Tuesday, 22 May 2018

ნოდარ თოთაძე

კანონმდებლობა და უმემკვიდრეო საგანძური


კანონმდებლობა და უმემკვიდრეო საგანძური
    როცა მატერიალური და სულიერი მტკივნეულად კვეთენ ერთმანეთს, განსაკუთრებით მწვავედ დგება სამართლებრივი საკითხები და გაუმართავი კანონმდებლობის  მოქმედების უარყოფითი შედეგები რისკის ქვეშ აყენებს იმას, რასაც  მხოლოდ მატერიალური და სულიერი ღირებულება კი არა აქვს, არამედ ერის ავთენტურობის, იდენტობის, მისი ისტორიისა და მომავლის გამომხატველია და არ ეკუთვნის მხოლოდ აწმყოს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მხოლოდ აწმყოში მოქმედი კანონმდებლობა კი არ უნდა განსაზღვრავდეს მის ბედ-იღბალს, არამედ ერი, რომელსაც ეს მემკვიდრეობა ეკუთვნის; უფრო ზუსტად, ერის ის ნაწილი, რომელიც დღეს არის ცოცხალი და არ დაუშვებს ერისთვის მომაკვდინებელ შეცდომას. დღეს ჩვენ პასუხისმგებელი ვართ არა მარტო ისტორიის, არამედ მომავლის წინაშეც.
    მუზეუმებში, და კერძოდ, ხელოვნების მუზეუმში დაცული ჩვენი ერის საგანძური არა მარტო სულიერი, არამედ მატერიალური თვალსაზრისითაც შეუფასებელია და იგი ეკუთვნის მრავალჭირნახულ ქართველ ერს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საგანძურის საეკლესიო ნაწილის  „მესაკუთრეობა“ და „მფლობელობა“  სხვადასხვა სუბიექტს ეკუთვნის, მესაკუთრე ეკლესიაა, მფლობელი კი - სახელმწიფო.  და თუ სახელმწიფოს ფუნქცია სახელმწიფოში სატიტულო ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული საგანძურის მოვლა-პატრონობაა, მან უნდა დახვეწოს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რათა შემდგომში გამოირიცხოს ის ქმედებები, რომლის წინაშეც დგას დღეს ეროვნული საგანძური; კანონის დახვეწაზე მსჯელობა „უკანმიდევნებულ ლამპარს“ რომ არ დაემსგავსოს, ცხადად და გასაგებად უნდა გავუგზავნოთ მესიჯი ყველას, ვისაც ეს ეკუთვნის: ეროვნული საგანძური ერს ეკუთვნის, მისი პატრონიც ერია, როგორი სამართალიც არ უნდა „შეაკოწიწონ“ კანონმდებლებმა.   მთავრობები მოდიან და (კიდევ კარგი) მიდიან, კანონებიც იცვლება, ესეც არ არის უბედურება; უბედურება ის არის, როცა კანონი, როგორც ქოთანი, ორივე მხრიდან იბამს ყურს და ნებისმიერ „დაინტერესებულს“, შინაურსა და გარეულს აძლევს საშუალებას, ხელი აფათურონ და სარგებელი ნახონ, საკუთარი ან სხვისი ინტერესი შეასრულონ. თუ დღეს ქართველი ერი ვერ დაიცავს თავის ეროვნულ მემკვიდრეობას, ის მალე დაკარგავს ეროვნულ სახეს და მომავალს კაცობრიობის ისტორიაში.
   რა არის დღეს აქტუალური პრობლემა?
    საზოგადოებისათვის გაუგებარია, დაგეგმილია თუ არა რეორგანიზაცია და რეაბილიტაცია? რამდენადაა ინფორმირებული ამის შესახებ საზოგადოება? რა არის არსებული კანონმდებლობის ხარვეზები? რატომ არ შეიძლება ამ მუზეუმის ფონდები სამუდამოდ გაინაწილონ  სხვა მუზეუმებმა?
