გამოსვლა პარლამენტში:
კავკასიოლოგიის თანამედროვე გამოწვევები
მოგესალმებით, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, აღმასრულებელი ვერტიკალის წარმომადგენლებო, მოწვეულო სტუმრებო, სრულიად საქართველო და სრულიად კავკასია!
დღევანდელი სხდომა დასტურია იმისა, რომ საქართველო კავკასიის გულია და კავკასიოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებული ცენტრი. კავკასიის შესწავლაში ორი
ეტაპი უნდა გამოიყოს - 1. უძველესი პერიოდიდან მე-19 საუკუნემდე და 2. მე-19 საუკუნიდან დღემდე. 1-ლი პერიოდი მეტ-ნაკლებად მოკლებულია მეცნიერულ საფუძვლებს და ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული გვიდასტურებს კავკასიის რეგიონის უნიკალურობას მისი ბიომრავალფეროვნებით, მულტილინგვიზმით, მულტიკულტურითა და მდიდარი ნედლეულით, განსაკუთრებული ადგილითა და როლით აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გასაყარზე. მე-2 პერიოდიდან კი იწყება კავკასიის შესწავლა ემპირიული მასალის, სისტემისა და მეთოდის მიხედვით მეცნიერების ყველა იმ დარგის მიერ, რომლებიც შეისწავლის რეგიონს კომპლექსურად - გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და კულტურულ-ცივილიზაციური ასპექტებით.
კავკასიისადმი მეცნიერული ხედვა ყოველთვის მომართული იყო ორგვარად - შორიდან - დისტანციურად და თვით კავკასიიდან. კავკასიას სწავლობდნენ და სწავლობენ დღესაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები დასავლეთსა და აღმოსავლეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთში. კავკასიას განსაკუთრებული ინტერსით შეისწავლიან კავკასიის რეგიონში ისტორიის მანძილზე პოლიტიკურად მოთამაშე დიდი სუბიექტები - ირანი, თურქეთი და განსაკუთრებით - რუსეთი, რომლის იურისდიქციის ქვეშაა დღეს ჩრდილოეთ კავკასია და რომელსაც დღეს სამხრეთ კავკასიაშიც გააჩნია თავისი „შიდა სამზარეულო“ ეთნოკონფლიქტების სახით, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასია დღეს სხვა პოლიტიკური სივრცეა. ბუნებრივია, რომ რუსეთი დიდ რესურს ხარჯავს კავკასიის შესწავლაში ანუ კავკასიოლოგიის განვითარებისათვის და ამას უწოდებს „სამამულო კავკასიოლოგიას“ (მ. ალექსეევის Очерки истории отечественного кавказоведения, Москва, 2008). უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის შესწავლაში უდიდესი წვლილი შეიტანა სწორედ რუსეთმა, რადგან მისი მიზანი სცდებოდა სამეცნიერო ინტერესებს და ეს შესწავლა საფუძვლად ედებოდა კავკასიის რეგიონის ათვისებას სამხედრო, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული, პოლიტიკური, კულტურულ-ცივილიზაციური კუთხით და განსაკუთრებით ნედლეულის თვალსაზრისით. კავკასიის გეოგრაფიული მახასიათებლები იყო კავკასიელი ხალხების თვითმყოფადობის, ცხოვრების სტილისა და წესის განმსაზღვრელი. კავკასიის რეგიონის ბუნებრივი მრავალფეროვნება, მდიდარი სასარგებლო წიაღისეული, ტყვია-თუთიის, სპილენძისა და მოლიბდენის, რკინის, ალუნიტების, მანგანუმისა და ქვანახშირის, ოქოსა და ვერცხლის საბადოები ანდამატივით იზიდავდა დამპყრობლებს.
XIX საუკუნეში თბილისში გამოიცემოდა რუსეთის იმპერიის მეცნიერებათა აკადემიის პერიოდული გამოცემები Сборник материалов по описании местности и племен Кавказа, Кавказский Календарь და სხვა სამეცნიერო პუბლიკაციები. ხაზი ესმებოდა თბილისის პრიორიტეტს კავკასიის ქალაქებს შორის; ამას გააჩნდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ეს არ იყო ქართული კავკასიოლოგია, ეს იყო მეტროპოლიის ხედვა კავკასიის შესწავლისა და საბოლოო ათვისების საქმეში. ჩრდილოეთ კავკასია XIX საუკუნეში აგრძელებდა ბრძოლას იმპერიის წინააღმდეგ, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები კი კარგა ხნის განეიტრალებული იყო და, ამავდროულად, ჩრდილოეთთან შედარებით სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ თბილისში გაცილებით მეტი რესურსი არსებობდა კავკასიოლოგიური კვლევებისათვის. მეტროპოლიის ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი ძალზე დიდი იყო, რადგან დიდი იყო მიზანი კავკასიის გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და კულტურულ-ცივილიზაციური ვექტორების შესასწავლად და კავკასიის ასათვისებლად. ამ პერიოდის შრომების რეზიუმე ასეთია - კავკასია გეოპოლიტიკურად იმპერიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია, გეოეკონომიკურად - ნედლეულით, სასარგებლო წიაღისეულითა და ენერგორესურსებით ყველაზე მდიდარი რეგიონი, მაგრამ კულტურულ-ცივილიზაციური ასპექტებით „დაასკვნა“, რომ ეს არ არის ცივილიზაცია და კავკასიის ხალხები არიან „ჩამორჩენილი“, „ველური“ ხალხები. იმპერიის იდეოლოგიური მანქანა ამუშავდა იმ მიმართულებით, რომ გამართლებული ყოფილიყო რუსეთის ექსპანსია კავკასიაში და „მონათლულიყო“ როგორც განმანათლებლისა და ცივილიზაციის შემომტანის შემოსვლა რეგიონში.
ილია ჭავჭავაძის იდეა ქართული უნივერიტეტის დაარსების შესახებ კადეტთა კორპუსის მოთხოვნით ჩაანაცვლა ქართულმა არისტოკრატიამ იმპერატორ ალექსანდრე II-ის წინაშე; დამოუკიდებელი საქართველოს პირმშო კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, რომლის დამაარსებლის - ივანე ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული ქართული კავკასიოლოგიური სკოლისთვის ბალავარის მომზადება. ივ. ჯავახიშვილი 1937 წელს წერდა: „რაკი გამოირკვა, რომ ე. წ. კავკასიური ენები ჩვენი წინაპრების მოძმე ტომთა ენები ყოფილა, ყოველი განათლებული ქართველი ვალდებულია ამ ენების და ტომების ისტორია ისევე იცოდეს, როგორც თავისი ერისა და ქვეყნის“. ქართველი ერის ეთნოგენეზის საკითხის შესწავლა და გადაწყვეტა მეცნიერს მხოლოდ კავკასიური ცივილიზაციის კონტექსტში მიაჩნდა შესაძლებლად. მას მიაჩნდა, რომ ეს უმაღლესი სასწავლებელი უნდა ქცეულიყო სასწავლო და კვლევით ცენტრად მთელი კავკასიისთვის. უნივერსიტეტის დაარსებისთანავე დაიწყო კავკასიური ენების შესწავლა და სწავლება. 1924 წლიდან უკვე ისწავლებოდა აფხაზური ენა, თავდაპირველად კურსს უძღვებოდა დიმიტრი გულია. 1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა მსოფლიოში პირველი კავკასიურ ენათა კათედრა. ლინგვისტური კავკასიოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში არის აკადემიკოსი არნ. ჩიქობავა. მან განსაზღვრა კავკასიურ ენათა მეცნიერული შესწავლის მნიშვნელობა, განსაზღვრა კონკრეტული ამოცანები და მეთოდები, ჩამოაყალიბა საპროგრამო ხასიათის დებულებები, შექმნა სპეციფიკური ტერმინოლოგია, დიალექტურ მასალათა გასათვალისწინებლად უპირატესობა მიანიჭა დესკრიფციულ მომენტს და სხვა. თავდაპირველად კათედრა შედგებოდა სამი წევრისაგან: ვ. თოფურია ასწავლიდა ლაკურ ენას, სიმონ ჯანაშია - აფხაზურს, არნ. ჩიქობავა - ხუნძურს. ნელ-ნელა კათედრა 20 თანამშრომლამდე გაიზარდა, პროფესორებს იწვევდნენ ენათმეცნიერების ინსტიტუტიდანაც. სასწავლო გეგმა მოიცავდა ოთხ კომპონენტს: ზოგადენათმეცნიერულს, ისტორიულს, ფილოსოფიურს და, რაც მთავარია, იბერიულ-კავკასიურს. 1933 წლიდან 1939 წლამდე კავკასიურ ენათა კათედრასთან ერთად ფუნქციონირებდა აღმოსავლურ ენათა კათედრა. კათედრის გამგე იყო არნ. ჩიქობავა, კათედრის მდივანი - გიორგი წერეთელი. 1946 წელს შეიქმნა რუსული სექტორი, რომელზეც სწავლობდნენ ადიღელი, ყაბარდოელი, აფხაზი, ხუნძი, ლაკი, ჩეჩენი, ინგუში და სხვა ეთნოსების წარმომადგენელი სტუდენტები.
ამ პერიოდის კავკასიოლოგიამ საქართველოში აკადემიკოს არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით შეასრულა უმთავრესი სამეცნიერო და სასწავლო ამოცანები: ჩამოყალიბდა იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების მეცნიერული კონცეფცია; აღწერითი და ისტორიულ-შედარებითი მეთოდით გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა იბერიულ-კავკასიური ენა, მომზადდა სასწავლო დისციპლინები, მომზადდა სხვადასხვა სახის ლექსიკონები კავკასიის ენებისათვის, დამუშავდა შედარებითი გრამატიკები და სხვა სახის სამეცნიერო კვლევები. მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში 1936 წელს ჩამოყალიბდა მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილება. აქ სტუდენტები კავკასიის ყველა ქვეყნიდან აგრძელებდნენ სწავლას ასპირანტურაში, იცავდნენ დისერტაციას და აგრძელებდნენ სამეცნიერო საქმიანობას თავიანთ ქვეყანაში. საქართველო რეალურად იყო კავკასიოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებული ცენტრი. კავკასიის რეგიონის ყველა სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში მოღვაწეობდნენ ქართული კავკასიოლოგიური სკოლის აღზრდილი სპეციალისტები. საქართველო კავკასიოლოგთა მომზადებისა და ამ მიმართულების სამეცნიერო კვლევების განმსაზღვრელი ცენტრი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიოლოგთა ამ თაობას ჰქონდა სახელმწიფოსგან მუდმივი მხარდაჭერა, რადგან ხელისუფალთ კარგად ესმოდათ ამ დარგის სტრატეგიული მნიშვნელობა. ქართული კავკასიოლოგიური სკოლის აღიარების კვალდაკვალ ჩრდილოკავკასიელი სტუდენტები სასწავლებლად ჩამოდიოდნენ თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში: კონსერვატორიაში, სამხატვრო აკადემიაში... აქ აღზრდილი სპეციალისტები საქართველოდან ბრუნდებოდნენ თავიანთ ქვეყნებში, როგორც უმაღლესი რანგის პროფესიონალები და, ამავდროულად, მშვიდობის დესპანები. იკმარებდა სერგო ქობულაძის მოსწავლის, საქვეყნოდ აღიარებული მხატვრისა და მწერლის თეუჩეჟ ყატის დასახელება. მისთვის საქართველო სამშობლოა.
