ჩვენ, კავკასიელები, ერთი მთის შვილები ვართ; ერთნაირ ბუდეებს ვიშენებთ ისტორიის მანძილზე კავკასიონის კალთებზე, მხოლოდ ელფერია განსხვავებული; ჩვენ ერთი ძირის ენებზე ვმეტყველებთ, ერთიანი ეთნოკულტურული მემკვიდრეობა გაგვაჩნია, ერთი ცა გვხურავს და ერთი მიწა იძვრის ჩვენს ფეხთა ქვეშ, ისტორიაც ერთი გვაქვს და თანამედროვებაც, მომავალიც ერთი უნდა გვქონდეს. უერთმანეთოდ ჩალის ფასი აქვს ცალკეულ ჩვენგანს, ჩალასავით მალე მოგვედება ისტორიის ცეცხლი და მტვრად გვაქცევს. ყოველი გამქრალი ხალხი და ენა კი დაკარგული კაცობრიული ცოდნაა სამყაროს შესახებ, რომელიც ვეღარასოდეს აღსდგება. ამის საშიშროება ჩვენი სახლის კართან დგას, თუ უკვე ზღურბლს არ გადმოაბიჯა, ამის მაგალითი კი, სამწუხაროდ, არაერთია კავკასიაში. ხურიტთა, ურარტუელთა, ლელეგთა, ალბანთა, უბიხთა, ჟანათა და სხვა დაკარგული ენისა და ხალხის ხსოვნა გვაფხიზლებს და გვავალდებულებს, ვიმოქმედოთ, გადავდგათ ნაბიჯი ერთმანეთისკენ მაშინაც კი, როცა გარეშე ძალის ინსპირაციით ძმათა შორის სისხლია დაღვრილი, მაშინაც კი, როცა წარმოუდგენლად გვესახება ურთიერთმიმტევებლობა. გულწრფელად დავბრუნდეთ კავკასიურ ტოლერანტობაში და ვიზრუნოთ კავკასიური ცივილიზაციის შენახვისა და გადარჩენისათვის. თუ ასე არ მოვიქცევით, „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკა უფრო დღეგრძელი აღმოჩნდება და უახლოეს მომავალში კავკასიური ცივილიზაციისაგან აღარაფერი დარჩება ტერიტორიის გარდა. ტერიტორია კი სწორედ ის არის, რაც ასე ანდამატივით იზიდავდა ყოველი დროისა და რჯულის დამპყრობელს კავკასიაში. გავიხსენოთ, ისტორიის მანძილზე თუ მოსულა რომელიმე დამპრობელი, რომელსაც კავკასიის მხოლოდ რომელიმე ქვეყნის ხელში ჩაგდება სურდა, ვთქვათ, ქართლი იგდო ხელთ და ალბანეთი არ დალაშქრა; ასეთი არ მომხდარა; ჩვენ ერთი და ერთიანი ისტორია გვაქვს.
მეცნიერება აღიარებს კავკასიური ცივილიზაციის არსებობას, ცივილიზაციის ყოველი საკლასიფიკაციო ნიშანი კავკასიას დღემდე მტკიცედ შემოუნახავს, მიუხედავად იმისა, რომ ათასწლეულების მანძილზე კავკასიის უღელტეხილებს სერავდნენ მახლობელი და ზოგჯერ შორებელი იმპერიებიც. ცხადი იყო, ვისაც კავკასიის კარიბჭის გასაღები ეპყრა, ის აკონტროლებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. ასეთი იყო კავკასიის გეოპოლიტიკური ბედისწერა, ასეთია იგი დღეს და ასეთივე იქნება მომავალშიც. კავკასიის ტრაგედია მის გეოგრაფიულ მდებარეობაშია. კავკასიამ ისტორიული ბედისწერით გაცილებით მეტი დაკარგა, ვიდრე შეიძინა.