    მუზეუმის ფონდები არ არის სახელმწიფო საკუთრება მხოლოდ. საკითხს ირიბად შეეხება „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონი, თუმცა ეკლესიებთან მიმართებაში ასევე მნიშვნელოვანია კონსტიტუციური შეთანხმება; ამ შეთანხმების მიხედვით, მუზეუმებში დაცული სასულიერო ხასიათის ნივთები სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ საკუთრებაშია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს დაფუძნდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. არადა, ყველა მუზეუმს თავისი ისტორია აქვს და არც ერთ დღეს არ დააკლებს ამ ისტორიას. ცნობილი მუზეუმები (მაგალითად, მეტროპოლიტენ მუზეუმი ძირითადად სხვადასხვა ხალხის კულტურითაა შექმნილი), ხელოვნების მუზეუმი კი უძველესი ქართული ერის მატერიალური და სულიერი საგანძურია.
     საქართველოს, როგორც უძველეს, დიდი კულტურის მქონე ქვეყანას, სამუზეუმო ფასეულობათა მოვლა-პატრონობის ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. ფლავიოს არეანეს (დაახლოებით 95-175) ნაშრომი „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“ ადასტურებს, რომ ქართველნი უძველესი დროიდან ზრუნავდნენ კულტურის შენახვისა და განვითარებისათვის, მათ შორის მუზეუმების სახით. ეს ტრადიცია შემდეგ საუკუნეებშიც გრძელდებოდა. ისტორიული და მხატვრული ფასეულობები ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებში იყრიდა თავს. ძველ საქართველოში ეკლესია-მონასტრები, ამავდროულად, სამუზეუმო წარმონაქმნების წინასახეებს უკავშირდებოდნენ და დედა ეკლესიის წიაღში სიძველეთა საცავებს წარმოადგენდნენ. სწორედ აქ იყო დაცულ-დაუნჯებული ერის სულიერი და ნივთიერი კულტურის ბრწყინვალე ნიმუშები, ეროვნული საგანძური, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ამსახველი დოკუმენტური წყაროები, ხელნაწერი წიგნები და სხვადასხვა წერილობითი ძეგლები. ეს ცენტრები ვითარდებოდნენ არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც: ათონსა და შავ მთაზე, იერუსალიმსა და სინას მთაზე, იორდანის ხეობაში და სხვა. ჩვენი მეფეები ზრუნავდნენ ქველი საქმით საცავებისათვის. 1801 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმებას უმძიმესი შედეგები მოჰყვა. განსაკუთრებული პრობლემები გაჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში. დაიწყო ეკლესია-მონასტრებში დაუნჯებული საგანძურების ძარცვა. გაცხოველდა უცხოელ კოლექციონერთა საქმიანობა. ისინი იძენდნენ სამუზეუმო მნიშვნელობის საგნებს და გაჰქონდათ საქართველოს ფარგლებს გარეთ. მასალები იგზავნებოდა რუსეთის სამეცნიერო აკადემიაშიც. სამეგრელოს მთავარს დავით დადიანს თავის მამულში, ზუგდიდში, სიძველეთა დიდი კოლექცია ჰქონდა.
XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო საქართველოში მუზეუმების ქსელის განვითარება და იგი ორი მიმართულებით წარიმართა. პირველი რუსეთის საიმპერატორო კარის ინტერესებს ემსახურებოდა და მიზნად  ისახავდა მთლიანად კავკასიის ბიოლოგიური, გეოლოგიური, ეთნოგრაფიული რესურსების საფუძვლიან შესწავლა-დაუფლებას, მოკლედ - ათვისებას. ამ დროს საქართველოში ორი მუზეუმი დაარსდა: რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებასთან - კავკასიის მუზეუმი (1852) და სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებასთან სასოფლო-სამეურნეო მუზეუმი (1855). ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ორი თვალსაზრისი: 1. საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარებისათვის ყველა პირობა არსებობდა (რ. ერისთავი), 2. კავკასიის მუზეუმი უნდა დახმარებოდა რუს და დასავლელ მეცნიერებს კავკასიის გაცნობაში და ექსპონატებით შეევსო ევროპის მუზეუმების ფონდები. მეორე თვალსაზრისმა გაიმარჯვა და 1864 წელს კავკასიის მუზეუმი დაიხურა რუსეთის იმპერიის მიერ. 1865 წელს კვლავ აღდგა გუსტავ რადეს ინიციატივით. 1911 წელს კვლავ დაიხურა მუზეუმი შენობის ავარიულობის მიზეზით. 1919 წელს დაარსდა საქართველოს მუზეუმი, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო კავკასიის მუზეუმის ფონდები და ქონება.
