მეცნიერება სპორტი არ არის - „დავეწიოთ ...“
მწარედ მახსენდება ავადსახსენებელი საბჭოთა პერიოდის სტრატეგიული ამოცანა: „დავეწიოთ და გავუსწროთ აშშ-ს ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული...“ არაფერი მესმოდა, ან რატომ უნდა დავწეოდით, ან როგორ უნდა გაგვესწრო. ვერ წარმოვიდგენდი, თუ იგივე ფორმულა („დავეწიოთ და ... კიდევ კარგი, გავუსწროთო, აღარ გვავალდებულებენ... )- ლოზუნგი გაცოცხლდებოდა და არა ერთ სულ მოსახლეზე წარმოების კოეფიციენტის განსასაზღვრად, არამედ იმისთვის, თუ როგორია მეცნიერების რეიტინგი პოსტსაბჭოთა საქართველოში. ათასი ჯურის რეიტინგია, რომელთა მიხედვით სადღაც ასეულებში ან ათასეულებში თუ აღმოვჩნდით, საქართველოს მეცნიერებს ტანში სიხარულის ჟრუანტელი გვივლის. არც ჩვენი უნივერსიტეტია გამონაკლისი ამ მარათონში. ხელმძღვანელობის მიზანია, დავეწიოთ ყველა წამყვან უნივერსიტეტს რეიტინგის სკალაზე რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ყველა საშუალება ამართლებს აქ მიზანს. მითუმეტეს, თუ ამ მიზანს შეფარული ფსევდომიზანიც გააჩნია და თუ რეიტინგის „აკადემიური“ სახელით პოლიტიკურ კურდღელსაც დაიჭერს ზემდგომი. რა უნდა გქონდეს უნივერსიტეტის წარმატების საწინააღმდეგო? აბა, როგორ უნდა შებედო ამ დიად მიზანს ნამდვილმა მეცნიერმა აუგი. რეიტინგისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, იზრდება პუბლიკაციების აქტივობისადმი მოთხოვნა, ამავდროულად, წლიდან წლამდე იზრდება პროფესორთა დატვირთვა (მოსაწვევი საათების შესაზღუდად), ხელფასი კი გაყინულია ინფლაციის რეკორდული მაჩვენებლების მიუხედავად. არც შიდა საფაკულტეტო სახელფასო დისკრიმინაციაა დაძლეული. ამგვარად, ჩვენ, პროფესორებს, მხოლოდ რეიტინგი გვეხება, ხელფასი და ამ რეიტინგისთვის პირობების უზრუნველყოფა რა ჩვენი სადარდებელია.
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წარმატების მთავარი ინდიკატორი მაღალრეიტინგულ და რეცენზირებად ჟურნალებში პუბლიკაციების რეიტინგული მაჩვენებლებია. არ ვდაობთ იმის შესახებ, რომ მიზანი პროგრესულია, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევი საშუალებებია არასწორად შერჩეული. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს ამ მიზნის მისაღწევად ერთადერთ ღონისძიებად - აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კარს მომდგარი (2018 წ.) კონკურსი ესახება. ტოტალური კონკურსის შედეგები უკვე იწვნია უნივერსიტეტმა და ძლივს გაიმართა წელში, ჩამოყალიბდა პროგრამები, გავლილი იყო ავტორიზაცია და აკრედიტაცია, პროფესურა, მიუხედავად სიძნელეებისა, ადაპტირდა ახალ მოთხოვნებზე, მათ შორის, პუბლიკაციების ინტერნაციონალიზაციაზე, უნივერსიტეტი უკვე არის რეიტინგული და წარმატებული. ამის მიუხედავად, ხარისხის სამსახურის მხრიდან ისმის ფრაზა: არის კი აქ პროფესურა? მე ვპასუხობ, დიახ, არის!
გაამართლა თუ არა მოძველებული, საბჭოთა სისტემიდან (უმაღლესი სასწავლებელი იყო სასწავლო დაწესეულება, კვლევითი ინსტიტუტები კი - სამეცნიერო) ახალ, დასავლურ სისტემაზე (უნივერსიტეტი - სასწავლო-სამეცნიერო) გადასვლამ, მსჯელობის საგანია.