ლინგვისტური კავკასიოლოგია დაარსებისთანავე კონცეპტუალური წინააღმდეგობების ველში მოექცა. პ. უსლარი - კავკასიურ ენათა უპირველესი მკვლევარი - თავიდან აღიარებდა კავკასიურ ენათა ნათესაობას, მოგვიანებით კი შეიცვალა მეცნიერული პოზიცია პოლიტიკური მოტივაციით. ლინგვისტიკა პოლიტიკა არ არის, მაგრამ ცხადი ხდება, რომ იგი შეიძლება გახდეს პოლიტიკის მძევალი მეტროპოლიის ხელში და ასცდეს კიდეც ჭეშმარიტების გზას. ამის ნათელი დადასტურებაა გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩამოყალიბებული პრაღის საენათმეცნიერო წრე, რომელშიც წარმოდგენილი იყვნენ მოსკოვიდან პოლიტიკური პროცესების შედეგად მიგრირებული მეცნიერები. მათ შექმნეს გეოლინგვისტიკაში ევრაზიულობის თეორია. ენათა ნათესაობისა და ენათა დანათესავების კონცეპტუალური საკითხები გახდა ის სამეცნიერო საპოლემიკო ღერძი, რომლის ირგვლიცაც ვითარდება კავკასიოლოგია წინააღმდეგობრივად და სწორედ ამიტომ, ვიტყოდი, ქართული კავკასიოლოგიური სკოლისათვის წარმატებულადაც. ლინგვისტიკის ისტორიიდან ცნობილია, როგორ შევიდა ჩიხში ევრაზიულობის გეოლინგვისტური თეორია (ტრუბეცკოი, მარი, იაკობსონი...), რომლის მეცნიერული კრიტიკა გახდა არნ. ჩიქობავას მოღვაწეობის ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანა. იბერიულ-კავკასიურ ენათა ნათესაობის საკითხი გახდა ზოგადენათმეცნიერული თვალსაზრისითაც გადამწყვეტი, რადგან ზოგადად ენათა ნათესაობის საკითხის შესახებ სამეცნიერო პოლემიკა მიემართებოდა სწორედ კავკასიოლოგიას. ინდოევროპეისტიკისა და სემიოტიკისათვის ინდოევროპული ენების ნათესაობის საკითხი კარგა ხნის გადაწვეტილი იყო, ისევე როგორც სემიტურ ენათა ნათესაობის საკითხი. რუსული საენათმეცნიერო სკოლა უალტერნატივოდ ტოვებდა ტრუბეცკოის მიდგომას, რომ ჩრდილოკავკასიური ენები ურთიერთმონათესავეა, მაგრამ არამც და არამც არ არის მონათესავე სამხრეთ კავკასიური ენებისა. ქართული კავკასიოლოგიური სკოლა იკვლევდა იმას, რაც იმანენტურადაც ნათელი იყო ემპირიული მასალის, მეთოდოლოგიისა და სისტემის მიხედვით - იკვლევდა პალეოკავკასიურ - იბერიულ-კავკასიურ ენათა ნათესაობის საკითხს მოყოლებული ივ. ჯავახიშვილიდან და არნ. ჩიქობავადან დღემდე. დღეს ქართული კავკასიოლოგიური სკოლის მკვლევრების, ვიტყოდი, კომპარატივისტიკის ცოცხალი კლასიკოსი მეცნიერების (ჩუხუას, აბაშიას, არდოტელის, შენგელიას და სხვათა) სამეცნიერო შედეგები იბერიულ-კავკასიურ ენათა ნათესაობის საკვანძო საკითხს კონცეპტუალურად გადაჭრილად წარმოგვიდგენს. განსაკუთრებულია პროფესორ მიხეილ ქურდიანის წვლილი იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების თეორიული საფუძვლების მომზადებაში.
როგორც ვხედავთ, კავკასიოლოგიაში გადაიკვეთა სამეცნიერო სკოლათა ინტერესები, ისევე, როგორც კავკასიაში იკვეთებოდა იმპერიათა ინტერესები ისტორიის მანძილზე. კავკასიის კვლევა კავკასიის ცენტრებისათვის ვერ იქნებოდა თავისუფალი და დარტყმის გარეშე კავკასიის გარედან და კერძოდ, მეტროპოლიაში არსებული კვლევების ცენტრის მხრიდან. მეცნიერების პოლიტიზირება დამღუპველია მეცნიერებისათვის, მაგრამ მეცნიერთა დასკვნები, ვფიქრობ, სწორედ ის ბაზისი უნდა იყოს, რაზედაც უნდა მკვიდრი საფუძვლით დაშენდეს სახელმწიფოებრივი ხედვა. კავკასიოლოგიისადმი ხედვა ჩრდილოეთიდან იყო იმგვარი, რომ ეს დარგი უნდა გამხდარიყო კავკასიის საბოლოო ათვისებისა და ასიმილირების უმტკივნეულო ინსტრუმენტი. ამიტომაც არ იშურებდნენ ფინანსურ და სხვა სახის რესურსებს. 1960 წელს მოსკოვში ჩატარდა ორინტალისტთა მე-2 კონგრესი. გადამწყვეტი მნიშვნელობის გახდა ეს ფორუმი ქართული კავკასიოლოგიური სკოლისათვის. საქართველოში შეიქმნა არნ. ჩიქობავას სამეცნიერო კონცეფციის - იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების - საპირწონე, ამ მიმართულების მეცნიერთათვის არამც და არამც არ არის არც ნათელი და არც თავისთავადი იბერიულ-კავკასიურ ენათა ნათესაობა, მიუხედავად იმისა, რომ არ ფლობენ და არ და ვერ იკვლევენ არც ერთ ჩრდილოკავკასიურ ენას, არ შემოდის ეს მათი კვლევის სფეროში. ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც გამოვკვეთე, თუ რა რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე ველში გვიხდება მუშაობა დღემდე კავკასიოლოგებს. შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის ეს დეტალები არ იყოს ბოლომდე გასაგები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, კავკასიოლოგია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარგია ყველა ქვეყანაში, სადაც კი არის ის დაარსებული, რადგან ამ დარგის სამეცნიერო მიღწევები ედება საფუძვლად იმ პოლიტიკურ კალეიდოსკოპს, რომლითაც კავკასიას უჭვრეტენ აღმოსავლეთ-დასავლეთიდან თუ ჩრდილოეთ-სამხრეთიდან, წარმოიდგინეთ, ოკეანის გაღმიდანაც კი. ეს სახელმწიფოები მნიშვნელოვანი რესურსების აკუმულირებას ახდენენ კავკასიოლოგიის განვითარებისათვის, რასაც ვერ ვიტყოდი კავკასიის რეგიონის ვერც ერთ სუბიექტზე, თვით საქართველოს ჩათვლით. სამხრეთ კავკასიის სუბიეტებიდან აზერბაიჯანი და სომხეთი ჩანასახის სახით წარმოგვიდგენენ კავკასიოლოგიას. ერთადერთი ფუნდამენტური სკოლა კავკასიოლოგიისა საქართველოშია, ოღონდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს დარგი არ არის დღემდე საქართველოს სახელმწიფოს სასწავლო-სამეცნიერო რეალური სტრატეგიის ნაწილი. დეკლარირებული სტრატეგიაც კი ოდენ ქაღალდზე რჩება. არც არანაირი რესურსი სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს ამ დარგის განვითარებისათვის. სამეცნიერო თვალსაზრისის გამოწვევების გარდა, როგორც ვხედავთ, დარგის წინაშე დგას სხვა სახის, კერძოდ, დარგის განსავითარებლად არსებული რესურსების სწორი დაგეგმვისა და გამოყენების საკითხებიც. ეს უფრო მწვავე გამოწვევაა, ვიდრე სამეცნიერო პოლემიკა, რომელსაც ჩვენ, მეცნიერები უმტკივნეულოდ ვუმკლავდებით ჩვენივე კომპეტენციითა და ძალებით, მეცნიერული პრინციპებით. მაგრამ დღეს ვსაუბრობთ სწორედ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს ანუ მეცნიერთა ძალებს აღემატება და რომლებიც სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების სფეროს უნდა წარმოადგენდეს.