კავკასიური ცივილიზაციის ინტეგრალურ ნიშანთაგან ყველაზე მტკიცე სწორედ ის აღმოჩნდა, რომელსაც უფრო არამატერიალური სახე აქვს, ეს არის კულტურულ-ცივილიზაციური ინტეგრალური ნიშანი, კავკასიური მენტალიტეტი, კავკასიური ღირებულებები, ხოლო დანარჩენი ორი: გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მყიფე აღმოჩნდა თავად კავკასიელებისათვის. ჩვენ ვერ შევძელით ისტორიის მანძილზე ვერც გეოპოლიტიკური და ვერც გეოეკონომიკური ინტეგრაცია. ამიტომაც ყოველთვის გარეშე ძალა იყენებდა წარმატებით იმას, რაც ჩვენ ვერ შევძელით.
რატომ ვერ შევძელით, რა არის მთავარი ისტორიული შეცდომა?
ჩვენ ხომ ძლიერი დომინანტური მატრიცა - კავკასიელობა გაგვაჩნდა და გაგვაჩნია დღემდე. კულტურულ-ცივილიზაციურმა ინტეგრალურმა ნიშანმა მხოლოდ კავკასიური იდენტობის მეხსიერებაში მყარად ჩაბეჭდვა მოახერხა. ეს სწორედ ის არის, რამაც გადაგვარჩინა და რაც ასე აღუქმელი რჩებოდა კავკასიაში დამპყრობელად მოსულისათვის; მაგრამ კულტურულ-ცივილიზაციური ნიშანი თავისი თვითმყოფადობის მიუხედავად ვერ გახდა გარანტი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტეგრაციისათვის. კავკასიურ ცივილიზაციაში უცვლელი მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე იყო - ორ ზღვას შუა გადაჭიმული სივრცე, რომელიც ისტორიულად ასრულებდა და ასრულებს დღესაც „BORDERLAND”-ის ფუნქციას, კორიდორს, შემაკავშირებელ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აქ ერთმანეთს ხვდებოდნენ იმპერიათა ინტერესები, ზოგჯერ იმსხვრეოდნენ აქ ეს ინტერესები; აქ მოდიოდნენ უფრო აღმოსავლური, ვიდრე დასავლური კულტურები და კავკასიელდებოდნენ, მაშინაც კი, როცა ენას ინარჩუნებდნენ, რადგანაც ძლიერი იყო კავკასიური კულტურის დომინანტური მატრიცა, კავკასიური ღირებულებები - ადიღე ხაბზე, ნოხჩალა,ზნეობრივი კოდექსები, ადათ-წესები, რომელთათვისაც ადამიანი იყო უმაღლესი განზომილება.
ევროპის გეოგრაფიული სივრცე პერიოდულად იცვლებოდა, უცვლელი იყო ინტეგრირების ინტერესები. ევროპული ღირებულებები წარმოშობით კავკასიურია. ის რაც კავკასიელი ხალხებისთვის ორგანული იყო საუკუნეთა მანძილზე, რაც უფრო სრულდებოდა, ვიდრე რომელიმე ქვეყნის კონსტიტუცია, ევროპამ წინააღმდეგობრივი საუკუნოვანი სირთულეებით ძლივს შვა, ისიც მე-20-21-ე საუკუნეთა გასაყარზე.ევროპამ სწორედ ეს ღირებულებები დაუდო საფუძვლად ევროპულ სახლს, რომელში დაბრუნებასაც ჩვენ ასე მივესწრაფვით; ამგვარი ლოგიკით ჩვენ ვბრუნდებით ჩვენსავე სახლში, საკუთარ თავში, საკუთარ ისტორიულ ღირებულებებში და გვგონია, რომ ეს ღირებულებები სხვისია და ახლა უნდა შევიძინოთ. ევროპამ ღირებულებათა ინტეგრალური ნიშანი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტეგრაციის წინაპირობად გამოიყენა; კავკასიას კი ეს დღეს არ შეუძლია, რადგან კავკასიის სუბიექტები განსხვავებულ პოლიტიკურ სივრცეებშია, კავკასიელი ხალხების ცნობიერი ჯერ არ არის მზად, აღიქვას ინტეგრაციის გარდაუვალი აუცილებლობა, კავკასიელი ხალხები დღეს არ იბრძვიან ასეთი მომავლისთვის. უფრო მეტიც, უკიდურესად ნიჰილისტურად არიან განწყობილი ერთიანი კავკასიური სახლისადმი, რომლის ცალკეულ კედლებს ცალკეული ხალხი წარმოადგენს. ხანდახან ეს კედლები, ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთს ამაგრებდნენ, ე.