Tuesday, 23 January 2018

ნოდარ თოთაძე

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს

თსუ-ში საკონკურსო კრიტერიუმებთან დაკავშირებით მივმართე წერილით აკადემიურ საბჭოს და მოვითხოვე განხილვა და პასუხი. ველოდები:
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს,
ბატონ გიორგი შარვაშიძეს

კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ცირა ბარამიძის

მ ი მ ა რ თ ვ ა

საკონკურსო კრიტერიუმების შექმნა-განხილვასთან დაკავშირებით

მოგეხსენებათ, თსუ-ში ფაკულტეტებზე კანონდარღვევით მიმდინარეობს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო კრიტერიუმების შექმნა-განხილვის პროცედურა, რასთან დაკავშირებითაც არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი კატეგორიული პოზიცია, რომ ამ დოკუმენტის როგორც შექმნის, ასევე მისი განხილვის დროს დაირღვა და დღესაც ირღვევა საკანონმდებლო მოთხოვნები, რის გამოც ასევე ფაკულტეტებმა მიიღეს გადაწყვეტილება დოკუმენტის განხილვის შეწყვეტის თაობაზე. 

ჩემი მომართვის მიზანია, მოგიწოდოთ და შეგახსენოთ, რომ კანონი უზენაესია და მოცემულ სიტუაციაში არ უნდა თქვათ უარი იმ დარღვევების გამოსწორებაში აქტიური მონაწილეობის მიღებაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მეცნიერებისათვის, ასევე მთელი უნივერსიტეტის მომავლისათვის. გადაწყვეტილების მიღებისას მიმღების მიერ უნდა შესუსტდეს მისაღები გადაწყვეტილების ნეგატიური მხარეები, რათა გონივრული ალტერნატივით მოხდეს ჩანაცვლება. ნეგატიური მხარეებია ის, რომ დაირღვა დოკუმენტის შედგენის არა მხოლოდ პროცედურული მხარეები, არამედ, რაც ყველაზე სავალალოა, დარღვეულია მატერიალური მხარე და მიღებული გადაწყვეტილება ლახავს აკადემიური პერსონალის-პროფესორების კანონით გარანტირებულ უფლებებს. 

კიდევ ერთხელ გამომაქვს სააშკარაოზე აღნიშნული დარღვევები:
1. აკადემიური პერსონალის საკონკურსო კრიტერიუმების შემუშავებასა და წარდგენასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ დაირღვა საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ მე-10 მუხლის დანაწესი - უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში კომპეტენციათა გამიჯვნის თაობაზე. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის შესაბამისად ამტკიცებს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს. 

2. თსუ მართვის ორგანოები არღვევს ასევე ამავე კანონის მე-15 მუხლს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის შესახებ, კერძოდ, ამ მუხლის 1 პუნქტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები და მათ შორის კომპეტენციები ნაწილდება დაწესებულების წესდებით (აღვნიშნავ, რომ წესდებაში ცვლილება არ მომხდარა და ასეთ პირობებში დაუშვებელია ამ კანონის ძალის მქონე დოკუმენტის მიხედვით არსებული რეგულაციების უგულებელყოფა).

3. თსუ წესდების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, რექტორი „თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას“. წარმოდგენილი კრიტერიუმების შექმნის პროცესით დარღვეულია კომპეტენციათა გამიჯნვა ანუ დარღვეულია კანონის რამდენიმე მუხლი. რამდენად ვრცელდება ამგვარი დოკუმენტის შექმნა თსუ მართვის ორგანოებზე? ეს დოკუმენტი არ შეიძლებოდა საერთოდ განხილულიყო, რადგან იგი შეიქმნა კანონის დარღვევით, კერძოდ, კომპეტენციათა აღრევით, რაც ადასტურებს, რომ უგულებელყოფილია არა მარტო კანონი, არამედ პროფესორთა ინტერესები. 

4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის (აკადემიური პერსონალის უფლებები) 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში ამ კანონისა და დაწესებულების წესდების შესაბამისად; ასევე 37-ე მუხლის (აკადემიური პერსონალის უფლებები) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკადემიური პერსონალი ვალდებულია, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების მოთხოვნები, რაც, როგორც ვხედავთ, ჩვენი ვალდებულებაცაა უფლებასთან ერთად.

5. თსუ წესდების მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამგვარად, შემოთავაზებულ დოკუმენტთან დაკავშირებით უნივერსიტეტში განხორციელებული ყველა ქმედება (პროცედურა) უკანონოა!

6. წესდების თანამად, რექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახალი საკონკურსო კრიტერიუმების შესამუშავებლად ქმნის საკონსულტაციო საბჭოს (კოლეგია პარიტეტულ საწყისებზე ფაკულტეტების მიერ წარდგენილი პროფესორებით), რომლის ქმედება განისაზღვრება რექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ასეთია კანონის დანაწესი), რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა.

7. საკონსულტაციო საბჭოს მიერ შექმნილი დოკუმენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ორგვარი: ა) მოქმედი დოკუმენტის შესწორებული, დახვეწილი ვარიანტი, ან ბ) თვისობრივად ახალი, განსხვავებული დოკუმენტი. ორივე შემთხვევაში აღსრულდებოდა კანონის მოთხოვნა, რომ ბენეფიციარების ჩართულობა დოკუმენტის შექმნაში განსაზღვრავდა მის კანონიერებას;

8. ამის შემდგომ რექტორის ბრძანებით უნდა განხორციელებულიყო საკონსულტაციო საბჭოს მიერ შექმნილი დოკუმენტის საჯარო განხილვა ფაკულტეტების ფართო წარმომადგენლობასთან და უნდა გათვალისწინებულიყო პროფესორთა დამატებითი შენიშვნები;

9. ფაკულტეტების საბჭოების მიერ საყოველთაო მხარდაჭერის შემთხვევაში უნდა გასულიყო მომზადებული დოკუმენტი აკადემიურ საბჭოზე და დამტკიცების შემთხვევაში - წარმომადგენლობით საბჭოზეც.