თუ პროფესორ-მეცნიერთა რეიტინგულობაზე უნდა გვეზრუნა, პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო პროფესორთა სააუდიტორიო საათების შემცირება, რათა მათი სამუშაო დრო წონასწორობით გადანაწილებულიყო სამეცნიერო კვლევებზე. დარგობრივ სასწავლო პროგრამებზე კი უნდა გაზრდილიყო აკადემიური თანამდებობების საშტატო განრიგები პროგრამის უზრუნველსაყოფად. არადა, პირიქით მოხდა. არსებული ხელფასისა და სასწავლო კომპონენტში საათების ზრდის ფონზე უნივერსიტეტის პროფესორთათვის რეალურად შემცირებულია სამეცნიერო სამუშაოსათვის გადასანაწილებელი დრო; ამავდროულად, პროფესურა ორიენტირებულია უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე, რაც საკმაოდ ძვირი ფასია და რის უზრუნველყოფაც უნივერსიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, ხოლო პროფესორის ხელფასი არის თუ არა ასეთი პუბლიკაციების უზრუნველყოფის გზა, ამაზე აღარაფერს ვიტყვი, ჩემს კოლეგებს რომ გული არ ვატკინო. ჩვენი უნივერსიტეტის სტატუსშეწყვეტილი დოქტორანტი სტუდენტი და, ამავდროულად, მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უნივერსიტეტის პროფესორის ხელფასზე ორჯერ მეტს ხომ მაინც იღებს, თუ მეტს არა. ამ პირობებში პროფესორის საქმიანობის პროპორცია 40+40+20 (სასწავლო+სამეცნიერო+სერვისი) აზრს კარგავს, რეიტინგული მარათონის ციებ-ცხელება კი რა გზას არ აძებნინებს პროფესურას; მაგალითად, საბუნებისმეტყველო დარგში სტატია რეიტინგულ ჟურნალში 2500 $-ია, გამოსავლის ძებნაში ერთ სტატიას ზოგჯერ 8 ავტორი (თანხა რომ გაინაწილონ) ჰყავს ან ისეთ ჟურნალშია დაბეჭდილი, რომ არც არავინ გაიცხელებს თავს მისი კითხვით და, შესაბამისად, დამოწმებით. ამგვარად, რეიტინგი არც ზუსტად ახავს ჭეშმარიტებას და ზოგჯერ მახინჯურ ფორმასაც იღებს. ასეთი შედეგებით კი შეიძლება ან მოვიწონოთ თავი, ან უნივერისტეტსა და, საერთოდ, სამეცნიერო სივრცეს მოსწყდეს ის პროფესურა, რომელიც ნამდვილი მკვლევარია, რადგან არსებული, ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გამო ვერ მოხვდა რეიტინგულ ჟურნალში.
ახლა მოკლედ რომ შევაჯამოთ, არა ვართ თანაბარ სამუშაო პირობებში ჩვენ, ბედკრული საქართველოს პროფესორები, და ევროპელ-ამერიკელი პროფესორები. თანაბარი მხოლოდ ჩვენდამი და მათდამი წაყენებული მოთხოვნებია; ჩვენი პროფესურა ხელფასის „არქონის“ გამო იძულებულია, ეძებოს სხვა გზა თავისა და ოჯახის გადასარჩენად, ხშირად ღირსების შელახვითაც კი. ასე დავეწევით ევროპელ და ამერიკელ მეცნიერებს, რომელთა საზრუნავი მხოლოდ თავიანთი საქმეა? ჩვენი პროფესორის დატვირთვა და ხელფასი ვერანაირად ვერ იქნება შეჯიბრებაში გამარჯვების გარანტი. ვფიქრობ, არ არსებობს ქვეყანაში ანალიტიკურ შეფასებაზე დაყრდნობილი საგანმანათლებლო სტრატეგია. თუ მეცნიერს არ ექნება შესაბამისი უზრუნველყოფა, შეუძლებელია ჰქონდეს შესაძლებლობა სამეცნიერო კვლევების სიღრმეებისა. აქვს კი უნივერსიტეტს იმის ამბიცია და ფინანსები, რომ თავად ქმნიდეს რეიტინგულ ჟურნალებს ან უკვე არსებულს უჭერდეს მხარს განსავითრებლად? (მაგალითად, საერთაშორისო სამენოვან რეცენზირებად ინტერდისციპლინურ ჟურნალს „კვკასიოლოგიური ძიებანი“, რომელსაც რედკოლეგია ენთუზიაზმით აკეთებს).
და რადგანაც წინასწარვე ცხადია, რომ მხოლოდ განსაკუთრებული პირობების მქონე პროფესორებს შეუძლია წელში გაწყვეტის გარეშე ამ პირობების დაკმაყოფილება, რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა რეფორმის დირიჟორმა ვერტიკალმა თავის სასარგებლოდ იმგვარად, რომ ერქვას ამ პროცესს კონკურსი „პროგრესისათვის“ და მოემსახუროს იგი უნივერსიტეტის „დალაგებას“ ვერტიკალისათვის მისაღები პროფესურით.
