძლოს თვითორგანიზაცია. შეგვიძლია, მივიღოთ პოლიტიკურად პოლარიზებული უნივერსიტეტის ნაცვლად აპოლიტიკური ცოდნის კერა და თქვენ იქნებით საქართველოს ისტორიაში ყველაზე ღირსეული პოლიტიკური ცვლა. ხოლო თუ იმგვარადვე მიუდგებით, რომ თქვენი წარმოდგენით, შექმნით თქვენს პოლიტიკურ დასაყრდენს, გეტყვით, რომ სწორედ ეს „დასაყრდენი“ იქნება ვადაზე ადრე თქვენი პოლიტიკური ცვლის კატალიზატორი. ეს რომ არ მოხდეს, უნივერსიტეტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს ვერტიკალური მართვისაგან, ვადაზე ადრე დანიშნული არჩევნების კოლაფსისაგან. უნივერსიტეტს უნდა დაუბრუნდეს საზოგადოების ნდობა და სიყვარული.
4. საქართველოს განათლების სისტემას სისტემური პრობლემა აქვს და მას ნაჩქარევი
კოსმეტიკით ვერ უშველით. ეს კიდევ ერთხელ დასცემს ქვეყნის ავტორიტეტს. უმაღლესი განათლების რეფორმის ავტორებმა (დვალის, კოკაიას, ბერეჟიანის...) კონცეფციათა კვალდაკვალ რეალური კანონპროექტი უნდა წარმოადგინოს. ამისთვის დროა საჭირო და საზოგადოების ჩართულობა.
თუ ეს ასე არ მოხდა?


ასეც არაერთხელ მომხდარა. უნივერსიტეტის იდეას მსოფლიოში ათასწლოვანი ისტორია აქვს. მას საქართველოც არ ჩამორჩება, თუ ერთ-ერთი პირველი არ არის ამ თვალსაზრისით. ამ იდეას ბევრი განსაცდელისათვის გაუძლია ხანგრძლივი დროის მანძილზე? როგორ? იდეა აბსტრაქციაშია და მას ვერვინ მოკლავს, მისი მატარებელიც რომ მოკვდეს. ის სასწაულებრივად მრავლდება და რამდენიც არ უნდა გასცე, გემატება, კი არ გაკლდება. ვისურვებდი, საუნივერსიტეტო თავისუფლების იდეის შემფერხებელი არ აღმოჩენილიყო დღევანდელი პარლამენტი, პირიქით, ის გახდეს ცნობიერებაში რეალური გარდატეხების ინიციატორი, მიუხედავად განათლებაში არსებული ვითარებისა 

ნოდარ თოთაძე

About ნოდარ თოთაძე -

Author Description here.. Nulla sagittis convallis. Curabitur consequat. Quisque metus enim, venenatis fermentum, mollis in, porta et, nibh. Duis vulputate elit in elit. Mauris dictum libero id justo.