ვიდრე თანამედროვე კავკასიოლოგიის პრობლემათა და გამოწვევათა შესახებ მივაპყრობ თქვენს ყურადღებას, უნდა აღვნიშნოთ, რა ეტაპზეა და თვისობრივად როგორია თანამედროვე კავკასიოლოგია. როგორია ახალი თაობის კავკასიოლოგია, კერძოდ, ქართული კავკასიოლოგია საბჭოთა კავშირის დემონტაჟის შემდეგ. რას გვკარნახობს ისტორიული კანონზომიერება? გეოპოლიტიკურ სივრცეებში სოციალურ-პოლიტიკური კატაკლიზმების გარდაუვალი მოლოდინი და ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ ჩვენი ცივილიზაციის გადასარჩენად. ეს გზა კი, უპირველესად, მეცნიერებასა და განათლებაზე გადის. ამიტომ მეცნიერებისა და განათლების სწორი დაგეგმვა არის მიზანმიმართული სახელმწიფოებრივი სტრატეგიის გარანტი და, შესაბამისად, პოზიტიური შედეგების გარანტიც. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2005-6 წლამდე პერიოდი კავკასიოლოგიისათვის მძიმე და ქაოტური იყო, ისე, როგორც მეცნიერების სხვა დარგებისათვის. მძიმე პოლიტიკური და სოციალური პრობლემები აისახა ამ დარგის განვითარებაზე და თუ ვიტყვით, რომ შეჩერდა კიდეც ეს განვითარება, არც ეს იქნება უმართებულო. არ არსებობდა დარგის განვითარების კონცეპტუალური ხედვა, ინერციით შენარჩუნებულ იქნა ის მიღწევები, რომლებიც დარგს გააჩნდა, რადგან ეს მიღწევები უკვე მეცნიერების კუთვნილება იყო და ვეღარაფერი შეცვლიდა, მაგრამ საგანმანათლებლო თვალსაზრისით უმძიმესი პერიოდი გახლდათ. შეწყდა კავკასიოლოგიის რუსულ სექტორზე ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების მიღება, შეწყდა სამეცნიერო რეგიონალური სესიები, რომლებიც 2 წელიწადში ერთხელ იმართებოდა კავკასიის სხვადასხვა ქალაქში; აფხაზეთში კონფლიქტის გამო შეწყდა აფხაზი სტუდენტების სწავლება ჩვენს მიმართულებაზე. შემცირდა ახალი სამეცნიერო შრომების რაოდენობა. ჩრდილოეთ კავკასია და სამხრეთ კავკასია სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა სასწავლო-სამეცნიერო თვალსაზრისითაც. ჩვენ წინაშე გაცილებით რთული ამოცანები დადგა, ვიდრე ეს დარგის ჩამოყალიბების დროს ივ. ჯავახიშვილისა და არნ. ჩიქობავას წინაშე იდგა. ჩვენ კი არც ჯავახიშვილი ვიყავით და არც ჩიქობავა. ახალ გეოპოლიტიკურ სივრცეში ახალი იმპერიალისტური მოდელის კვლავშესაქმნელად მეტროპოლია „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკას ახლა სწორედ მეცნიერებით ატარებდა. მის მიერ ამუშავებული, გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩადებული ნაღმები ე. წ. ეთნოკონფლიქტების სახით არ იყო საკმარისი. სწორედ ის დარგი უნდა ჩაძირულიყო, რომელიც კავკასიური ცივილიზაციის შემსწავლელი დარგია. ეს უფრო ადვილად განსახორციელებლელს გახდიდა მათს ამოცანებს. საქართველო ბეწვის ხიდზე გადიოდა და გადის დღესაც თავისუფლებისა და დემოკრატიის გზაზე. საქართველო დემოკრატიის „რეციდივია“ ჩრდილოეთისათვის და ამიტომაც ისჯება კიდეც ფსევდოეთნიკონფლიქტებით. არ იყო მოულოდნელი და გასაკვირი, რომ კავკასიოლოგიასაც ამ კრიტიკულ პერიოდში შექმნოდა პრობლემები, გატარებულიყო დივერსიული ქმედებები დარგის მიმართ, რომ იგი დაშლილიყო და ერთ პატარა მოდულად - კავკასიური ენები - შეერთებოდა სხვა მიმართულებას. 2006 წლის საგანმანათლებლო რეფორმებისა და აკადემიური კონკურსების შედეგად კავკასიურ ენათა კათედრაზე სულ სამი აკადემიური თანამდებობა გამოიყო, ნაცვლად 2 ათეულისა, ხოლო კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრიდან ერთი აკადემიური თანამდებობა დარჩა. ამ დრომდე თსუ-ში არსებობდა ორი კათედრა, კავკასიის შემსწავლელი, ერთი ძველი - კავკასიურ ენათა კათედრა და მე-2 შედარებით ახალი, პოსტსაბჭოთა პერიოდის პირმშო - კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრა (დაარსდა 1993 წელს), რომელსაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი სასწავლო-სამეცნიერო პრობლემები გააჩნდა. უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში (ეს ჩემთვის კვაზიმეცნიერული იყო), ითესებოდა შავი აჩრდილივით მოარული აზრი, რომ კავკასიის ხალხთა ისტორია არ არსებობს, რომ იგი რუსეთის ისტორიის ნაწილია (თითქოსდა, მე-16 საუკუნემდე კავკასიას ისტორია არ გააჩნდა; ასევე, უფრო უპრიანი და პროგრამულად გამართლებული იქნებოდა, თუ კავკასიურ ენათა მიმართულება ლინგვისტურ მიმართულებას მიუერთდებოდა (მოკლედ, როგორც მხოლოდ საკვლევი ობიექტი, მასალა). ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო იმდროინდელი სახელმწიფოს რეფორმატორების მოთხოვნა და აზრი, მიმაჩნია, რომ ეს იყო ის ძალები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ, არიან და, როგორც ჩანს, იქნებიან კიდევ კარგა ხანს აკადემიურ სივრცეში, რომელთათვისაც კავკასიური ცივილიზაცია არ არსებობს და იგი მითია, რომელთათვისაც კავკასია და კავკასიელები „დაბალი რანგის ეთნოსები არიან“ (არ გავიმეორებ მათ მიერ გამოყენებულ ეპითეტებს) და როგორ შეიძლება ჩვენი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის მათთან გათანაბრება. ეს მიდგომა, გარდა იმისა, რომ მეცნიერულ კრიტიკას, უბრალოდ, ვერ უძლებს, ძალზე მოგვაგონებს სწორედ იმ შეფასებებს, რომელსაც მე-19 საუკუნეში ამკვიდრებდა დამპყრობელი.
ერთი რამ ცხადი გახდა, კავკასიოლოგებს სხვა მხრივაც ბევრი გვქონდა სამუშაო, კერძოდ, იმ მიმართულებით, რომ შეგვეცვალა საბჭოთა ცნობიერება; პროფესორებში ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ახალი თაობისთვის კი უნდა გვესწავლებინა სწორედ ის, რაც არის რეალობა და ჭეშმარიტება და არა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ლაბორატორიებში მომზადებული კვაზიმეცნიერული ოპუსები. ეს კი არ იყო მარტივი. საბჭოთა პერიოდში ჩვენმა მასწავლებლებმა შეძლეს, შეექმნათ სკოლა, შეექმნათ ცოდნა კავკასიის შესახებ, შეეფუთათ ის, რასაც ასე სჭირდებოდა მოფრთხილება და შეძლეს, გადმოეცათ ჩვენთვის, ახალი თაობის კავკასიოლოგებისათვის. ახლა მთავარი იყო, ჩვენ როგორ შევძლებდით ახალ რეალობაში გავმკლავებოდით გამოწვევებს - არა მარტო გადაგვერჩინა, არამედ თანამედროვე მოთხოვნათა სიმაღლეზე დაგვეყენებინა დარგი. დივერსიის საპირისპიროდ ჩვენ დავიწყეთ ინტეგრაცია ჰუმანიტარული მიმართულებებისა, რომლებიც ამა თუ იმ კუთხით შეისწავლიან კავკასიას; შევქმენით ინტერდისციპლინური პროგრამები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების საფეხურებისათვის; შევქმენით კავკასიოლოგიის ინსტიტუტი იმდროინდელი რექტორის პროფესორ გიორგი ხუბუას მხარდაჭერით. ინსტიტუტში გავაერთიანეთ კავკასიურ ენათა კათედრა და კავკასიის ხალხთა კათედრა. ეს არ იყო მექანიკური გაერთიანება; ეს იყო კროსდისციპლინური მიდგომა, თვისობრივად ზუსტად ისეთი, როგორსაც ამოცანად სახავდა ივ. ჯავახიშვილი - კავკასიის ენათა მცოდნეს უნდა სცოდნოდა კავკასიის ხალხთა ისტორიაც და პირიქით, ისტორიკოსი და კულტურული ანთრიოპოლოგიის მკვლევარი ვერ ჩამოყალიბდებოდა კავკასიის ენათა ცოდნის გარეშე. შევინარჩუნეთ მონოდისციპლინური პრინციპიც და ყოველი ენის სწავლებისათვის მოქნილი პროგრამების ფარგლებში შესაძლებელი გავხადეთ ენათა შესწავლა 60 კრედიტით სწავლების ორივე საფეხურზე. ეს მიდგომა შეაპირობებდა კავკასიური ენების მეცნიერულ და პრაქტიკულ ცოდნას. ეს ნამდვილი სასწავლო-სამეცნიერო რევოლუცია იყო. სპეციალისტები შიშობდნენ, რომ არ დაზარალებულიყო იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, მაგრამ დღეს 12 წლის გამოცდილებით დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნიადაგო იყო მათი შიში. სასწავლო პროგრამებში დავნერგეთ 200-მდე ახალი საგანი, ისეთებიც, რომლებიც მანამდე არსად არ წაკითხულა: კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგია, კავკასიის არქეოლოგია, კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია, აფხაზური ლიტერატურის ისტორია, აფხაზური ფოლკლორი, აფხაზი ხალხის ეთნოგრაფია, ოსური ფოლკლორი, ოსური ლიტერატურის ისტორია, ჩერქეზი ხალხის ისტორია, აზერბაიჯანის რელიქტური ენები, ენობრივი სიტუაცია კავკასიაში, ალბანეთის ისტორია, კონკრეტული კავკასიური ენის ტექსტის ლინგვისტური ანალიზი და სხვა მრავალი, რომლებიც წარმოდგენილია კავკასიოლოგიის სასწავლო პროგრამების მოდულებში. შევქმენით აზერბაიჯანოლოგიისა და ოსოლოგიის პროგრამები; აღვადგინეთ რუსული სწავლების სექტორი და, შესაბამისად, შევქმენით ანალოგიური პროგრამები ამ სექტორისათვის; მოვამზადეთ, ფაქტობრივად, ყველა დისციპლინისათვის სახელმძღვანელოები; განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით მომზადებული კავკასიურ ენათა პრაქტიკული სახელმძღვანელოები სასწავლო ლექსიკონებითა და ქრესტომათიული ტექსტებითურთ აფხაზური, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური და ოსური ენებისათვის. ამ სახელმძღვანელოთათვის კავკასიოლოგიის ინსტიტუტში შემუშავდა მეთოდოლოგია, რომლის ანალოგი არ არსებობს არც ერთ კავკასიოლოგიურ კვლევით-სასწავლო ცენტრში, თვით კავკასიის რეგიონშიც კი. მოსაძიებელი გვაქვს ფინანსური რესურსი ამ სახელმძღვანელოთა გამოსაცემად. ახალი ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ამავე მეთოდოლოგიით მომზადდეს დანარჩენი კავკასიური ენების პრაქტიკული სახელმძღვანელოებიც. შემდგომ ითარგმნოს იგი არაქართულენოვანი სწავლებისათვისაც. მივიღეთ სტუდენტები ჩრდილოეთ კავკასიიდან; 2007 წელს გავკვეთეთ რკინის ფარდა ჩრდილოეთ კავკასიასთან და დავაარსეთ კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ახლა უკვე მე-5 კონგრესის ჯერია. სამ ენაზე გამოვეცით კონგრესების მასალები და სხვა სახის პუბლიკაციები; პროსპექტულად განვსაზღვრეთ კონგრესის თემები:
ჩვენი სამეცნიერო ამოცანა იყო, განგვესაზღვრა კავკასიური ცივილიზაციის როლი მახლობელი აღმოსავლეთის ლინგვოკულტურულ კონტექსტში. საკითხის აქტუალობა არა მხოლოდ ისტორიული წარსულით, არამედ თანამედროვეობითაც იყო შეპირობებული. 20 წლიანი დუმილის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფორუმზე ჩამობრძანდნენ მეცნიერი კავკასიოლოგები; ჩრდილოეთ კავკასიასთან კი საქართველოს ხელისუფლებამ გაგვიხსნა საზღვარი (საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან) და პირველი სტუმრები ამდენი ხნის დუმილის შემდეგ სწორედ ლარსის გავლით შემობრძანდნენ საქართველოში. ჩვენ რთული სამუშაო ჩავატარეთ, თუმცა ეს არ იყო მარტივი. კონგრესის მონაწილეებმა პასუხი გასცეს უმთავრეს კითხვებს: დიახ, კავკასია ცივილიზაციაა, დივერსირებული, ტრავმირებული, მაგრამ ცივილიზაცია, რომელსაც სჭირდება შველა. ისტორიული კანონზომიერებანი გვასწავლის, რომ ცივილიზაციები არა მარტო არსებობენ, არამედ იღუპებიან კიდეც, მაშინ როცა ის კარგავს თვითმყოფადობასა და ფუნქციას. კავკასია არ არის მხოლოდ BORDERLAND - გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად საინტერესო და მიმზიდველი რეგიონი, არამედ კავკასია, უპირველეს ყოვლისა, ცივილიზაციაა, ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილია, სადაც დომინანტური რჩება კავკასიური ფენომენი, მას შესწავლა და გადარჩენა სჭირდება. ეს კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა კავკასიელ ხალხებს ზუსტად ეცოდინებათ, რა არის მათი ფუნქცია. ამის გასარკვევად 1-ლმა კონგრესმა დაგეგმა მე-2 კონგრესის თემა: კავკასიური ცივილიზაცია - ისტორია და თანამედროვეობა. ზუსტად დათქმულ დროს, მიუხედავად ფინანსური სიდუხჭირისა, სასწაულებრივად შეგვაძლებინა ღმერთმა, შეგვესრულებინა სამეცნიერო ამოცანა. კავკასიური ცივილიზაციის ისტორიისა და თანამედროვეობის პროსპექტული ანალიზი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ გვიდასტურებდა ჩვენს ხედვას, რომ კავკასიის მულტიკულტურალიზმი და ტოლერანტობა ისტორიის მანძილზე დამპყრობელთა დაუნდობელი პოლიტიკით დარღვეულია და კავკასია ისჯება ფსევდოეთნოკონფლიქტებით. ეს საფრთხეს უქმნის არა მარტო მშვიდობას, არა მარტო კავკასიის მომავალს, არამედ მსოფლიო ცივილიზაციათა შორის ყველაზე გამორჩეული ცივილიზაციის აქამდე სიმწრით მოტანილ ჭეშმარიტ, იმანენტურ ბუნებას. ეს ბუნება იმგვარი იყო, რომ კავკასიური ტოლერანტობა გამორიცხავდა კონფლიქტს, მიუღებლობას. კავკასია ხომ ათასწლეულების მანძილზე მიმღები კულტურული სივრცე იყო კონფესიური, ლინგვისტური, ეთნიკური, კულტურული თვალსაზრისით. კავკასიური ტრადიციული კულტურა საკუთარ სიბრძნის ქურაში ხარშავდა ყოველივე ახალს და უნარჩუნებდა მათ ინდივიდუალობას ენობრივი, კონფესიური და კულტურული თვალსაზრისით იმგვარად, რომ დომინანტური რჩებოდა კავკასიური ფენომენი ტრადიციული კულტურისა. აღმოჩნდა, რომ დამპყრობელმა ჩვენზე უკეთ შეისწავლა ჩვენი კულტურის განსაკუთრებულობა და სწორედ ის დაარღვია, რაც ასე მყარი და ურღვევი გვეგონა - ტოლერანტობა და მულტიკულტურალიზმი რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. 2013 წლის ეს კონგრესი ნაწილობრივ დააფინანსა რუსთაველის ფონდმა. მეცნიერებმა დაგეგმეს, ზუსტად განგვესაზღვრა კავკასიური ცივილიზაციის პარამეტრები და მე-4 კონგრესი სწორედ ამიტომ ეხებოდა კავკასიის დამწერლობებს. კავკასიოლოგიის ინსტიტუტს არ ჰქონდა არანაირი ფინანსური მხარდაჭერა, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტმა დაბეჭდა სამენოვანი მასალები და პუბლუკაციები, მაგრამ ღმერთმა შეგვაძლებინა და შევასრულეთ ეს ამოცანაც. ღმერთმა შეაძლებინოს საქართველოს ხელისუფალთ, მხარი დაუჭიროს კავკასიოლოგიას, ესოდენ საჭირო და სტრატეგიულ დარგს, რადგან ერთი წელიც და კარს მოგვადგება მე-5 კონგრესი, რომლის თემაა „საქართველო კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ კონტექსტში (ისტორია, თანამედროვეობა, პერსპექტივები)“. მეცნიერები საერთაშორისო კავკასიოლოგიური ცენტრებიდან ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოს განსაკუთრებულ წვლილს კავკასიის შესწავლაში და მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს არის „სამამულო კავკასიოლოგია“. ისინი ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ იმ როლის შესახებ, რომელიც ქართულ კავკასიოლოგიურ სკოლას გააჩნია.
2009 წელს რექტორ გიორგი ხუბუას მხარდაჭერით, დავაარსეთ საერთაშორისო სამენოვანი სამეცნიერო ჟურნალი „კავკასიოლოგიური ძიებანი“. ჟურნალი ინტერდისციპლინურია და რეცენზირებადი. მისი სამეცნიერო კოლეგია საერთაშორისოა, ისევე, როგორც მისი ფუნქცია. ყოველწლიური ჟურნალის აღიარების დასტურია ის, რომ მისი 10 ნომერი წარდგენილია ფრანკფურტის საერთაშორისო ბაზრობაზე კავკასიოლოგიის სხვა სამეცნიერო პროდუქციასთაან ერთად. ჟურნალს ანალოგი არა აქვს და ის არის ჩვენი სავიზიტო ბარათი საერთაშორისო სამეცნიერო არენაზე. აქ არ შევუდგები იმ რესურსებზე მსჯელობას, რომლითაც ჩვენ ვასრულებთ ამ საერთაშორისო სამეცნიერო ამოცანას. „კავკასიოლოგიური ძიებანის“ კვალდაკვალ არ დააყოვნა აღიარებამ და ამერიკის წამყვანმა სამეცნიერი ჟურნალმა შემოგვთავაზა სტუმარი რედაქტორის ფუნქცია და თემის თავისუფალი არჩევანი. ამჟამად მომზადებულია ჟურნალის ნომერი, რომლის თემაა იბერიულ-კავკასიურ ენათა ნათესაობის საკითხი.
ინტერდისციპლინური კვლევები კავკასიოლოგიაში გადაუდებელი ამოცანაა. ამ მიზნით ჩვენს სასწავლო და სამეცნიერო პროგრამაში ისეთი დისციპლინაც კი შემოვიტანეთ, რომელიც სცილდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროს, მაგრამ ამ დარგის კვლევების შედეგები აუცილებლად უნდა იყოს ინტეგრირებული კავკასიოლოგიის სასწავლო პროგრამებში. ეს დარგია კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგია. სიძნელეების მიუხედავად, ჩვენ ეს ამოცანა შევასრულეთ და ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი ერთადერთი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრია, სადაც ისწავლება ეს საგანი. რას ისახავს მიზნად კომპლექსური კვლევები და სწავლება? ამგვარი მიდგომა შეგვაძლებინებს, განვსაზღვროთ - რანი ვიყავით და რანი ვართ? ჩვენი ისტორია ჩაბეჭდილია ჩვენსავე მორფოლოგიაში, ვგულისხმობ ფიზიკურ ანთროპოლოგიას და არა ლინგვისტურ მორფოლოგიას. გენოგეოგრაფული კვლევები სწორედ ის კვლევებია, რომლებიც შეგვაძლებინეს კავკასიელ ხალხთა ეთნოგენეზის სამეცნიერო საკითხთა გადაწყვეტას. ამგვარი გაბედული ნაბიჯებით ჩვენ დავგეგმეთ და საქართველოს პარლამენტისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით 2015 წლის სექტემბერში ჩავატარეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „კავკასიური ცივილიზაცია - ინტერდისციპლინური კვლევები“. კონფერენციის თავმჯდომარე - პროფესორი ზვიად კვიციანი, სამეცნიერო ხელმძღვანელი - თქვენ წინაშე დგას. პროფესორმა თეოდორ შურმა ამ კონფერენციაზე წარმოადგინა კომპლექსური ანთროპოლოგიური კვლევის შედეგები. ამ კვლევებში მონაწილეობდნენ ქართველი ანთროპოლოგები. შედეგები დაბეჭდილია ჩვენს ჟურნალში სამ ენაზე. კვლევის შედეგებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ინოვაციური მიდგომა - სამეცნიერო ფორუმი გაგვეტანა თბილისიდან ისეთ რეგიონში, რომელიც იყო კიდეც ანთროპოლოგიური კვლევის ობიექტი. ეს არ იყო მხოლოდ სამეცნიერო კონფერენცია. მე არ მახსოვს არც ერთ ქვეყანაში არც ერთი სხვა სამეცნიერო ფორუმი, რომელსაც გამოეწვიოს ესოდენ დიდი ინტერესი საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო სრული მხარდაჭერა, ინტერესი, იმედი, მოლოდინი ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდან, თქვენ წარმოიდგინეთ, სვანეთში იმდროს მყოფი ტურისტების მხრიდანაც კი, რომელთაც გაუმართლათ და შეესწრენ ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენას. დაუვიწყარია საქართველოს პარლამენტის კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონ თეიმურაზ ჭკუასელისა და კომიტეტის აპარატის წევრების, ასევე მესტიის გამგებლის ბატონ კაპიტონ ჟორჟოლიანისა და მთლიანად მუნიციპალიტეტის, მუზეუმისა და მისი აწ გარდაცვლილი ხელმძღვანელის, რუსუდან ქოჩქიანის ზრუნვა ჩვენდამი კონფერენციისათვის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის შესაქმნელად, დაუვიწყარია კულტურული ღონისძიებები და ყოველი წამი, იქ გატარებული. კავკასიოლოგიის პრობლემებსა და გამოწვევებს ყოველთვის ეხმიანებოდა და გვერდში ედგა კავკასიოლოგებს ბატონი გუბაზ სანიკიძე და მთლიანად კავკასიის კომიტეტი აპარატიტურთ. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ასევე 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ერთჯერადად ჩვენი მიმართულების ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების სწავლის დაფინანსების გამო.
რატომ ვსაუბრობ ახლა მიღწევებსა და წარმატებებზე, მაშინ, როცა პრობლემა და გამოწვევა უფრო მეტია, ვიდრე მიღწეული. ჩემთვის ნათელია, რომ მეცნიერება სწორედ ის არის, რაც ყოველგვარი პოლიტიკური და სოციალური საზღვრების გარეშე აერთიანებს ადამიანებს, ხალხებს, ქვეყნებს, რეგიონებს. მეცნიერებას ინტეგრაციისა და სამშვიდობო ღონისძიებათა ყველაზე დიდი ძალა და რესურსი გააჩნია, მაშინაც კი, როცა სამეცნიერო პოზიციები თუ კონცეფციები არ არის თანმხვედრი. მახსენდება ჩემი კოლეგის, პროფესორ ბორის ხარსიევის სიტყვები - „პოლიტიკა ჩამორჩება მეცნიერებას“. ვფიქრობ, როგორც სულხან-საბა იტყოდა, „სახელმწიფო რომ დაემყაროს“, ის უნდა დაეყრდნოს მეცნიერების მიღწევებსა და გამოცდილებას.
დღეს, ამ გადასახედიდან როგორია კავკასიოლოგიის პრობლემათა და გამოწვევათა ინვენტარიზაცია?