   XIX საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოში სამუზეუმო საქმიანობის მეორე მიმართულებას ქმნის ქართული საზოგადოება რუსეთის იმპერიის საპასუხოდ. ამგვარად, საზოგადოებრივ საწყისებზე აღმოცენდა ხელოვნების მუზეუმი ქართველი მოღვაწეების მიერ (დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, იროდიონ სონღულაშვილი, დავით სარაჯიშვილი, კათალიკოსები; კირიონ II, ლეონიდე, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, ეპისკოპოსები: ალექსანდრე, გიორგი, პეტრე, დავითი, ნაზარი, არქიმანდრიტები: პიროს ოქროპირიძე, დოსითეოზ ბერძენიშვილი; მეცნიერები: ნიკო მარი, ვასილ პეტრიაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ზურაბ ავალიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ივანე თარხნიშვილი, იუსტინე აბულაძე, გიორგი ბოჭორიძე, აკაკი შანიძე, შალვა ამირანაშვილი; ასევე ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები). ამგვარად, საზოგადო მოღვაწეებმა დაარსეს ხელოვნების მუზეუმი და თავი მოუყარეს ეროვნულ საგანძურს. ამ მუზეუმის მესვეურნი იყვნენ ჩვენი საგანძურის მცველები (გავიხსენოთ ექვთიმე თაყაიშვილი). საბჭოთა პერიოდში ხელოვნების მუზეუმი დევნის საგანი იყო,  (ეგზარქოსების პერიოდი - 1923-34 წწ., ასევე 1937-1947 წწ., 1997-1999 წწ.);  მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლიდან ხელოვნების მუზეუმი ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაშია, იგი ინარჩუნებს თვითმყოფადობასა და თავის სახეს ისტორიასთან ერთად და ასევე უნდა გაგრძელდეს მომავალში. შენობის რეაბილიტაცია არ უნდა გახდეს მიზეზი მისი გაუქმებისა, რისი ლოგიკური ეჭვიც შეიძლება არსებობდეს საზოგადოებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობის ტერიტორია ბიზნესინტერესებისთვის არ არის „ცუდი“ სამიზნე.
   თუ დღეს ხელოვნების მუზეუმს დაემუქრება საფრთხე მისი ფონდების გაფანტვისა და გარე ფაქტორების გამო, მე, როგორც მეცნიერი, ამ ქმედებას გავუთანაბრებ რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიის მუზეუმის დახურვის ფაქტს და ეს იქნება საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში ყველაზე მძიმე ნაბიჯი, მიმართული ქართული ეროვნული კულტურის   განადგურებისაკენ. არ დაგვავიწყდეს, ჩრდილოკავკასიელი ხალხები საქართველოს უყურებენ იმედის თვალით და ამით მათ ამ იმედსაც  გავუქარწყლებთ.
თუ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ თუნდაც შენობის რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ექსპონატის გადატანა თუნდაც ახლო მანძილზე დაუშვებელია, როგორ მოიქცევა მაშინ მუზეუმი? რა ხარვეზებს შეიცავს კონსტიტუციური შეთანხმება, რას გვეუბნება ამ შეთანხმების მუხლი 8.  ამ მუხლის 1-ლი ქვეპუნქტი განსაზღვრავს „სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა). მე-2 ქვეპუნქტი - ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმინდა ნაწილებისა და წმინდა რელიკვიების გარდა).   კანონში არ არის გამიჯნული დეფინიციები: „კულტურული მემკვიდრეობა“, „ეროვნული საგანძური“, „ისტორიული მემკვიდრეობა“. ეს კანონმდებლობა ერთ-ერთი წინაპირობაა მუზეუმიდან ნივთის დროებით სარგებლობაში გაცემისათვის; რა იგულისხმება საგანძურში, ამ კანონმდებლობით რთულია კონკრეტული იდენტიფიცირება.