წ. ფსევდოეთნოკონფლიქტებსაც ქმნიან და ანგრევენ იმას სხვათა ხელით, რაც ღმერთა გვიბოძა. ისტორიის სიმკაცრე აქ დავიწყებულია, მხოლოდ დღეის დღით ვცხოვრობთ და არ შეგვიძლია განვჭვრიტოთ მომავალი. გვავიწყდება, რომ იდეა უფრო დღეგრძელია, ვიდრე რომელიმე რეჟიმი; ამ იდეამ გაუძლო საუკუნეებს და კიდევ გაუძლებს, ვიდრე თუნდაც ერთი ხალხი ან ერთი ადამიანი იბრძვის მის განსახორციელებლად. თავისუფლებას ლანგრით არ მოგართმევენ. მის მოპოვებას ოფლი და ძალისხმევა სჭირდება. ეს კი ჩვენი ამოცანაა.
ჩვენ, კონფერენციის მონაწილენი, დღეს მხოლოდ ერთ აგურს დავდებთ იმ ათასწლობით ნაშენებ შენობის კედლებზე, რომელსაც „კავკასიური სახლი“ ჰქვია, რომლის დასრულებასაც კიდევ დიდი დრო და ენერგია დასჭირდება, მაგრამ იგი აუცილებლად აშენდება; ამას ითხოვს ისტორიის კანონზომიერებანი, ისტორიული გარდაუვალობა. მთავარი საკითხავი აქ ის არის, რამდენად სწორად განვჭვრიტეთ ჩვენ, ამ ეპოქის შვილებმა ეს გარდაუვალობა, რამდენად ზუსტად შევაფასეთ რეალობა და ამ რეალობაში კავკასიელი ხალხების შესაძლებლობანი, როგორ ვიღვაწეთ კავკასიური ცივილიზაციის, ბებერი, მაგრამ სასიცოცხლო ენერგიით აღსავსე ცივილიზაციის გადარჩენისათვის, როგორ შევაფასეთ იმ თაობათა და მოღვაწეთა ნაამაგარი, რომლებიც თავს სწირავდნენ კავკასიურ იდეას.
ჩვენ ვსწავლობთ და ვიკვლევთ კავკასიურ ცივილიზაციას, მის მულტილინგვიზმსა და მულტიკულტურალიზმს, მის ბიომრავალფეროვნებას, მის ნედლეულსა და რესურსებს, მის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პერსპექტივებს, მის ფსევდოეთნოკონფლიქტებს, ჩვენ ვამსხვრევთ თავსმოხვეულ სტერეოტიპებს, ნიჰილისტურ განწყობებს - რომლის მიხედვითაც ჩვენ, კავკასიელებს, არ შეგვიძლია საერთო ენის პოვნა, თუ მესამე ძალა არ ჩადგა ჩვენს შორის. ჩვენ გავარღვევთ ურთიერთგაუცხოების კედელს და აუცილებლად გავუწვდით ხელს ერთმანეთს, ჩვენ თუ ვერ შევძელით, მომავალი თაობა შეძლებს; ამისთვის ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული, მათ შორის, კავკასიური ადათები, რომელთა მიხედვითაც ორ ძმას შორის დაპირისპირებას მესამე ძმა აგვარებს და არა მესამე ძალა; ჩვენ, მეცნიერები, ზუსტად შევაფასებთ რისკ-ფაქტორებს, რომელთა მიხედვითაც დღეს უკვე ჩრდილოკავკასიური ენები მინორიტარულ ენათა რიგში დგას და საბოლოო ასიმილაციისაკენ მიექანება; ჩვენ შევქმნით მეცნიერულ საფუძვლებს, წანამძღვრებს იმისათვის, რომ კავკასიის ყოველი ხალხის, ამ ხალხების ყოველი ადამიანის გულსა და ტვინამდე მივიდეს ეს განგაში, აღძრას მასში ეროვნული იდენტობის ტკივილი და ამ გრძნობამ გააზრებული ქმედებისაკენ განაწყოს ყოველი.