ვფიქრობ, რომ მოდელი - უნივერსიტეტი + სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები იმუშავებდა ეფექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ექნებოდა ამ მოდელის უზრუნველსაყოფად შესაქმნელი ინფრასტრუქტურისა და სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფის რესურსი. სხვანაირად ეს „მექანიკური ქორწინება“ და ყბადაღებული „სამეცნიერო უნივერსიტეტი“ რომ არაეფექტურია დღემდე, არ შეიძლება ეს დაბრალდეს მხოლოდ დამახინჯებულ კონკურსებს და არც მარტო კონკუსით მოხერხდება მისი გამოსწორება. სამეცნიერო ინსტიტუტების დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა. ღირსეული სახელმწიფო ისეთ ინსტიტუციაზე მაინც იზრუნებდა, როგორიც ეროვნული ინსტიტუტებია (ენათმეცნიერების, ისტორიის, ლიტერატურის...), აუშენებდა მას ერთ სივრცეს, შექმნიდა ანბანის მუზეუმს, მემკვიდრეობასაც შეინახავდა და მოგებასაც ნახავდა. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომის ჩანასახიც ვერ ვიპოვე. სამაგიეროდ, სახელმწიფო „ზრუნავს“ ჩვენზე საკონკურსო კრიტერიუმებით, რომელიც ბუღალტერიაზეა აგებული და ამიტომ ეჭვი აღარ მეპარება, რომ „უნივერსიტეტის წარმატებისათვის ახალი სასწავლო-სამეცნიერო სივრცეების ბუღალტერიაზეც აპირებენ ზრუნვას“.
ძველი კონკურსები რომ ტენდენციური იყო და არაეფექტური, ამაზე არ ვდაობთ, მაგრამ იმ კონკურსებისა და ახლა კარს მომდგარი კონკურსების კრიტერიუმების ავტორი ერთი და იგივეა. მაშინ უნივერსიტეტში წამყვან პოსტზე იყო პროფესორი ირინა დარჩია. არ ვიცი, დაშვებული შეცდომების გასწორება ისევ შეცდომებით სურს თუ რამე სხვა მიზანიც უნდა ერთოდეს (მაგალითად, თავი მოიწონონ ზემდგომის წინაშე და საბოლოოდ თქვან - უნივერსიტეტში უკვე არის პროფესურა და უკვე განეიტრალებულია, რადგან დღეის გადასახედით, „უნივერსიტეტში არ არის პროფესურა“ - ასე თვლის რეფორმის ავტორი.
უნივერსიტეტში სამეცნიერო ნაშრომის ხარისხი უფრო მთავარია, ვიდრე რაოდენობა და რეიტინგი. ასე რომ, ძვირფასო, ხელისუფალო, ჯერ შექმენი თუნდაც სასტარტო პირობები, რითაც ევროპელ კოლეგებს გავუთანაბრდებით და რეიტინგი თავისითაც მოვა, ჩვენ ხომ ისედავ გვაქვს იგი გარკვეული დოზით, ყველაზე ცუდ პირობებში მყოფებს.
სამეცნიერო პროექტები უნდა განისაზღვროს დარგის საკვლევი პრიორიტეტებით, უნდა არსებობდეს ფინანსური უზრუნველყოფა ამ პროექტების შედეგების საკონფერენციო წარდგინებისთვის და შემდეგ სტატიის სახით გამოსაქვეყნებლად. არის ეს ბიუჯეტში? არ არის და თუ არის, მხოლოდ იმისთვის, რომ ბიუჯეტის შედგენის დროს ეს გრაფა შეივსოს, თორემ ეს რომ ვერ უზრუნველყოფს მეცნიერთა მივლინებებს, იკითხეთ და დარწმუნდებით. ხშირად ასეც მომხდარა, რომ საფაკულტეტო საბიუჯეტო წვდომით, „სამეცნიერო ტურიზმიც“ განვითარებულა, მაშინ, როცა ძალზე მნიშვნელოვანი მივლინების დაფინანსება არ შეუძლია უნივერსიტეტს.