კავკასიოლოგიის მთავარი მიღწევა ახალი თაობის კავკასიოლოგიაა და ახლი თაობა კავკასიოლოგიაში. ამ თაობამ სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ, პროფესორებს, გვიწოდა რეფორმატორები და დაგვაფიქრა, რომ უნდა დავეთანხმოთ, რადგან ამ რეფორმის მიმღები სწორედ ეს თაობაა, აქ რომ არის დღეს წარმოდგენილი. მე მივესალმები მათ და ბედნიერი ვარ, რომ ეს არის მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური კავკასიოლოგების თაობა. მე ბედნიერი ვარ, რომ დავამსხვრიეთ უნივერსიტეტში ფარული ძალების მიერ დათესილი უნაყოფო თესლი ნიჰილიზმისა, რომ აღარ არსებობს კავკასიოლოგია, ნუთუ კიდევ არის ეს დარგი? ისინი ნებსით თუ უნებლით ახმოვანებდნენ ფარულ ზრახვებს ამ დარგის მიმართ. დარგის მიმართ ნეგატიური კონტექსტები ანალოგიას ჰპოვებდა კავკასიელი ხალხებისადმი დამოკიდებულებაში. სწორედ ამგვარი დამოკიდებულების შედეგი იყო, რომ ვერ შევძელით თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიგვენიჭებინა არნ. ჩიქობავას რჩეული მოსწავლისათვის, პროფესორ აფთი თიმაევისათვის. ისევე, როგორც დღემდე ვერ შევძელით, აღგვედგინა არნ. ჩიქობავას სახელობის პრემია, მიუხედავად იმისა, რომ მივმართეთ საკანონმდებლო ორგანოს შუამდგომლობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას. ჩვენ გვჯერა, რომ მეცნიერებათა აკადემია, რომლის ფუნქციები დღეს ფრთებშეკვეცილია, გამოავლენს ეროვნული მეცნიერებისადმი მაღალ ინტერესსა და პროფესიონალიზმს, თავისუფლების მაქსიმალურ გამოხატულებას, დემოკრატიულობას, მცდარი პოლიტიკის არსებობის შემთხვევაში შეურიგებელ დამოკიდებულებას და გადასინჯავს აღნიშნულ საკითხს პოზიტიურ კონტექსტში. არამც და არამც არ მჯერა, რომ რომელიმე ხელისუფალს არ სურდეს საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი, მეცნიერების წერილების განხილვას ხშირად აფერხებს ეშმაკი. ასეთი ბედისწერისაა ჩვენი წერილები პრემიერ-მინისტრისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინაშე ეროვნული, სახელმწიფოებრივი, მეცნიერული კავკასიოლოგიური მეგაპროექტის შესახებ, რომლის შესრულება, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სახელმწიფოს ფუნქციაა და არა კერძო სექტორისა, თუმცა კერძო სექტორის მხარდაჭერა უფრო ადვილი მოსაპოვებელია. კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო პრობლემათა კომპლექსურ გადაჭრაზე ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ საქართველოს პარლამენტის კავკასიისა და დიასპორის კომიტეტის წინა მოწვევების დეპუტატები და არ შემიძლია მადლიერებით არ აღვნიშნო მათი მხარდაჭერა, თუნდაც ერთჯერადი და არასისტემური. მთავარი ის არის, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო განსაზღვრავს კავკასიოლოგიის სტრატეგიულ მნიშვნელობას. გასული საუკუნის 90-იან წლებში შექმნილ სტრუქტურას პარლამენტში რეალური შედეგი არ გამოუღია, გარდა იმისა, რომ შეიქმნა. ესეც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ჩვენი სახელმწიფოს რეგიონალური ფუნქციის განსაზღვრა მნიშვნელოვანწილად იკვეთება რიგ სამეცნიერო დარგებთან და უპირველესად კავკასიოლოგიასთან.
2012 წლის 29 ივნისს (№6619-რს, სარეგისტრაციო კოდი 480010000.09.001.016124 საქართველოს პარლამენტმა გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი და მიიღო დადგენილება „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფციის“დამტკიცების შესახებ - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1822მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს:1. დამტკიცდეს „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია“. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ოღონდ არ არის გაწერილი რეგულაციები, თუ როგორ უნდა აღსრულდეს ცხოვრებაში ეს კონცეფცია. საქართველოს ყველა თაობის პოლიტიკური სპექტრი კავკასიის გეოსტრატას საკითხს უნდა მიუდგეს უცვლელად და პოზიტიურად, მნიშვნელობა არა აქვს, ვის მიერ და როდის იქნა იგი მიღებული, რადგან ყველასათვის ნათელია ამოცანა, რაზეც ახლა ვსაუბრობ. პოლიტიკური ძალები იცვლებიან, მაგრამ უცვლელი რჩება ქართველი ხალხის ნება თავისუფალი არჩევანის შესახებ, უცვლელი რჩება გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და, ჩემი აზრით, უცვლელი უნდა დარჩეს საქართველოს კავკასიური, რეგიონალური ფუნქცია - საქართველო არის კავკასიის გეოპოლიტიკური ძრავა, გული, მაჯისცემა, საქართველო არის კავკასიის რეგიონალური და საერთაშორისო გეოეკონომიკური კვანძი, მაგისტრალი და მან ორივე ფუნქცია უნდა შეასრულოს გეოეკონომიკაში - რეგიონალურიცა და საერთაშორისოც; საქართველო არის კავკასიის რეგიონის საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტი და შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ საქართველოს გააჩნია ამ მიმართულებით ყველაზე დიდი საფრთხეები; მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო, უპირველესად, არის კავკასიური ცივილიზაციის აკვანი და ამ ცივილიზაციის ყველაზე მეტად მობილიზებული პატრონი, მისი მისია კავკასიის რეგიონში ერთგვარად მესიანისტურია - მან უნდა გადაარჩინოს კავკასიური ფენომენი, კავკასიური მინორიტარული ენები და ეთნოსები, ბიომრავალფეროვნება და ყოველგვარი მრავალფეროვნება, რაც კავკასიის სიმდიდრეა და არა მარტო მისი უბედურების სათავე. ამ მისიის ინტელექტუალური მაგისტრალი კავკასიოლოგიაზე გადის. აღნიშნული კონცეფციის კონტექსტი ეხება ადამიანთა შორის კავშირებს, ადამიანის უფლებებს, თავისუფალი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, განათლებასა და მეცნიერებას, ეკონომიკასა და ვაჭრობას, ისტორიული სიმართლის დადგენის ხელშეწყობას, ტრადიციებს, კულტურასა და სპორტს, დიასპორებთან ურთიერთობას, ჯანმრთელობის დაცვას. თუ რა გვაკავშირებდა ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ათასწლეულების მანძილზე ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით, ეს ცოდნა გვჭირდება იმისთვის, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ მომავალი, რათა შევცვალოთ პოზიტიურად დღევანდელობა. საქართველოს ეროვნულ ინტერესები უდევს საფუძვლად კავკასიის ქვეყნების სტაბილურობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას მშვიდობიანი კავკასიის ასაშენებლად. ეს დოკუმენტი იყო პირველი დოკუმენტი, პირველი შესაძლებლობა 1991 წლის შემდგომ, შეგვეცვალა რეალობა უკეთესი მომავლისკენ. ამ კონცეფციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში არსებული კავშირების გამყარებას და ადამიანთა კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებას. „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფციის“ საფუძველია „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“.1„ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია“ მშვიდობისა და ხალხთა მეგობრობის მიზნებს ემსახურება.
ქართველი და ჩრდილოკავკასიელი საზოგადოებების ურთიერთობის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობას. საქართველოსთვის პრიორიტეტულია ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების მიერ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდა, ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ენებისა და ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლა და, ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ ცოდნის ამაღლება. ჩვენ მივესალმებით ქართულ და ჩრდილოკავკასიურ აკადემიურ წრეებს შორის კავშირების აღდგენასა და გაღრმავებას, აგრეთვე იმ ღონისძიებებს, რომლებიც აკადემიურ სფეროში მომავალი თანამშრომლობის საფუძველია. ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდების მიერ ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდა მნიშვნელოვანია, რადგან ეს დადებითად აისახება ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ეკონომიკურ და სამეცნიერო პერსპექტივებზე. საქართველოს მიზანი უნდა იყოს, კვლავ გახდეს ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების მიღების მნიშვნელოვანი ცენტრი. საქართველო მიესალმება ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების მზარდ დაინტერესებას, განათლება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ, ჩვენმა ქვეყანამ ხელი უნდა შეუწყობს ამ სასწავლებლებში მათი რაოდენობის ზრდას. საქართველო უნდა იყოს დაინტერესებული, ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში შეიქმნას ქართული ენის შესასწავლი სპეციალური პროგრამები, რათა ჩრდილოკავკასიელმა სტუდენტებმა შეძლონ აქ არსებულ ქართულენოვან სადიპლომო სასწავლო კურსებზე სწავლა. ეს მათ საშუალებას მისცემს, სრულად გამოიყენონ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პოტენციალი.
საქართველო მიესალმება ჩრდილოკავკასიელ სტუდენტთა სწავლას არა მარტო ქვეყანაში არსებულ საუნივერსიტეტო სადიპლომო პროგრამებზე, არამედ ასევე მოკლევადიან სასწავლო კურსებზე. აქ მოწყობილი საზაფხულო სკოლები და პროგრამები ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა სპეციალობაში, უკეთ გაიცნონ საქართველო და დაამყარონ კავშირი ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებთან.
საქართველო ასევე ხელს უნდა უწყობდეს ჩრდილოკავკასიელ სტუდენტებს, რათა მათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა.
ჩრდილოკავკასიელი ხალხების მიერ ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად და მათი კულტურის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია მშობლიური ენის ცოდნა. ამიტომ საქართველო ხელს შეუწყობს ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ენების სამეცნიერო და პრაქტიკულ შესწავლას და ამ ენებზე სასწავლო პროგრამების შემუშავებას.
ქართველ და ჩრდილოკავკასიელ მეცნიერებს თითქმის საუკუნოვანი ურთიერთობა აქვთ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი ერთობლივი სამეცნიერო პროექტი განხორციელდა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი საერთაშორისო პროექტები სისტემატური გახდეს.
საქართველო ხელს უნდა უწყობდეს ჩრდილოკავკასიელების მიერ საქართველოში არსებული არქივების, საცავების, ბიბლიოთეკებისა და არქეოლოგიური ძეგლების სამეცნიერო კვლევებისათვის გამოყენებას. კავკასიის თემატიკის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო ასევე ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელ მეცნიერთა სტატიებისა და სხვა ნაშრომების ქართულ და უცხოურ ენებზე გამოცემას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დასავლეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენელ კავკასიოლოგებთან ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა.
მიგვაჩნია, რომ სამეცნიერო დარგებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული ენათმეცნიერებაა. ჩრდილოკავკასიელ და ქართველ ენათმეცნიერთა ურთიერთობას დიდი ხნის ტრადიცია აქვს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ენათმეცნიერული სკოლის არსებული მაღალი დონის შენარჩუნება და განვითარება. საქართველო ხელს შეუწყობს ასევე ისეთი მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას, როგორებიცაა: არქეოლოგია, ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, არქიტექტურა, ისტორიოგრაფია, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები.
აღარ გავაგრძელებ მსჯელობას იმის შესახებ, თუ როგორ შესაძლებლობებს სახავს აღნიშნული დადგენილება ეკონომიკისა და ვაჭრობის, ისტორიული სიმართლის დადგენის ხელშეწყობის, ტრადიციების, კულტურისა და სპორტის, დიასპორებთან ურთიერთობების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. აღვნიშნავ იმას, რომ, სამწუხაროდ, პარლამენტის ეს დადგენილება უმეტესწილად დეკლარაციაა და არ არსებობს არანაირი რეგულაციები, როგორ უნდა აღსრულდეს ეს ყოველივე ცხოვრებაში. ჩვენ, მეცნიერები, დადგენილებამდე და დადგენილების შემდეგაც პასუხისმგებლობით ველიდებოდით და ვეკიდებით ჩვენს სამეცნიერო ურთიერთობებს, რადგან სხვაგვარად კავკასიის შესწავლა, კავკასიოლოგიის განვითარება, უბრალოდ, შეუძლებელია. მაგრამ ზღვაში წვეთია ის, რასაც ჩვენ საკუთარი რესურსებით ვაკეთებთ. თუ ეს დადგენილება იქნება კანონის ტოლფასი და თუ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტი და სხვა შესაბამისი კომიტეტები შეიმუშავებენ რეგულაციებს, როგორ აღვასრულოთ დადგენილების პუნქტები, მაშინ ჩვენი მცდელობა იქნება სტრატეგიის ნაწილი და იქნება რეალური ნაბიჯები კავკასიოლოგიის დარგის განვითარებისათვის.