მოყირჭებული რიტორიკა იმის შესახებ, რომ ცარისტულმა და შემდგომ საბჭოთა რუსეთმა აგრესიული სამხედრო ქმედებებითა და აგრესიული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული თუ აგრარული რეფორმებით წელში გადატეხა კავკასიური ცივილიზაცია, ყოველგვარ აზრს კარგავს, თუ არ იქნება ახლებურად გადააზრიანებული კავკასიის, როგორც ერთიანი რეგიონის, კავკასიის, როგორც ერთიანი ორგანული სხეულის მომავალი პერსპექტივები. ეს პერსპექტივები კი დღეის გადასახედიდან არ არის მაინცდამაინც საიმედო. დღეს, როცა საერთაშორისო გეოპოლიტიკურ დაფაზე მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების მიერ პაიკებივით გაცვლის საგნად შეიძლება იქცეს თვით ისეთი დიდი სუბიექტებიც კი, როგორიც უკრაინა და ირანია, ეს რეალობა უფრო დიდ კითხვით ნიშანს სვამს კავკასიის საკითხის შესახებ. დღეს მე ვერ ვხედავ ვერც ერთ სუბიექტს კავკასიაში, რომელიც ასე გლობალურად უყურებდეს საკითხს და დგამდეს კონკრეტულ ნაბიჯებს ურთიერთთანამშრომლობისთვის. კავკასიის საკითხი დღეს არ დგას და არ წყდება თვით კავკასიელ ხალხებში, აღარაფერს ვამბობ სახელმწიფო სტრუქტურებზე, კავკასიის საკითხი კავკასიის გარეთ მუშავდება მხოლოდ. შესაბამისად, მისი ანუ კავკასიის ბედი კავკასიელების ინერტულობის გამო არ არის კავკასიელების ხელში. ასეთმა მიდგომამ კი რა შედეგები მოუტანა კავკასიას ისტორიულად ჩვენთვის, მეცნიერთათვის, არ არის უცხო. რომელ პოლიტიკურ სივრცესაც არ უნდა ეკუთვნოდეს კავკასიის სუბიექტები, ისინი უპირველესად ერთი ბუნებრივი მთლიანობის - კავკასიის რეგიონის ქვეყნებია და ამიტომ ისინი ჯერ ერთმანეთში უნდა ინტეგრირდებოდნენ. შეიძლება საქართველოს ან რომელიმე სხვა სუბიექტს დღეს უფრო მეტი პერსპექტივა და მოვალეობა გააჩნია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს მის გამორჩეულობასა და განსაკუთრებულობას. გავიხსენოთ სხვა დრო, როცა ჩრდილო-დასავლეთ კავკასია - ჩერქეზეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასია სისხლს ღვრიდა, ორბელიანი კი ამაყობდა „დაღისტნის მთების“ საგმირო საქმეებს. ამ საქმეებს მხოლოდ ილია ჭავჭავაძე იგლოვდა, მხოლოდ ის ერთი ატარებდა ერთიანი კავკასიის იდეას: როდის იქნება, რომ კავკასის ხალხნი ერთი შტოს შვილები ერთი იდეით ერთი მიზნით გაერთიანდებიან, ამბობს ის „აჩრდილში“. ჩვენთვის, კავკასიელთათვის უნდა გააზრიანებული იქნეს მთავარი ისტორიული შეცდომა: ვერ შეძლო აღმოსავლეთმა და დასავლეთმა ვთქვათ, ამ ომში გაერთიანება, სამხრეთი კი საერთოდ აცდა ისტორიულ აუცილებლობას. ასეთი იყო კავკასიის ისტორიის სხვა უფრო წინარე ეპოქების შეცდომები, ასეთია ის დღესაც. კვლავ დღის წესრიგში დგას ფარნავაზის, ლეონტი მროველის, ილიას, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, გამსახურდიას და სხვათა საზრუნავი. ის დღეს ჩვენი თაობის სასიცოცხლო ამოცანაა.