ბატონო მინისტრო, საშუალო განათლების მდგომარეობით რომ “შარში ვართ“, თქვენგან ვისმინე, ახლა ისეთი კონკურსი გინდათ უნივერსიტეტში ჩაატაროთ (თანაც ჩვენივე ლეგიტიმაციითა და, უფრო მეტიც, პროგრესის სახელით), რომ ეჭვი არ მეპარება, შარების გამრავლება მოგწონთ. თუ ეს შარები შეუჩერებლად გამრავლდება თქვენს ჰიპერბოლიზებულ შესაძლებლობებსა და მადაზე, ჩვენი ქვეყანა დარჩება გაუფასურებული „კომბლესა“ და „ვაშლის“ ამარა; „უხუნძურესი“ სპეციალისტები - გამეტებული სტრუქტურული უმუშევრობისთვის (სხვათა შორის, ბატონო მინისტრო, ივანე ჯავახიშვილი და არნ. ჩიქობავა იყვნენ ამ ენის მკვლევარი სპეციალისტები), დარგები - დანგრეული. თქვენი გათვლით, კონკურსს გაივლის 30%, დაითხოვენ 40%-ს და მოწვევა განხორციელდება 30%-ისთვის. ეს უკვე აღარ არის გამრავლება, გაყოფას ჰგავს და დაყოფასაც. შედეგი იქნება ისეთი, თავიდან რომ დასჭირდება უნივერსიტეტს დაარსება. აღარ გვყავს ჯავახიშვილი და რომც გვყავდეს, ის ვერ იქნება „რეიტინგული“ და კონკურსს ვერ გაივლის, მითუმეტეს, პროცენტებში, რადგან ეს მეცნიერი 14 წელი წერდა ერთ მონოგრაფიას, რომელიც თქვენი ბუღალტერიით არ უდრის 17-ს, მაგრამ იგი გაუძლებს ყველა დროსა და ყველა განსაცდელს. აკი გაუძლო კიდეც ვაშაყმაძეებსა და ორაგველიძეებს.
სხვათა შორის, რადგან ივ. ჯავახიშვილი ვახსენე: უნივერსიტეტი დაარსდა როგორც სამოქალაქო ინსტიტუცია და არსებობდა ასეთად, ვიდრე 1925 წელს არ მოუშთო საბჭოთა სახელმწიფომ ავტონომია. ივ. ჯავახიშვილი გამოვიდა მთავრობის დადგენილების წინააღმდეგ და ამიტომაც 1926 წელს გადააყენეს რექტორობიდან დ შემდგომ გაუშვეს კიდეც უნივერსიტეტიდან. უნივერსიტეტი მეცენატებმა დაარსეს, მაგრამ ჩვენი ავბედობის გამო საბჭოთა სახელწიფო ძალადობდა მასზე (ვფიქრობ, ისტორიის დეტალები გვახსოვს). ეს გრძელდება დღესაც და, ერთი მხრივ, თითქოს საამაყო უნდა იყოს, მას რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია, გვინდა სახელმწიფო მზრუნველის როლში წარმოვიდგინოთ, მაგრამ რეალობა სხვაა. უნივერსიტეტის სამართლებლივ-ორგანიზაციული ფორმა რომ მის ავტონომიას შეაპირობებდეს, უმაღლესი განათლების კანონი რომ ამას უზრუნველყოფდეს, მაშინ ვერ შეძლებდა სახელმწიფო, ხაზინის გზით განეგო ჩვენი მწირი ბიუჯეტი. რადგან ფინანსური მხარის განკარგვა გარანტირებული გაქვთ, ახლა უნივერსიტეტის პროფესურის სანდოობის გარანტიაც გსურთ მიიღოთ კონკურსის გზით. 2013 წლის 9 სექტემბრის სენატის სხდომაზე ერთადერთი წინააღმდეგი ხმა ჩემი იყო და ეს ხმა უნივერსიტეტის ავტონომიის ფორმალურად არსებობის შენარჩუნებასა და სრულყოფას ისახავდა მიზნად.
ბატონო მინისტრო, ქართულ ფოკლორს რომ ზედმიწევნით ფლობთ, ეჭვგარეშეა. იმისიც მჯერა, რომ ზუსტად იცით - მეცნიერება სპორტი არ არის, რომ „დავეწიოთ...“ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ილაჯი არ გაგვწყდეს და სულგაძვრობილებს ისტორიის სანაგვეზე არ გვიკრას თავი ბედისწერამ. ჩვენისთანა ქვეყნისთვის ყოველი განათლებული კაცი სანთელია და მას მოფრთხილება უნდა, არ ჩაქრეს, იქნებადა, თავი დავაღწიოთ ცნობიერებაში ჩარჩენილ საბჭოთა ბნელეთს!
პროფესორი ცირა ბარამიძე
21. 10. 2017