თანამშრომლობის თხოვნით მივმართავ შემდეგ სტრუქტურებს:
საქართველოს პარლამენტს:
ამგვარად, მივმართავ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს, სრულყოს აღნიშნული დადგენილება აღსრულების მექანიზმების კანონის სახით ფორმირების საფუძველზე. მაშინ უნივერსიტეტს რეალურად შეეძლება მიიღოს სტუდენტები კავკასიის სხვადასხვა რეგიონიდან და განსაკუთრებით, ჩრდილოკავკასიიდან, განახორციელოს ერთობლივი სამეცნიერო პროექტები კავკასიის წამყვან სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებთან, ხორცი შეასხას იდეებსა და პროექტებს, რომლებიც ასე მრავლადა აქვს კავკასიოლოგიას.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას:
უზრუნველყოს აკადემიკოს არნ. ჩიქობავას სახელობის პრემიის აღდგენა; გაზარდოს კავკასიოლოგთა წარმომადგენლობა აკადემიაში, შეცვალოს მიდგომა და მრჩეველ-ექსპერტის ფუნქციის პარალელურად განახორციელოს კვლევის ფუნქცია კავკასიოლოგიის მიმართულებით, იყოს ეროვნული დარგების, კულტურისა და განათლების პატრონი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს:
კავკასიოლოგიის წინაშე არსებულ გამოწვევათა და პრობლემათა ინვენტარიზაცია ისეთი მასშტაბურია, რომ მხოლოდ ძირითად ასპექტებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ადამიანს არსებობისა და ფუნქციონირებისათვის და მითუმეტეს, ინსტიტუციას, სჭირდება თავშესაფარი, სახლი, სივრცე, სადაც ის თავის მისიას შეასრულებს - რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, კავკასიოლოგიას დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღარა აქვს საკუთარი სივრცე და მადლობა უნდა ვუთხრათ უნივერსიტეტში არსებულ აზერბაიჯანის მეგობართა კლუბს და საელჩოს, რომ შეგვიხიზნა. ჩვენი დაუღალავი მცდელობის მიუხედავად საკითხი გადაუჭრელია.
კავკასიოლოგია საჭიროებს კადრების, სპეციალისტების შემატებას, რისთვისაც საჭიროა ახალი აკადემიური საშტატო ერთეულები; ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წერილები საბოლოოდ უპასუხოდ არ დარჩება და ოდნავ მაინც მიუახლოვდებით 2006 წლამდე კავკასიურ ენათა კათედრაზე არსებული საშტატო განრიგის ნიშნულს. უნდა აღინიშნოს, რომ როცა მოსაწვევი საათების რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე ძირითადი პერსონალისა, საშტატო განრიგი რეალურ გადახედვას მოითხოვს, მით უმეტეს, ასეთ მრავალპროფილიან და სწავლების რამდენიმე ენის მქონე დარგში.
კავკასიოლოგიის ინსტიტუტი ჩრდილოკავკასიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებთან ერთად ხშირად ამზადებს სამეცნიერო გამოცემას, მაგრამ, სამწუხაროდ, უნივერსიტეტის საგამომცემლო კომისიის გადაწყვეტილება ყოველთვის არ არის დადებითი და არც უარყოფის არგუმენტებია დამაჯერებელი, მაშინ, როცა თავად გამომცემლობა მათთან უკვე მისულ კავკასიოლოგიურ პუბლიკაციებს მაღალი პროფესიონალიზმითა და ინტერესით ასრულებს; ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გამომცემლობის არა მარტო პროდუქციით, არამედ სპეციალისტებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდვისთვის გათვალისწინებული ხარჯები უნივერსიტეტის ბიუჯეტში მწირია და არც მატერიალურ-ტქნიკური ბაზაა თანამედროვეობის შესაბამისად.
კავკასიოლოგიის ინსტიტუტს სამი წელია მზადა აქვს ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, რომლის ამოქმედება სრულადაა დამოკიდებული უნივერსიტეტში არსებული რესურსების სწორად დაგეგმვასა და გამოყენებაზე, მხარდაჭერაზე. საჭიროა ინგლისური სექტორისთვის გამოიძებნოს 3 საშტატო ერთეული მაინც, სადაც შევძლებთ ახალგაზრდა სპეციალისტების აკუმულირებას. ჩვენი აღზრდილი სპეციალისტები მოღვაწეობენ ევროპის უნივერსიტეტებში. ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, ავამუშაოთ კავკასიოლოგიაში ინგლისურენოვანი პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ იქნება საქმიანი, რეალური მხარდაჭერა საკადრო ცვლილებითა და შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფით. ეს კი ჩვენს ანუ პროფესორების ძალებს აღემატება, სრულადაა დამოკიდებული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაზე. ჩვენი პროფესურა უძღვება ქართულენოვან და რუსულენოვან სექტორს იმგვარად, რომ ეს არანაირად არ აისახება მათს ფინანსურ უზრუნველყოფაში, არ არის აღნიშნული და შეფასებული სხვა სპეციალობებთან შედარებით მეტი სამუშაო. არ არის დიფერენცირებული მიდგომა სახელფასო სტრატეგიაში ამ თვალსაზრისით. თსუ-ში 10 წლის წინ დანერგილი სახელფასო დისკრიმინაცია - ორი ფაკულტეტის პროფესურისათვის ორჯერ მეტი ხელფასი უცვლელად ძალაშია. ჩვენ, პროფესორებს დღეს გვიხდება ბრძოლა არსებობისათვის, ღირსებისა და პროფესიონალიზმის შენარჩუნებისათვის; ამ ფონზე კი კიდევ ახალი სექტორის ფუნქციონირება ასეთ შეზღუდულ მატერიალურ შესაძლებლობებში აუცილებლად ნეგატიურად აისახება ხარისხზე და, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურენოვანი პროგრამა ჯერ კიდევ სამი წლის წინ წარვადგინე ხარისხის სამსახურში, დღემდე ქაღალდზე რჩება. გვჭირდება მხარდაჭერა საშტატო განრიგითა და შესაბამისი სივრცით, რადგან დიდია მოთხოვნა ინგლისურენოვან სწავლებაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ეს იქნება უნივერსიტეტის წინსვლა და იგი მოუტანს სოლიდურ ფინანსურ შემოსავლებსაც უნივერსიტეტს. იგი მოგვცემს შესაძლებლობას, ამ სექტორზე შემოვიდნენ კავკასიის ფარგლებს გარეთ არსებული კავკასიური ისტორიული დიასპორისა და თანამედროვე მიგრანტების წარმომადგენლები; ეს იქნება შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ცალ-ცალკე, ყოველგვარი ანაზღაურებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუდენტის მიღება და მხოლოდ ჩვენი ენთუზიაზმით მუშაობა ამ მიმართულებით და არა მუშაობა შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში. ინგლისურენოვანი სექტორი იქნება შესაძლებლოდა, ტექნიკური უზრუნველყოფის პირობებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი გახდეს დისტანციური სწავლების ცენტრი კავკასიოლოგიის მიმართულებით და ამითაც გავზარდოთ შემოსავლები. ე. წ. ოაზისურ დარგებს ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტები მიიჩნევენ არარენტაბელურ დარგებად, მაგრამ ამის გამო კი არ ზღუდავენ მათ, არამედ, პირიქით, ზრუნავენ მათს განვითარებაზე, დებენ მასში ინვესტიციას, რადგან მიაჩნიათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაზე მყარი ინვესტიციაა. ვფიქრობ, ამგვარი უნდა იყოს საქართველოში სახელმწიფოსა და ასევე კერძო სექტორის მიდგომა ეროვნული კავკასიოლოგიის მიმართ.
დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროა შეიქმნას მთარგმნელობითი კოლეგია ქართული კავკასიოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო პროდუქციის სათარგმნელად უცხო ენებზე და პირიქით - უცხოური კავკასიოლოგიური პუბლიკაციების სათარგმნელად ქართულ ენაზე. კოლეგია უნდა შედგეს სპეციალისტისაგან (რუსული, ინგლისური, თურქული, სპარსული ენებისათვის). თუ ჩვენ უფრო სრულყოფილად მოვახდენთ ჩვენი სამეცნიერო შედეგებისა და სასწავლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას, შესაძლებელი იქნება, რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც ვიყოთ გეზისა და ორიენტაციის მიმცემნი არა მარტო მეცნიერებაში, არამედ ყველა სფეროში, რომელიც მეცნიერებას ეფუძვნება. შესაძლებელია ვიფიქროთ სამეცნიერო და პოპულარული ლიტერატურისა და პროქტების მხრიდან მიღებულ შემოსავლებზეც.
საქართველოს მთავრობას:
მხარი დაუჭიროს ჩვენ მიერ წარდგენილ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეგაპროექტს - კავკასიურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონის მონაცემთა ბაზა სამ ენაზე, კერძოდ, მის პირველ ეტაპს - ქართული ენის ეტიმოლოგიურ ლექსიკონს. აღნიშნული პროექტის ფინანსური მასშტაბი სცილდება რუსთაველის ფონდის დაფინანსების ზღვრებს, მნიშვნელობა და საჭიროება ამ ამოცანის შესრულებისა ცხადზე ცხადია. ქართველი ერის წარმომავლობის პრობლემა - ეთნოგენეზი საბოლოოდ გადაწყვეტილად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც შედგება ქართულ-კავკასიური ეტიმოლოგიური ლექსიკონი, რომელშიც აისახება ქართულ-ქართველურ ძირებთან გენეტიკურად საერთო კავკასიური მასალა. სწორედ ამიტომ ამ ლექსიკონის შექმნას ფუნდამენტური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ენიჭება. პროტოკავკასიელთა მიერ ათასწლეულების წინ შექმნილი ეთნოკულტურა ცხადყოფს ქართველთა უძველესი წინაპრების წვლილს ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციის შექმნასა და განვითარებაში. ეტიმოლოგიური ლექსიკონები ჩვენმა მეზობელმა ხალხებმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შექმნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
სამინისტროს მხარდაჭერის მნიშვნელობა კავკასიოლოგიის განვითარების საქმეში განუსაზღვრელია. უკანასკნელ ათწლეულში რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში კავკასიოლოგიის, როგორც სასწავლო-სამეცნიერო დარგის კლასიფიკატორის საკითხი. იყო ისეთი შემთხვევა, როცა გვეუბნებოდნენ კიდეც, რომ არ არსებობს თქვენი დარგისთვის კლასიფიკატორი. ჩვენ სიღრმისეულად გვესმის ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხები; ჩვენ რეფორმატორულად მივუდექით დარგს და მიუხედავად იმისა, რომ იგი სტრუქტურულად მნიშვნელოვნად შევცვალეთ, არ შეგვიცვლია თვისობრიობა - კავკასიოლოგია არის ფუნდამენტური მეცნიერება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგებს შორის და ამგვარად უნდა დარჩეს იგი. შესაძლებელია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც გაჩნდეს ეს დარგი და გაჩნდა კიდეც, ჩვენ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ კიდეც ასეთ სიახლეებს; მაგრამ ამ მოტივით დარგის ტრანსფორმაცია სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგად დააზარალებს ფუნდამენტურ მიდგომას დარგის მიმართ.