       რა საკანანმდებლო ცვლილებებია საჭირო?
ცნობილია, რომ კანონმდებლობით მუზეუმს დროებით სარგებლობაში შეუძლია  გასცეს ფონდში ჩარიცხული ნივთები ორი შემთხვევით: 1. როცა საზღვარგარეთ გადის და 2. როცა ნივთი საქართველოში იფინება დროებით. მეორე შემთხვევაში ნივთის დროებით საგამოფენოდ გატანა დროებით სარგებლობაში გადაცემის ფორმით  უნდა მოხდეს, ოღონდ ამის თაობაზეც კონკრეტული პროცედურები არ არის დადგენილი კანონით, მხოლოდ მუზეუმის აქტია, შიდასამართლებლივი აქტი და კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესი. ამ წესს კანონის ძალა არა აქვს, თუმცა კანონის ნორმების ინტერპრეტაციით იყენებენ; არც კულტურის სამინისტროს ნორმატიული აქტი იყო სათანადო ფორმით მიღებული. ხშირად მუზეუმს კანონის არასრულყოფილების გამო არაკომფორტულ მდგომარეობაში უწევს მუშაობა.
     სწორედ კულტურის სფეროში სახელმწიფოს სუსტი პოლიტიკის შედეგია ის, რომ არ არის ნათლად ჩამოყალიბებული ხედვა, სად უნდა იყოს დაცული თუნდაც საეკლესიო ნივთები, რომელთაც ასევე დიდი ეროვნული ფასეულობა გააჩნიათ. ხელნაწერი მემკვიდრეობა დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, 70-იან წლებში ამ ცენტრში სხვადასხვა დაწესებულებიდან, მათ შორის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმიდან იქნა გადატანილი.
     ხელოვნების მუზეუმი საჭიროებს რემონტს, რეაბილიტაციას, სტრატეგიაც დიდი ხანია მომზადებულია - ხელოვნების მუზეუმში დაცული ექსპონატების დროებითი ევაკუაცია, რამდენადაც ცნობილია,  სიმონ ჯანაშიას მუზეუმსა  და ეროვნულ გალერეაში უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ორივე მუზეუმი კარგადაა შეკეთებული, გეოგრაფიულადაც ახლოსაა ხელოვნების მუზეუმთან; ხელოვნების მუზეუმის ფონდები შესაძლებელია განთავსდეს აღნიშნულ მუზეუმებში დროებით. საზოგადოებაში ჩნდება კითხვები იმის შესახებ, რომ ხომ არ იქნება ექსპონატების დროებითი ევაკუაცია წინაპირობა ხელოვნების მუზეუმის საბოლოო დახურვისა, გამომდინარე გარე ფაქტორებიდან. ვგულისხმობ მუზეუმის მიმდებარედ უკვე აშენებულ სასტუმროსა და ახლა ასაშენებელ მანქანების სადგომს, რომლის აშენებაც, სამწუხაროდ, შეუქცევადი პროცესია. ეს მშენებლობა კანონით დასაშვებ მანძილს არ ითვალისწინებს და სამშენებლო სამუშაოები (რყევები) დიდ საშიშროებას უქმნის ხელოვნების მუზეუმის ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ შენობას. აქ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით არაერთი პროტესტი გამოითქვა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მახსოვს არც ერთი პროტესტი, დაკავშირებული მუზეუმთან, არც უშუალოდ მუზეუმის მხრიდან, არც საზოგადოების მხრიდან; არავის არ გახსენებია ხელოვნების მუზეუმისთვის სამუშაოებით შექმნილი რისკები და არც ეროვნული საგანძურის ბედი. არ არის გამორიცხული, რომ ბიზნესინტერესებს შეეწიროს ამ შენობისა და მასში განთავსებული ეროვნული საგანძურის ბედი. გადატანა-გადმოტანა ხშირად ყოფილა დაკარგვისა და გაუჩინარების მიზეზი (არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები). ჩემთვის გასაგებია მუზეუმის მესვეურთა საზრუნავი და სიფრთხილე, მაშინ, როცა მათ არც გამართული კანონმდებლობა უმაგრებთ მხარს და არც საზოგადოების ინფორმირებულობა და მხარდაჭერა. მსურს ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, ამ რთულ პერიოდში ვიდგეთ მუზეუმის გვერდით და ამით განვახორციელოთ ჩვენი დისკრეციული უფლება - დავიცვათ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა. (მუხლი 9. ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სფეროში
1.  ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულ არიან:) დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას;) სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სახელმწიფო ორგანოებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისათვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ).