აქ არ ვსაუბრობ „განსაკუთრებული“ პირობებით განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსზე. ახლა ამას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან უნივერსიტეტის მართვის ორგანოებმა (ხარისხის სამსახურის ჩათვლით), დაარღვიეს საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები; კერძოდ:
1. რამდენიმე (შეიძლება ერთიც იყო) „რჩეულმა“ პროფესორმა შექმნა ახალი დოკუმენტი (აქვს ამბიცია, რომ იცნობს ყველა ფაკულტეტისა და დარგის სპეციფიკას) უნივერსიტეტში თუ მის გარეთ, თუმცა არც ამას აქვს დღეს მნიშვნელობა, რადგან ეს დოკუმენტი მოჰყვა განათლების სამინისტროდან პორტირებულ ხელმძღვანელ პირებს და დაუყოვნებლივ მოვიდა მოქმედებაში სწორედ მას შემდგომ, როცა საშუალო განათლების დონეზე უკვე გარკვეული იყო, „რა დაბალი დონის მასწავლებლები გვყავს“ და ახლა უკვე უნივერსიტეტის პროფესურის დონის განსაზღვრა დადგა დღის წესრიგში;
2. დოკუმენტის შესაქმნელად რომ არანაირი ადმინისტრაციული აქტი არ გამოცემულა, ეს არ კმაროდა, არც მის განსახილველად იყო რაიმე აქტი საჭირო. სათაო „განხილვამ“ გამოკვეთა ნეგატიური დამოკიდებულება და ახლა ჯერი ფაკულტეტებზე მიდგა. არც ერთ პროფესორს არ გვიკითხავს, შეიქმნა თუ არა ეს დოკუმენტი კანონის დაცვით;
3. ფაკულტეტებზე ნეგატიური შეფასების შემდეგ დაჩქარდა განხილვის დრო და მოვლენები;
4. დეკანებმა და ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მხოლოდ ახლა მიიღეს ზეპირი დირექტივა (და არა ადმინისტრაციული აქტი), შექმენით თქვენ თვითონ, ოღონდ გაითვალისწინეთ „თვლა“ და „ლექცია“; აქაც დაირღვა კომპეტენციათა ზღვარი და ეს ზეპირი წინადადება კანონგარეშეა, რადგან ცალ-ცალკე „შექმნილი“ დოკუმენტი ასევე იქნება კანონგარეშე, როგორი სრულყოფილიც არ უნდა იყოს იგი. 

ისეთი დოკუმენტის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის წესს, არ შეიძლება განხორციელდეს ვინმეს პირადი სურვილისა თუ ამბიციების საფუძველზე, არსებული მკაცრი რეგლამენტაციის (საკანონმდებლო იმპერატივი) უგულებელყოფით. წესდებაში არ მომხდარა ცვლილება და ასეთ პირობებში მიღებული ახალი რეგულაცია უკანონოა იმდენად, რამდენადაც, ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი დარღვევებით მიღებული ნებისმიერი სახის დოკუმენტი თუ განსახილველად იქნება წარდგენილი აკადემიურ საბჭოზე, იქნება კანონდარღვევა და დაინტერესებული პირის მიერ სასამართლო დავის დაწყების შემთხვევაში ანულირებული იქნება სრული მოცემულობით. ამასთან დავის დასაწყისშივეა შესაძლებელი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოხდეს გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი), რაც ძალიან მტკივნეული იქნება, ზოგადად, უნივერსიტეტისათვის და დადგება თსუ მართვის ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი.
მოვლენების ამგვარად განვითარების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ საკითხის მოგვარების შემდეგ გზებს:
1. შეიქმნას სამეცნიერო სტანდარტი კანონის მოთხოვნათა დაცვით;
2. შეიქმნას ახალი კრიტერიუმები კანონის მოთხოვნათა დაცვით და პროფესურას მიეცეს გარკვეული ვადა (მინიმუმ ოთხი წელი) ახალი კრიტერიუმების მიხედვით საკონკურსოდ მოსამზადებლად;
3. მე-2 პუნქტის შესასრულებლად გადავადდეს არსებული ხელშეკრულებები; (არის პრეცედენტი უნივერსიტეტში - დღეს მოქმედი კრიტერიუმებითა და ვადით არჩეულ კონკრეტულ პროფესორებს თქვენ მიერ 10 წლამდე გაუგრძელდათ ვადა, ნაცვლად 6 წლისა, რაც აჩენს შერჩევითი სამართლის განცდას);
4. ალტერნატიულ შემთხვევაში, დარჩეს მოქმედი კრიტერიუმები;
5. უნდა გამოირიცხოს თვლადობა და შეფასებები ციფრებით, რადგან ეს არ შეესაბამება არც სამეცნიერო და არც სასწავლო პრინციპებს.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ წინამდებარე წერილი აკადემიური საბჭოს სხდომაზე (17.11.2017) და მიიღოთ კანონშესაბამისი გადაწყვეტილება აღნიშნული დოკუმენტის (აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის კრიტერიუმები) განხილვისა და დამტკიცების თაობაზე უარის თქმის შესახებ.

პროფ. ცირა ბარამიძე
16.11. 2017


ნოდარ თოთაძე

About ნოდარ თოთაძე -

Author Description here.. Nulla sagittis convallis. Curabitur consequat. Quisque metus enim, venenatis fermentum, mollis in, porta et, nibh. Duis vulputate elit in elit. Mauris dictum libero id justo.