კავკასიოლოგია უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სპეციალობათა ჩამონათვალში. სამწუხაროდ, დღემდე საკითხი ვერ გადაიჭრა, მიუხედავად ჩვენი დაბეჯითებითი მცდელობისა. 2014 წელს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ მომილოცა კიდეც, რომ სამინისტრომ ეს საკითხი დადებითად გადაწყვიტა, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის გაქრა. ძიებას შედეგი არ გამოუღია. უპასუხო წერილები ხშირია კავკასიოლოგიის ისტორიაში, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ ბოლოსდაბოლოს, შესაბამისი უწყებები მიუდგებიან ამ დარგს, როგორც პრიორიტეტულს, სრატეგიული მნიშვნელობის მქონესა და პერსპექტიულს და მომავალ წელს მაინც კავკასიოლოგია იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სპეციალობათა ჩამონათვალში.
სამწუხაროდ, უნივერსიტეტის სამართლებლივ-ორგანიზაციული ფორმა შეაპირობებს იმას, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზემდგომია უნივერსიტეტისა. ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია, სწორედ სამინისტროს ვთხოვოთ მხარდაჭერა კავკასიოლოგიის განვითარების მიზნით საშტატო განრიგის შეცვლის თაობაზე ინგლისურენოვანი კავკასიოლოგიის მიმართულებით, ასევე ქართული და რუსული სექტორებისათვის.
ჩვენ თხოვნით მივმართეთ განათლების მინისტრს, წარადგინოს ეტიმოლოგიური ლექსიკონის მეგაპროექტი საქართველოს მთავრობის წინაშე და მხარი დაუჭიროს მის განხორციელებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს არის უახლოესი დღის წესრიგი განათლების სამინისტროსათვის.
კავკასიოლოგიის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების ნაკადის შეწყვეტა 2013 წლის შემდგომ, რადგან აღარ არსებობს ფინანსური მხარდაჭერა. თუ საკანონმდებლო ორგანო დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხს და განათლების სამინისტრო აღასრულებს ამ რეგულაციებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მხარდაჭერა კავკასიოლოგიისათვის. ყოველწლიურად 6 სტუდენტის მიღება კავკასიოლოგიის მიმართულებაზე იქნება გარანტი ამ დარგის სტაბილური განვითარებისათვის. ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების მიღება უნდა აღდგეს საქართველოს სხვა სასწავლო დაწესებულებებშიც.
საშურ საქმედ მიმაჩნია განათლების სამინისტრომ შექმნას დროებითი სამეცნიერო კოლეგია, რომლის ამოცანა იქნება კავკასიის შესახებ ცოდნის მიღება დაინერგოს საშუალო განათლების საფეხურზე. ეს აამაღლებს საზოგადოებრივ ინტერესს და იქნება ქვეყნის წარმატების საფუძველი.
მიზანშეწონილად მიმაჩნია ასევე, განათლების სამინისტრომ დანერგოს საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზური ენის სწავლება საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში შერჩევის ლოგიკური პრინციპით და განსაკუთრებით, გალის რაიონის იმ სივრცეში, სადაც ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. ეს იქნება სწორი ნაბიჯი და პასუხი იმ ქმედებაზე, რომ ამ რეგიონში 3 ათეულ სკოლაში შეწყდა ქართულის სწავლება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მის აღსადგენად ასევე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნდა გამოყოფდეს სუბსიდიებს საქართველოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა ენებისა და კულტურის განვითარებისათვის სამეცნიერო და სხვა სახის ღონისძიებათა გასატარებლად. ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული კავკასიოლოგთა რესურსები.
კავკასიოლოგიის ინსტიტუტი რამდენიმე წელია ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას სომხეთთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში კავკასიოლოგიის რუსულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე. სწორი მიდგომა იქნებოდა, ანალოგიური ხელშეკრულება გაფორმებულიყო აზერბაიჯანთან, რაც კიდევ ერთხელ გაზრდიდა საქართველოს, როგორც კავკასიოლოგიის რეგიონალური და საერთაშორისო ცენტრის, ფუნქციას და მოგვცემდა მეტ შესაძლებლობას დარგის განვითარებისათვის. ჩვენ ვაგრძელებთ კადრების მომზადებას რეგიონის ქვეყნებისა და სხვა ქვეყნებისათვის. ამ საქმეში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა და სწორი სტრატეგიული ქმედებები გადამწყვეტია. საჭიროა გადაისინჯოს საკითხი და გადაიდგას ნაბიჯები ამგვარი ხელშეკრულებების გასაფორმებლად ჩრდილოეთ კავკასიის წამყვან სასწავლო-სამეცნიერო კავკასიოლოგიურ ცენტრებთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს სივრცე რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაა.
მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ვთხოვთ მხარდაჭერას, რათა აღვადგინოთ სამეცნიერო დაცვები რუსულ ენაზე ჩრდილოკავკასიელებისათვის. მით უმეტეს, რომ გვაქვს რუსულენოვანი სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლება. ლოგიკური იქნება, სადოქტორო პროგრამა შედგეს რუსული სექტორისათვის და შესაბამისად, შედგეს დაცვები რუსულ ენაზე.
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ ფონდს: აქციეთ პრიორიტეტულ დარგად კავკასიოლოგია და ასახეთ ის თქვენს სამეცნიერო ჩამონათვალში; შეცვალეთ კრიტერიუმები ეროვნული დარგების ინტერესებიდან გამომდინარე და დაიცავით აპლიკანტების სამეცნიერო და პიროვნული ინტერესები. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ეს ფინანსური რესურსი უნდა მართებულად ერგებოდეს კავკასიოლოგიასაც.
კავკასიოლოგიის სამეცნიერო კვლევების მასშტაბები მრავალ პრობლემატიკას ისახავს მიზნად, აქ არ შევუდგები მათ ჩამოთვლას, მაგრამ მინდა აღნიშნო, რომ არის საკმარისი ამ კვლევათა საწარმოებლად სპეციალისტები. არადა, ჩვენ გვყავს განსაკუთრებული მომზადების ახალგაზრდა თაობა კავკასიოლოგებისა. მათი ჩართულობით შესაძლებელი იქნება იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფების შედარებითი გრამატიკებისა და ლექსიკონების, თარგმნითი ქართულ-კავკასიური (კავკასიური-ქართული) ლექსიკონების, ასევე იბერიულ-კავკასიური ეტიმოლოგიური ლექსიკონების შექმნა. თეორიული კვლევა წარმოადგენს ბაზას პრაქტიკული თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოების დამუშავებისათვის, რომლებიც დროულად დააკმაყოფილებენ ქართული უმაღლესი სკოლის მოთხოვნებს. განსაკუთრებით დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი კავკასიის ხალხთა ისტორიის მიმართულებას ჩვენს ინსტიტუტში.
პრობლემათა ინვენტარიზაცია აჩვენებს, რომ რუსთაველის სახელმწიფო ფონდი კავკასიოლოგიისთვის რომ მუშაობდეს მხოლოდ, მაშინაც კი შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს რესურსი, რადგან ძალზე დიდია სამუშაო, გვაქვს იდეა და პროექტი ცალკე ფონდისა, მაგრამ არ გვყავს ქტიტორები. ვიყენებ ამ მაღალ ტრიბუნას და მივმართავ არამარტო სახელმწიფო ინსტიტუციებს, არამედ საზოგადოებას, უმეტესწილად კი ბიზნესსექტორს სამოქალაქო სექტორში - თუ თქვენი ინტერესი არის მშვიდობიანი კავკასია, განვითარებული და წარმატებული საქართველო, მხარი დაუჭირეთ კავკასიოლოგიას და ეს იქნება გარანტია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა, ეს იქნება ქვეყნის წარმატების გარანტიც. გვყავს სპეციალისტები და არა გვაქვს მათი პროგრამულად დასაქმების შესაძლებლობები, არადა, მრავლადაა შესასრულებელი, გადაუდებელი პროექტები. კავკასიოლოგთა კომპეტენცია ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სტრუქტურებისათვის. ვფიქრობ, აქაც შესაბამისმა სტრუქტურებმა კონსტრუქციულად ჩააყენონ სახელმწიფოს სამსახურში პროფესიონალი კავკასიოლოგები ისევ სახელმწიფოს წარმატებისათვის.
ახლო მომავლის პროექტია - საერთაშორისო კავკასიოლოგიური უნივერსიტეტი (ICU). იგი უნდა იქცეს რეალობად. მისი დაარსება ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული სასწავლო-სამეცნიერო პრიორიტეტი უნდა იყოს. მის დაარსებაში თანამონაწილეები უნდა იყვნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები; მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველა გაგებით მომგებიანი ინვესტიცია, რომელიც კი განუხორციელებია ოდესმე საქართველოს.