     ვფიქრობ, მუზეუმის ინვენტარიზაციაში უნდა იყვნენ ჩართული მუზეუმის თანამშრომლების გარდა საზოგადო მოღვაწეები, მეტი ნდობისა და პასუხისმგებლობისათვის. ამას თვითონ მუზეუმის თანამშრომლები უნდა ითხოვდნენ, რადგან არაერთი ფაქტია მუზეუმებიდან ექსპონატების გატანისა და დაკარგვისა, ზოგ მათგანს პროკურატურა დღემდე უშედეგოდ იძიებს (ე. ი. არ იძიებს); ამგვარად, ამ საგანძურის ბედიც მის ხელშია, ვის ხელშიც პროკურატურაა. დიდია პასუხისმგებლობა, რადგან ძალზე პატარაა ნდობა საზოგადოების მხრიდან. თუმცა დღეს საზოგადოების უმეტესობისთვის პურია სანატრელი, ნაწილს კი   თვალის სეირი უფრო აინტერესებს. დღეს დევალვაციას განიცდის ეროვნული ფასეულობები და, საზოგადოდ, ფასეულობები. ეროვნული საგანძურის საფრთხეში ჩაგდება, ხელოვნების მუზეუმისთვის სახისა და თვისობრიობის დაკარგვა იქნება ქართველი ერისა და კაცობრიობის  წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული. სწორი სახელმწიფოებრივი სტრატეგიის შემთხვევაში აქ, ქვეყნის შუაგულში,  უნდა აშენებულიყო არა სასტუმრო, არამედ ახალი შენობა  ხელოვნების მუზეუმისათვის. ეს იქნებოდა ღირსეული მიდგომა ეროვნული საგანძურისა და ფასეულობებისადმი, რითაც ქართველი ერი იმკვიდრებს ადგილს საკაცობრიო წიაღში. დღეს ეს ადგილი დიდ რყევას განიცდის და ამაში წილი უდევთ შიდა და გარე ძალებს.
     საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად, ეკლესიის საკუთრებაში გადაცემული საგანძური ორმაგეკლესიისა და სახელმწიფოსმფლობელობაში რჩება და ორივე მათგანი ერთად შეიმუშავებს ამ საგანძურით სარგებლობის წესებს, ოღონდ  რეგულაციები არ არის კანონში განსაზღვრული.
    სამუზეუმო ექსპონატების ერთი ნაწილის შესახებ კანონში არსებული ორმაგი მფლობელობა საკუთრებაში გადაცემაზე არანაკლებ სახიფათო მოვლენაა: ასაგებია, რომ სახელმწიფო საეკლესიო საგანძურზე ეკლესიის საკუთრების უფლებას აღიარებს, მაგრამ, ამავდროულად, საგანძური სახელმწიფოს დაქვემდებარებულ მუზეუმებში ინახება და, სამწუხაროდ, დღემდე არაა განხორციელებული იმ ნივთების განცალკევებით აღნიშვნა, რომლის მესაკუთრეცაა ეკლესია, და, ცხადია, ასეთი ქონება რჩება მუზეუმების დაცვის სავალდებულო სფეროში, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც პასუხს აგებს მუზეუმი. საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ (მუხლი 4) განსაზღვრავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოებს. 1-ლი ქვეპუნქტი - კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (შემდგომსამინისტრო), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზეაფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.მე-2 ქვეპუნქტით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენსაქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებისმე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
     სახელმწიფო უწყებამ - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ - უნდა მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა კონსტიტუციური შეთანხმების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების სპეციალური წესების შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება გამოცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე, ამ აქტების სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით. ამით დაცული იქნება საგანძური, რისი სამართლებრივი საშუალებაც დღეს არ არსებობს.
