ივ.
ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივტსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს,
რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას
აკადემიურ
საბჭოს
მ
ი მ ა რ თ ვ ა
მიზანშეწონილად
მივიჩნევ, საქართველოს უმაღლესი განათლების კანონში შევიდეს არსებითი ხასიათის საკანონმდებლო
ცვლილებები.
მოგმართავთ
თხოვნით, დააყენოთ ინიციატივა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
წინაშე ქვემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების თაობაზე. გარდა ამისა,
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული განხილვის საკითხი დარეგულირდეს საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაჩქარებული განხილვის
წესის მიხედვით. ეთხოვოს კანონპროექტის ინიციატორს - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
- წარადგინოს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე კანონპროექტის ინიციატორის მოტივირებული
წინადადება დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე და შექმნას სამართლებრივი საფუძველი
პარლამენტში საკითხის განსახილველად (წამყვანი კომიტეტის დასკვნა, საგანმანათლებლო
სივრცის წარმომადგენელთა ჩართულობა წინასწარ განხილვასა და შემუშავებაში, კანონპროექტის
შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ):
I.
საქართველოს უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები შევიდეს ამავე კანონის I თავის
1-ლი მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს კანონის მოქმედების სფეროს და, კონკრეტულად,
რეორგანიზაციის საკითხსაც.
II.
შეიცვალოს თსუ საორგანიზაციო-მმართველობის ფორმა: საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორმა
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ - უმაღლესი განათლების კანონის
მე-2 და მე-13 მუხლების საფუძველზე დააყენოს საკითხი თსუ საორგანიზაციო-მმართველობის
ფორმის შეცვლის თაობაზე და სსიპ-ი გარდაიქმნას ა(ა)იპ-ად.
III.
უმაღლესი განათლების კანონის მე-2 მუხლის ე) პუნქტს დაემატოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით:
აკადემიური საბჭო არის ა(ა)იპ-ის / სსიპ-ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.
IV.
ამოქმედდეს უმაღლესი განათლების კანონის მე-2 მუხლის ჰ37 პუნქტი რეგენტთა საბჭოს შესახებ
და ამავე კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებით, უმაღლესი
განათლების სფეროში ამავე მუხლის ე) პუნქტში (ქმნის რეგენტთა საბჭოსა და ამტკიცებს
მის დებულებას) დაემატოს ფრაზა რეგენტთა საბჭოს შემადგენლობაში, მთავრობის წარმომადგენლებთან
ერთად, საზოგადოების წარმომადგენლების შესვლის თაობაზე. ასევე შეიცვალოს 221 პუნქტი
და კანონს დაემატოს 2ა პუნქტი, რომელშიც განისაზღვრება რეგენტთა საბჭოს შემადგენლობა
(მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად საზოგადო მოღვაწეების რეგენტთა საბჭოში შესვლის
თაობაზე).
V.
ამოქმედდეს უმაღლესი განათლების კანონის მე-2 მუხლის ჰ38 პუნქტი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების განვითარების ფონდის შექმნის შესახებ (რომელსაც სამართავად გადაეცემა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი).
VI.
უმაღლესი განათლების კანონის მე-14 მუხლს (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
სტრუქტურა) დაემატოს მე-5 პუნქტი - ა(ა)იპ-ი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება,
შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან...
VII.
უმაღლესი განათლების კანონის მე-20 მუხლის (აკადემიური საბჭოს არჩევა) პუნქტ 1-ს დაემატოს
პუნქტი 1(ა) და ჩამოყალიბდეს ამგვარად: ა(ა)იპ-ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც ირჩევა უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების აკადემიური პერსონალის
ყველა წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს სტუდენტთა წარმომადგენლების,
ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო ერთეულების (შემოერთებული ინსტიტუტები)
წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე,
ფარული კენჭისყრით.
VIII.
დაზუსტდეს უმაღლესი განათლების კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი: აკადემიური საბჭოს
წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი...
IX.
შეიცვალოს უმაღლესი განათლების კანონის 45-ე მუხლი სტუდენტური თვითმმართველობის უფლებების
შესახებ და მომზადდეს ახალი პროექტი თვითმმართველობის რეორგანიზაციის შესახებ.
X.
დაკონკრეტდეს უმაღლესი განათლების კანონის 22-ე მუხლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევის შესახებ. პუნქტი 2ა ჩამოყალიბდეს შემდეგნაიარად:
ა(ა)იპ-ის საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს ირჩევს სამეცნიერო ხარისხის მქონე
აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი (შემოერთებული ინსტიტუტებიდან).
XI.
მუხლი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის შესახებ 2ბ ჩამოყალიბდეს ამგვარად
- რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს
(რექტორის სრული უფლებამოსილებით) ირჩევს აკადემიური საბჭო.
XII.
ცვლილებები შევიდეს უმაღლესი განათლების კანონის 87-ე მუხლის პუნქტებში უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილების შესაბამისად.
პატივისცემით,
პროფესორი
ცირა ბარამიძე