ვფიქრობ, კავკასიოლოგია სწორედ ის დარგია, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება ჩადგეს სახელმწიფოს სამსახურში. კავკასიოლოგთა ახალ თაობას აქვს ცოდნა და მზაობა, განახორციელოს არა მარტო სამეცნიერო პროექტები, არამედ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს კავკასიაში კავკასიელ ხალხებს შორის ფსევდოეთნოკონფლიქტებით დარღვეული მშვიდობისა და დაკარგული ნდობის აღდგენას, მშვიდობის მშენებლობას რეგიონში, ცნობიერების ცვლასა და ამაღლებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა ქვეყნის იდეოლოგიური მანქანა უამრავ რესურსს დებს საპირისპირო ამოცანების განსახორციელებლად. მცირე მოცულობის ფინანსური უზრუნველყოფით სტუდენტებმა ჩვენი სამეცნიერო ხელმძღვანელობით შექმნეს სოციოლინგვისტურ მონაცემთა ბაზა ქართულ და ინგლისურ ენებზე კავკასიურ ენათათვის. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ცოდნა და ამბიცია, შევქმნათ სოციოლინგვისტური და კულტურულ-ცივილიზაციური ლოგოსფერო ქართულ და ინგლისურ ენებზე კავკასიის შესახებ; ჩვენ გვაქვს ამბიცია, გამოვასწოროთ კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის კვალდაკვალ წაგებული ინფორმაციული ომი კიბერსივრცეში ახალი, კვალიფიციური, სამეცნიერო პრინციპებზე დაფუძვნებული მონაცემთა ბაზის შექმნით. ჩვენ გვაქვს ინტერესი და მზაობა, ჩავერთოთ კავკასიის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ალტერნატიული პერსპექტივებისათვის სამეცნიერო საფუძვლების შესამუშავებელ ღონისძიებებში, (გასულ წელს ჩავატარეთ სამეცნიერო კონფერენცია „კონფლიქტები კავკასიაში - გადაწყვეტის ალტერნატიული პერსპექტივები, მასში მონაწილეობდნენ სტუდენტებიც; ამა წლის 30 მარტს კი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინიციატივით ჩავატარეთ სემინარი საფრანგეთის ლიონის უნივერსიტეტის 21 სტუდენტისა და 2 პროფესორისათის თემაზე - კონფლიქტების მენეჯმენტი საქართველოსი - მისიის ექსპერტი გრაჟვიდას იასიტუსი და ასევე საკითხით - ნდობის აღდგენა მშვიდობის მშენებლობისათვის. ძალზე საყურადღებო რეკომენდაციები შევიმუშავეთ. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა კავკასიის არც ერთ სახელმწიფოს დღეს არ გააჩნია კონფლიქტების გადაჭრის არანაირი სტრატეგია. ისინი გარედან მოელიან პრობლემის გადაჭრას, ისე, როგორც გარედან დაიგეგმა ეს კონფლიქტები. ჩვენ გვაქვს რესურსი, მეცნიერება მივმართოთ მშვიდობისათვის, ნატოს სამეცნიერო პროგრამების ფარგლებში გაშლილი ხელითა და სხვა პროექტებით კომპეტენტურად ვიმუშაოთ სახალხო დიპლომატიის მიმართულებითაც, რადგანაც ცოდნა ყველაზე კარგი თავდაცვაა, ასევე უსაფრთხოების სტაბილური გარანტი. ახალგაზრდებს მივმართავ ამ ამოცანებით და, მჯერა, რომ გესმით ჩემი. ჩვენი ქვეყნისა და სრულიად კავკასიის უმთავრესი გამოწვევა მშვიდობაა. ჩვენ ცოდნის სწორი რეალიზებით უნდა ვძლიოთ საერთაშორისო, რეგიონალურ და ლოკალურ გამოწვევებს. ჩვენი საჯარო ლექციები და გამოსვლები ამ მიმართულებით, ჩვენი მუშაობის შედეგები მისაწვდომი უნდა იყოს ბენეფიციართათვის.
ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიული და თვითმმართველობის პრინციპები ვერ განხორციელდება ჩრდილოეთ კავკასიაში, რადგან ეს არათავსებადია ავტორიტარულ პრინციპებთან,. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ არ შეიძლება უმოქმედოთ შევცქეროდეთ ამ პროცესებს. ჩვენი ამოცანაა, შევცვალოთ რეალობა, შევცვალოთ მიდგომები და ახალი ცოდნის საფუძვლებზე შესაძლებელი გავხადოთ ისტორიულად შესაბამის მომენტში აღსრულდეს ფარნავაზის, ლეონტი მროველის, ილია ჭავჭავაძის, ივ. ჯავახიშვილის, არნ. ჩიქობავას, ზვიად გამსახურდიას ხედვა კავკასიისადმი.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ინფორმაციის ნაკლებობაა, აუცილებელია ქართველ და ჩრდილოკავკასიელ საზოგადოებებს შორის ინფორმაციის გაცვლა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩრდილოკავკასიელი ხალხების ხელშეწყობა, რათა მათ მიიღონ უტყუარი ინფორმაცია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე; გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ამგვარი საინფორმაციო მნიშვნელობის პროექტების განხორციელება მაღალკვალიფიციურად შეუძლია კავკასიოლოგთა ახალ თაობას, თუ, რა თქმა უნდა, ეს იქნება სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილი და ეს იქნება პრიორიტეტი საქართველოსათვის - აღასრულოს რეგიონალური ფუნქცია. კავკასიის საზოგადოებებს შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით საჭიროა კავკასიის თემატიკაზე სიმპოზიუმების, ტრენინგების, ბლოგერთა ინტერნეტკონფერენციების, ტელეხიდების, დებატების, ონლაინსკოლების პროექტების განხორციელება.
საქართველო დიდ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს ჩრდილოეთ კავკასიაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე, ისე ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ხალხების ურთიერთობათა გაღრმავებაზე. საქართველო უნდა მიესალმებოდეს ქართულ და ჩრდილოკავკასიურ არასამთავრობო სექტორებს შორის კავშირების გამყარებას და ხელს უწყობდეს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას.
საქართველო უნდა ასრულებდეს რეგიონის წამყვანი ქვეყნის ფუნქციას!
არ არის ძნელი წარმოსადგენი, რომ კავკასიოლოგიის წინაშე არსებული გამოწვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დარგს და მის განვითარებას ბოლო პერიოდში. რომ არა კავკასიოლოგთა განსაკუთრებული სტრატეგია დარგის კონცეპციის აღსასრულებლად, საბჭოთა კავშირის ნანგრევები დიდ ზვავად აწვებოდა მას და განადგურებას უქადდა. არ ვიცი, როგორ სტრატეგიას მიმართავენ თავდაცვის სტრატეგოსები, მაშინ, როცა მომართული საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე სუბსტანციის შესაძლებლობები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენმა სკოლამ აირჩია სწორი სტრატეგია - წონასწორობის სტრატეგია საქართველოს გარეთ არსებულ წამყვან კავკასიოლოგიურ სკოლასთან, რომლის კონცეპტები საპირისპიროა ქართული კავკასიოლოგიური სკოლის სამეცნიერო კონცეპტებისა და უმეტესწილად აგებულია პოლიტიკურ სტრატეგიებზე.. ამაზე ზემოთ აღვნიშნავდით. ჩვენ დიალოგი, პოლემიკა გავმართეთ ამ სკოლასთან და ამგვარად დავიცავით ძალთა გაცვლის, შეიძლება ითქვას, გადარჩენის ტაქტიკაც. აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო საკმარისი, ამიტომ გადავწყვიტეთ, ქართულ კავკასიოლოგიურ სკოლაში იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ირგვლივ ინტეგრირებული ყოფილიყო ყველა დარგი, რომელიც კავკასიას შეისწავლიდა და ერთ გუნდად შეკრულიყვნენ სპეციალისტები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შორის სამეცნიერო მიდგომები წინააღმდეგობრივია - შევქმენით კავკასიოლოგიის ინსტიტუტი. ჩვენ უკვე ერთი ძლიერი გუნდი ვიყავით და ნიუტონის ვაშლივით დაგვეცა თავზე ქაოსში დანახული შესაძლებლობა - შეგვექმნა ახალი, თანამედროვე კავკასიოლოგია. არც ეს იყო საკმარისი - ჩვენი ერთიანობა, მთლიანობა, გამუდმებული მცდელობა - ბრუნვა - აიკიდოს პრინციპით ისხლეტდა და ისხლეტს ყველა შემოტევას, რადგან ჩვენ, მეცნიერები ყოველ დღე ახალ პროდუქციას ვქმნით და ახალ-ახალ შესაძლებლობებს ვეძებთ. ჩვენი ქვეყნის ხორციელი სხეული იმიტომაა დანაწევრებული, რომ მძიმე, ისტორიული კატაკლიზმების დროს ვერ შევძელით ვერც წონასწორობის დაცვა და ვერც გამთლიანება. ამბივალენტობა მეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიც კავკასიოლოგიია, გარდაუვალია. არც პოლიტიკაში იქნებოდა უშედეგო იგი. საქართველო კავკასიის დანაწევრებული სხეულის თავადაც დაჩეხილი სხეულია. ის ვერ შეძლებს საკუთარი თავის გადარჩენას მოძმე კავკასიელთა გადარჩენის გარეშე. ამ გზაზე ყველაზე სწორი, შედეგიანი და უმტკივნეულო იარაღი კავკასიის შესახებ ცოდნაა, ცოდნა დაგროვილი ასწლეულების მანძილზე, რომელსაც ჩვენ ვინახავთ, კვლავ ახალ ცოდნას ვუმატებთ და გადავცემთ თაობიდან თაობას. ჩვენ მხოლოდ ერთი რგოლი ვართ ამ თაობათა ჯაჭვში და მისი უწყვეტობისთვის საჭიროა ხელისუფალი მეცნიერების გვერდით იდგეს. ისტორია გვასწავლის, რომ მხოლოდ ის ხელისუფალი იყო საქართველოს ისტორიისთვის სამაგალითო, რომელმაც აღასრულა საქართველოს კავკასიური ფუნქცია.
და, რა არის ეს ფუნქცია? რამ გადაგვარჩინა ისტორიის ქარტეხილებს?
ამ კითხვებზე არაერთგვაროვანი პასუხებიდან ერთადერთ სწორ პასუხად მესახება პასუხი - ფუნქციამ გადაგვარჩინა. ვიდრე სუბსტანცია ასრულებს ფუნქციას, ის არსებობს კიდეც. როგორც კი ფუნქციას დაკარგავს და ვერ შეძლებს სინერგეტიკას, ის იღუპება. ჩვენ აუცილებლად გვეშველება, ჩვენ განსაკუთრებული ახალგაზრდა თაობა გვყავს, ის თავისუფლებაშია დაბადებული და მათი სახედველი ჭეშმარიტებისკენაა მიპყრობილი. ამ თაობისთვის კავკასიის შესწავლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კავკასიის პარტონობა, მასზე ზრუნვა. ამითაც განსხვავდება ეს თაობა წინა თაობებისაგან. ვფიქრობ, არასისტემურად და არაეფექტურად არის გამოყენებული მათი ცოდნა და შესაძლებლობები სახელმწიფოსთვის ესოდენ საჭირო სტრუქტურებში.
დღეს კავკასიას არა აქვს გეოპოლიტიკურ-სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მთლიანობა. ამ ეტაპზე სამხრეთ კავკასიამ, ცენტრალურმა ნაწილმა უნდა შეასრულოს განსაკუთრებული ფუნქცია და უნდა განსაზღვროს Hard Land-ის პერსპექტივები კავკასიის რეგიონში. როგორი იქნება ახალი კავკასია თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებაში; ცენტრალური კავკასიისადმი ინტერესი, ისე, როგორც მთლიანად კავკასიისადმი, გააჩნია რეგიონში პოლიტიკურად მოთამაშე სუბიექტებს. აქვე იკვეთება გლობალური ინტერესები. როგორია საქართველოს ამბიცია რეგიონში? ეს, უპირველეს ყოვლისა, აისახება საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრატეგიაში, რომელიც საქართველოს გააჩნია კავკასიის რეგიონის კომპლექსურად შემსწავლელი დარგის - კავკასიოლოგიის მიმართ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო.
სიტყვა პირის ქარი არ არის, სიტყვა ენერგიაა, შესაძლებლობაა, ისარია, მშვილდიდან გატყორცნილი მიზნისაკენ. ჩვენ, კავკასიოლოგები, მუდმივად ვეძებთ ახალ-ახალ შესაძლებლობებს, გამოვიყენოთ ჩვენი აქტივები ახალი პროექტების წარმატებისათვის. მართალია, ეს აქტივები არ არის მატერიალური სახისა, მაგრამ განა ყველა აქტივი ინტელექტის საფუძველზე არ არის შექმნილი? ჩვენი სარგებელი მეცნიერების განვითარების საფუძველია, ეს კი ქვეყნის განვითარების საწინდარია.
ღმერთმა შეგვაძლებინოს!
30. 04. 2018