    კონსტიტუციური შეთანხმება თავისი არსით  დადებითი ხასიათის დოკუმენტია, თუმცა იგი არ უნდა დარჩეს იერარქიულად მაღალი ხარისხის სამართლებრივ დოკუმენტად, რადგან მისი ასეთი სახით გამოყენება შეუძლებელია. უნდა განხორციელდეს მასში გაწერილი დებულებების დახვეწა/საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება, განსაკუთრებით საგანძურის დაცვა/გადაცემასთან დაკავშირებით.
    კულტურის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, განსაზღვროს პოლიტიკა, რათა არ შეიზღუდოს მუზეუმების უფლებამოსილებები.
     საზოგადოებას აქვს უფლება - იყოს ინფორმირებული მუზეუმის შენობისა  და მუზეუმში დაცული საგანძურის შესახებ. რა თქმა უნდა, ყველა დეტალის გასაჯაროება ექსპონატების დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე დაუშვებელია, მაგრამ მუზეუმმა უნდა იცოდეს, რომ განსაკუთრებით დიდია საზოგადოებრივი ინტერესი ეროვნული საგანძურის უსაფრთხოების მიმართ. მით უმეტეს, როცა ნივთების გატანის სამართლებლივი საფუძვლები არ არის გაწერილი.
    და რადგანაც, სამწუხაროდ, დღეს კულტურული მემკვიდრეობა სამართლებლივი თვალსაზრისით დიდი შავი ხვრელია, არ არის გამორიცხული, რომ ამ დიდ შავ ხვრელში სამუდამოდ დაიკარგოს საგანძურის ნაწილი. არ არის საზოგადოებრივი კონტროლი, არ არის დახვეწილი კანონმდებლობა, არ არის რეალური პატრონაჟი, მუზეუმის ხელმძღვანელობა კი, ვფიქრობ, ვერ იქნება საბოლოო გარანტი, რომ ამ გადატანა-გადმოტანაში „ნემსიც არ დაიკარგება“ და არ დაზიანდება.
    დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, არ არის გარჩეული სამართლებლივად ტერმინები: „კულტურული მემკვიდრეობა“, „ეროვნული საგანძური“ და „ისტორიული მემკვიდრეობა“, არადა, ეს განა ერთი და იგივეა? კანონშემოქმედთ ან უნებლიედ არ გაუმიჯნავთ ან მიზანმიმართულად, ლავირება რომ შესაძლებელი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა ბოლო წლებში კულტურის ძეგლების მიმართ, სასამართლო დავა არ ყოფილა და, შესაბამისად,  პრაქტიკა არ არის ჩამოყალიბებული. თუ ადამიანის მიერ ჩადენილი სხვა სახის დანაშაული ისჯება, რატომ არ უნდა დაისაჯოს ის, ვინც კულტურის მიმართ ჩაიდენს დანაშაულს, მაგრამ სავალალოა ის, რომ არც ერთი ფაქტი არ არის გამოძიებული და არც რეაგირების შედეგებია ცნობილი.
     თუ ეროვნული მუზეუმისა და მასში დაცული ეროვნული საგანძურის მიმართ განხორციელდება შეუსაბამო ქმედებები, საზოგადოება გახდება მოსარჩელე, რადგან ეროვნული საგანძური არ არის მხოლოდ სახელმწიფოსა და ეკლესიის საკუთრება, იგი სრულიად ქართველი ერის საკუთრება და პასპორტია საკაცობრიო ცივილიზაციებში, რომლის დაცვა ყოველი მოქალაქის ვალია.