ვფიქრობ, დადგა დრო, როცა უნდა დავასკვნათ, რომ ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გაყინული თუ დენთის კასრზე შემდგარი ფსევდოეთნოკონფლიქტები დაპირისპირებაში მყოფ არც ერთ ეთნოსს არ მოუტანს წარმატებას, მას მინსკისა თუ სხვა სამიტები ვერ მოუტანს პერსპექტივას, კონფლიქტი ორივე მხარისთვის კრახით დამთავრდება. ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული არის სხვა ძალა, ინსპირატორი.
რადგან სახელმწიფო ინსტიტუციებს გარკვეული მიზეზების გამო არ სურს და არც შეუძლია საკითხის მოგვარება, არის ერთი ძალა, იგი ძალაზე მეტია, იგი ისტორიის შემოქმედია - ეს არის ხალხი. თუ ის გაიაზრებს თავის მომავალს და გადაწვეტს იმოქმედოს, მას ვერანაირი სისტემა თუ რეჟიმი ვერ დააბრკოლებს. კავკასიურ ზნეობრივ კოდექსებში, ადათ-წესებში, ყოფისა და კულტურის ისტორიულ ფორმებში, რომლებიც, საბედნიეროდ, ვერც ერთმა მოსულმა ვერ მოსპო ბოლომდე, სწორედ მასში არის ძალზე დიდი რესურსი სამოქალაქო ინსტიტუციებისათვის და სწორედ მას სჭირდება მოქმედებაში მოყვანა - ცვლილება ქვემოდან ყოველთვის მთავრდება ცვლილებით ზემოდან და ქვედა ფენის ინტერესების სასარგებლოდ. ასე მესახება კავკასიის უახლოესი მომავალი - ვიდრე ჩვენ: აფხაზები, ქართველები, ოსები, აზერბაიჯანელები და სომხები არ გავაცნობიერებთ, რომ ერთი სახლის შვილები ვართ და ჭერი თავზე გვენგრევა, ვიდრე ჩვენ ურთიერთინტერესების დანახვას ვერ შევძლებთ,ვიდრე არ გადავდგამთ ურთიერთმიტევების ნაბიჯებს, ვიდრე არ დავანგრევთ საბჭოთა ცნობიერების ნარჩენებს ჩვენსავე ცნობიერებაში, მანამდე არ იქნება პერსპექტივა ერთი მთლიანობის - კავკასიის არც ერთი წევრისათვის, მანამდე ვერ შეძლებს კავკასია ეკუთვნოდეს თავის თავს და ასრულებდეს საკუთარ გეოპოლიტიკურ, გეოეკონომიკურ თუ კულტურულ-ცივილიზაციურ ფუნქციებს, მანამდე იგი მხოლოდ პაიკის ფუნქციას შეასრულებს მსოფლიო გეოპოლიტიკურ დაფაზე, პაიკს კი ხანდახან ისტორია სანაგვის ყუთშიც აგდებს.
გეოპოლიტიკასა და გეოეკონომიკაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ინტეგრაციის მხოლოდ ამ ორი ვექტორის სრულყოფილი ფუნქციონირება შეაპირობებს მესამისა და, ვთვლი, უმთავრესის - კულტურულ-ცივილიზაციური ვექტორის სრულ ფუნქციონირებას.
კავკასიას გააჩნია მდიდარი ბუნებრივი რესურსები, კავკასიის ქვეყნებს შეუძლიათ ურთიერთსარგებლობის მოტანა ამ რესურსების რეალური ათვისებით: ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, თითქოს არაფერი გაგვაჩნია.
