Tuesday, 23 January 2018

ნოდარ თოთაძე

შტრიხები პორტრეტისათვის - ქეთევან ლომთათიძე - 105

(სიტყვა წარმოთქმული 2008 წელს აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების 100 წლისთავზე) 

უკვდავია ერი, რომელსაც ქალბატონი ქეთევან ლომთათიძე ჰყავს - მშვენიერი სული და ხორცი შემკობილი, სიბრძნე - ბრძენთაგან გამორჩეული, კდემა - ქართველი ქალის საუკუნოვანი ქსოვილ-სამოსელი, სიმდაბლე - უფლისა სათნო, სიმშვიდე - მტრედის, სიმტკიცე ნებისა - რკინის, მიზანი - ნათელი და სიყვარული უკიდეგანო, სიყვარული საქმისა, სამშობლოსი და მომავლისა. ის დღესაც ჩვენთან არის და ნამყო დრო აქ არ გამოგვადგება. მისი გამჭოლი მზერა გულსა და ტვინს ჰბასრავს და დუმილით გვეკითხება: რასა იქმთ? 

დაუდგრომელი ქმედება იყო მისი ღვაწლი, ყოველდღიური, მარადიული; ჩქარობდა მშვიდად, გვისახავდა მიზნებს და გვასწავლიდა გზებს მათ მისაღწევად. მისი მოწაფენი ვერასოდეს შევძლებთ მისგან მიღებული ცოდნისა და შთაბეჭდილებების ქსელს თავი დავაღწიოთ, რადგან ის მეტრი იყო მეცნიერებაში, ადამიანურ ურთიერთობებში, საქმისადმი ერთგულებაში. 

აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, მის რეგალიებზე აქ მრავლად ითქმის და ეს სიტყვა დღეს მე არ მეკუთვნის; მე დღეს მხოლოდ ვესალმები მას და საზოგადოებას, რომლის მეხსიერებაშიც ქალბატონი ქეთევანი არ არის მტვერქმნილი წარსული, არამედ თანამედროვეობა და მომავალია კავკასიოლოგიისა. სწორედ მან თქვა სეფე სიტყვა კანონზომიერ და რეგულარულ ბგერათშესატყვისობათა დადგენაში აფხაზურ-ადიღურსა და ქართველურ ენებს შორის, ქართველთა და აფხაზთა ეთნოგენეზში ... მოაბიტელები, ფინიკიელები და ებრაელები ერთმანეთის მოსისხლე მტრებად იქცნენ, ისინი თავს სხვადასხვა ხალხებად აღიქვამდნენ განსხვავებული თვითიდენტიფიკაცია ჰქონდათ, მაგრამ ერთი - ქანაანური ენის დიალექტებს წარმოადგენდნენ, თუ კილოკავებს არა. დღეს აფხაზების მიზანმიმართული თვითიდენტიფიკაცია - „ყველას ნათესავი ვარ, ოღონდ ქართველის არა“ , სწორედ ამას ჰგავს, მაგრამ გვაქვს უტყუარი დასტური კომპარატივისტიკისა ქალბატონი ქეთევანის მიერ შექმნილი, რომელსაც ვერიფიცირება ვერაფერს დააკლებს და ეს არის ჩვენი მომავალი. ქალბატონი ქეთევანი მწარედ განიცდიდა აფხაზთა და ქართველთა შორის კაენის ცოდვას. მისი სიბრძნე შეუცვალებელი შეძლებდა გამოსავლის პოვნას. ის იმედს გვაძლევს, რომ ჩვენ გვაპოვნინებს, მის მემკვიდრეებს, რადგან ის ჩვენთან არის.

ის მესაჭე იყო კავკასიური მეცნიერებისა და გეზი ყოველთვის მართებული ჰქონდა, ის მოძღვარი იყო და შეგირდად რჩეულებს ჰპოვებდა, ის ჭეშმარიტი მკვლევარი იყო, იკვლევდა და სხვასაც გზას უკვალავდა, ის დიდი კავკასიური სახლის დედა-დიასახლისი იყო და სრულიად კავკასია იმედად სახავდა. ის ნათელს ამკვიდრებდა და ეს ნათელი დღეს ჩვენთან არის.


ცირა ბარამიძე

ნოდარ თოთაძე

About ნოდარ თოთაძე -

Author Description here.. Nulla sagittis convallis. Curabitur consequat. Quisque metus enim, venenatis fermentum, mollis in, porta et, nibh. Duis vulputate elit in elit. Mauris dictum libero id justo.