    გარდაუვალია ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია და ექსპონატების დროებითი ევაკუაცია, რადგან შენობა ამორტიზებულია და კოსმეტიკური რემონტი ვერ უშველის. ამიტომ უნდა მოეთხოვოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს - ან არ მოხდეს ნივთების გადატანა, ან მოხდეს კანონით განსაზღვრული წესით - ამიტომ სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს ამგვარი დოკუმენტი.
    არ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფო სტრუქტურებს და არც მუზეუმის ხელმძღვანელობას ილუზია, რომ ეს მხოლოდ მათი საქმეა. საზოგადოებას უფლება აქვს, ზუსტად იცოდეს სტრატეგია და გრაფიკი, როგორ, როდის და სად რა მოხდება.
     საკითხი „კონსტიტუციური შეთანხმება, როგორც ეკლესია - სახელმწიფოს ურთიერთობის სამართლებრივი ფორმა და მისი აღსრულება საქართველოში“ მონოგრაფიულად შეისწავლა ახალგაზრდა მეცნიერმა დიმიტრი გეგენავამ. ნაშრომის სამეცნიერო დასკვნები ფრიად საყურადღებოა. მართალია, სახელმწიფო საეკლესიო საგანძურზე ეკლესიის საკუთრების უფლებას აღიარებს, მაგრამ ყოველივე ეს სახელმწიფოს დაქვემდებარებულ მუზეუმებში ინახება. სამწუხაროდ, იმ ნივთების განცალკევებული აღნიშვნა და კატალოგიზება, რომლის მესაკუთრეც ეკლესიაა, დღემდე არ მომხდარა. აუცილებელია აღიწეროს თითოეული ნივთი და დადგინდეს მისი ზუსტი მესაკუთრე. გარდა ამისა, კონსტიტუციური შეთანხმებით, საეკლესიო საგანძური (წმიდა რელიკვიებისა და წმიდა ნაწილების გარდა), როგორც ეროვნული საგანძურის ნაწილი, სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაშია. აღნიშნული სამართლებრივი ნონსენსია, რადგან სამოქალაქო სამართლის მიხედვით, აღნიშნული შემთხვევა მფლობელობის შინაარსში ვერანაირად ჩაჯდება.  საეკლესიო საგანძური სახელმწიფოს ფაქტობრივ მფლობელობაშია - განთავსებულია მუზეუმებში. მართალია, ეკლესია მესაკუთრეა და განკარგვის უფლებითაა აღჭურვილი (ამ შემთხვევაში ამ უფლების კლასიკური განხორციელებაც შეზღუდულია), თუმცა მფლობელობას სახელმწიფო ახორციელებს. აღნიშნული თანამფლობელობის კონტექსტშიც ვერ განიხილება. რა თქმა უნდა, საეკლესიო საგანძურის დაცვისა და მოვლის მიზნიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს და მათ მოუაროს სახელმწიფომ. ამისთვის გამართლებულია საეკლესიო საგანძურის ამ უკანასკნელის მფლობელობაში დატოვება. ამიტომაც კონსტიტუციური შეთანხმების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა შეიცვალოს და სამართლებრივად გამართულად ჩამოყალიბდეს: ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა), როგორც საერთო ეროვნული საგანძურის ნაწილი, კანონმდებლობის შესაბამისად, არის სახელმწიფოს მფლობელობაში“. ამ შემთხვევაში, ნორმა როგორც შინაარსობრივად, ისე სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით გაიმართება. მესაკუთრე კვლავაც ეკლესია იქნება, მფლობელი კი - სახელმწიფო.  პრაქტიკაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და შესაბამისი მუზეუმის ადმინისტრაცია საეკლესიო საგანძურთან დაკავშირებულ საკითხებს ეკლესიასთან ათანხმებს, თუმცა ამის სამართლებრივი მოწესრიგება არ არსებობს.  