კავკასიის ქვეყნებს შეუძლიათ შეასრულონ ბოქლომისა და გასაღების ფუნქციები საერთაშორისო გეოეკონომიკურ არენაზე (მაგალითად, საქართველოსა და აზერბაიჯანს), რათა შეასრულონ მეგა გეოპოლიტიკური ენერგოსატრანზიტო ფუნქციები. გეოეკონომიკური სატრანზიტო კვეთები ოთხივე კუთხით უნდა განხორციელდეს: ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (მაგალითად, ენერგორესურსები ჩრდილოეთიდან სომხეთისაკენ), აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ (ბაქო- ჯეიჰანი), მაგრამ ამის საფასური არ უნდა იყოს გეოეკონომიკურ ორბიტაში მოქცეული კავკასიის სუბიექტების - სახელმწიფოების სუვერენიტეტი, აქ არ უნდა ეთამაშებოდეს რუსეთი ევროპას მოტივით: როცა მინდა მაშინ გადავკვეთ ენერგო ტრანზიტს, მაგალითად, აქვე გორთან. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ასეთია რეალობა, რადგან, როგორც აღვნიშნე, დღეს არ არიან კავკასიის სუბიექტები ურთიერთინტერესებით გამსჭვალული; ისინი თავიანთი გადარჩენის გზებს მხოლოდ კავკასიის გარეთ ეძებენ და არა შიგნით.
კავკასიას გააჩნია გეოპოლიტიკური რესურსები; ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რომლის მიხედვითაც ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი თავის მართვა და აუცილებლად რომელიმე დიდი პოლიტიკური მოთამაშის გათითოებული პაიკი უნდა ვიყოთ.
და ბოლოს, კავკასია არის მსოფლიო ცივილიზაციათა შორის ერთ-ერთი თვითმყოფადი ცივილიზაცია, რომლის სასიცოცხლო ენერგიები კავკასიური სიცოცხლის ხის მსგავსია; მას ისტორიამ შემოამტვრია, დაულეწა ტოტები, მაგრამ გული ვერ მოკლა და ფესვები ვერ გადაჭრა. კავკასიას კვლავ შეუძლია გააოცოს მსოფლიო დღემდე დაფლული, დამარხული საიდუმლოებებით, ზეზვა და მზიათი, დამწერლობის, როგორც ცივილიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმით, ახალი, უახლესი აღმოჩენებით, რომლებიც ჩვენს სამეცნიერო ფორუმზე იქნება წარმოდგენილი. ყველა ეს აღმოჩენა კულტურულ-ცივილიზაციურია, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს ცალკე კულტურულ-ცივილიზაციური პარამეტრი ორი ასევე უმთავრესი პარამეტრის: გეოპოლიტიკურისა და გეოეკონომიკურის გარეშე. თუ რკინას ვამუშავებდით, ე.ი. მისი დანიშნულებაც არსებობდა, თუ ურუქის კულტურაზე ძველ კულტურას ვქმნიდით, ე.ი. ურთიერთობებიც გვქონდა სხვა ცივილიზაციებსა და კულტურებთან.
გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური ფაქტორები კულტურულ-ცივილიზაციურთან ერთად სამერთიან სისტემას ქმნიან და თუ რომელიმე ამ სისტემაში მოიშლება, საფრთხე ექმნება მის - ცივილიზაციის - მთლიანობას. ასეთი საფრთხეები იდგა კავკასიური ცივილიზაციის წინაშე არაერთგზის და ასეთივე დგას დღეს.
მინდა მოკრძალებით და არა მენტორულად (მე ამის უფლება არ გამაჩნია), მივმართო მეცნიერებს: ჩააყენონ ინტერდისციპლინარული კვლევები, მეცნიერება, როგორც ჭეშმარიტების საზომი, კავკასიური ცივილიზაციის შესწავლისა და გადარჩენის, მისი ფუნქციის განახლების საქმეში; გადასინჯონ ყალბი საბჭოთა ისტორიოგრაფია და შექმნან მიუკერძოებელი, პირნათელი ისტორია კავკასიის ცივილიზაციისა; უკვე დავიგვიანეთ;
მინდა მივმართო კავკასიის ქვეყნების დღევანდელ და მომავალ ხელისუფალთ: გაითვალისწინეთ ჩვენი ისტორიული ბედისწერა და ისე იმოქმედეთ მომავლისათვის, რომც არ შეგეძლოთ, ღმერთმა შეგაძლებინოთ;
მინდა მივმართო კავკასიელ ხალხებს, ჩვენ ერთი ბუდიდან გადმოგვყრის ისტორია, თუ ამ ბუდეში ერთმანეთის მომავალს დავამსხვრევთ. დღეს მსოფლიო თითქოს ეხვევა ცივილიზაციათა ომში - შევხედოთ მოვლენებს ახლო აღმოსავლეთში, ის ჩვენთან ძალზე ახლოს არის და ჩვენც გვეხება, მაგრამ არ არსებობს მარადიული ომი; ევროპამ თავის წიაღში შვა ფაშიზმი და თავისსავე თავში, ცნობიერებაში დაამარცხა იგი; მხოლოდ ამის შემდგომ შეძლო ღირებულებათა სისტემაზე აგებული სახლის აშენება. იმ სახლის მკვიდრთ შეუძლიათ კარი გაგვიღონ, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ ჩვენ ნაცვლად ააშენონ ჩვენი სახლი. დავამარცხოთ ჩვენს თავში საბჭოთა თუ ცარისტული ცნობიერი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვართ ტუზემცი, დიკი ნაროდ .... და გადავდგათ ურთიერთთანამშრომლობის ნაბიჯები. ცხადი ხდება, რომ სწორედ კულტურულ-ცივილიზაციურ ფენომემს გვიმცირებდნენ გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ამოცანები რომ განეხორციელებინათ. ჩვენ ვართ ჩვენი ისტორიის შემოქმედნი და თუ მას არ შევქმნით, თუ ჩვენ არ დავწერთ, ისტორია თავად ჩამოგვწერს.
მინდა მივმართო ახალგაზრდა თაობას კავკასიის ყველა ქვეყანაში: თქვენა ხართ ის ყლორტი, რომელიც კავკასიის სიცოცხლის ხის ძირზე ამოვიდა და არა დამტვრეულ ტოტებზე; სწორედ ამიტომ თქვენ იკვებებით ჭეშმარიტი, კავკასიური მენტალობით, რომელიც ტოლერანტიზმსა და მშვიდობიან თანაარსებობაზეა დამყარებული. თქვენ, საქართველოს ახალგაზრდებო, თავისუფლებაში ხართ დაბადებულნი და ვეღარავინ დაგაბრუნებთ მონობაში. თავისუფლების სიტკბოს აზიარეთ თქვენი თანამოძმენი; ააშენეთ ახალი კავკასია, რომელშიც ყველა ქვეყანა თანაბარი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს გლობალიზაციის თანამდევი პროცესის - რეგიონალიზაციის - პრინციპების სამართლიან განხორციელებას, გადაარჩინეთ ხალხთა მუზეუმი, ენათა მთა მუზეუმად ქცევისა და ისტორიის მტვრის საფარველისაგან; ახალი სიცოცხლე ჩაჰბერეთ კავკასიას; განსაზღვრეთ, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა მართლა ჩვენი უბედურება კი არ არის, არამედ პერსპექტივაა კავკასიისა საერთაშორისო არენაზე ფუნქციონირებისათვის.
ახლა ეს მსჯელობა აბსურდად, ყველაფერი შეიძლება მირაჟად გეჩვენებოდეთ, მაგრამ დაამსხვრიეთ ნიჰილიზმი, რომელსაც ტვინში გვინერგავდნენ, გადავდგათ ნაბიჯები და მივუახლოვდებით თუ არა მირაჟს, აღმოაჩენთ, რომ რეალობაა.
მომავალი თქვენ ხელთაა.
28.08. 2015.