სამწუხაროდ, კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული დამატებითი წესი, რომელიც საგანძურის სარგებლობის შესახებ სახელმწიფოს უნდა მიეღო, არ არსებობს. ამ კუთხით კონსტიტუციური შეთანხმება არ შესრულებულა და მყარი სამართლებრივი საფუძვლის ნაცვლად, მდგომარეობა მთლიანად მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობათა ავკარგიანობასა და კეთილ ნებაზეა მინდობილი. აუცილებელია, ეკლესიასთან თანამშრომლობით შემუშავდეს სპეციალური წესი, ნორმატიული აქტის ფორმით, რომელიც ამ შემთხვევებში მოქმედების ერთიან სტანდარტს დაადგენს. სპეციალური წესი სამართლებრივი აქტის ფორმით არ არსებობს კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენა, რესტავრაცია-კონსერვაციასა და მოხატვასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევასაც პრაქტიკა აწესრიგებს, კერძოდ, პირველ ეტაპზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მიმართავს საქართველოს საპატრიარქოს, რომლის ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრში არსებული საბჭო განიხილავს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის საკითხს და შესაბამის სამუშაოებზე ნებართვა მხოლოდ საბჭოსთან შეთანხმებით გაიცემა. აუცილებელია, ამ მიმართულებითაც დადგინდეს ნორმატიული მოწესრიგება, რომელიც დაცვის დამატებით გარანტიებს უზრუნველყოფს, რადგანაც ისტორიული მართლმადიდებლური ეკლესიები და ტაძრები არის არა ერთი კონკრეტული კონფესიის, არამედ მთელი სახელმწიფოსა და საზოგადოების, ხალხის ღირებული ობიექტები. სახელმწიფო პირნათლად ასრულებს კონსტიტუციური შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ყურად უნდა იღოს მეცნიერ დიმიტრი გეგენავას ეს დასკვნა და მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა მეცნიერთა და საზოგადოების წარმომადგენელთა  ჩართულობით საკანონმდებლო ორგანოში წარსადგენად.
ამგვარად:
1.      ნებისმიერი მუზეუმის და, განსაკუთრებით, ხელოვნების მუზეუმის, ასევე მასში დაცული ეროვნული საგანძურის ბედი საზოგადოების დიდი ინტერესისა და ზრუნვის საგანია; განსაკუთრებით დღეს, როცა მას შიდა და გარე პრობლემები გააჩნია და როცა გარედან მშენებლობით დარღვეულია შენობის - როგორც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლისადმი კანონის შესაბამისი მუხლები, საზოგადოება მიესალმება ინიციატივას - შეიქმნას საზოგადოების ნდობით აღჭურვილ პირთა - სპეციალისტთა კოლეგია, რომელიც ჩაერთვება ხელოვნების მუზეუმის ექსპონატების დროებით საევაკუაციოდ მოსამზადებელ ინვენტარიზაციაში და ეს ჯგუფი იმუშავებს მუზეუმის საინვენტარიზაციო ჯგუფთან ერთად ექსპონატების გატანისა და შემდგომ უკან დაბრუნების შემთხვევაში; ეს უნდა შედიოდეს თავად მუზეუმის თანამშრომელთა ინტერესებში;
2.      საზოგადოება მუზეუმის მხრიდან უნდა იყოს ინფორმირებული შესაძლო და დასაშვები ფორმებით მუზეუმის შენობისა  და საგანძურის  დაცულობის ხარისხის შესახებ გადატანისა და მუზეუმის რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნების პროცესში;
3.      მუზეუმს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა თითოეული ექსპონატის  შესახებ, რომელთა ევაკუაცია სახიფათოა;
4.      რადგანაც კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული მემკვიდრეობისა და  ეროვნული საგანძურის ფლობის საკანონმდებლო უფლებამოსილება მინიმუმ სამ სახელისუფლებო უწყებას ეკუთვნის (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო), მივმართავ შესაბამის უწყებებს, მეცნიერ-სპეციალისტებთან ერთად მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და მოახდინონ ამ ცვლილებების  ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში, რათა დაიხვეწოს აღნიშნული კანონმდებლობა, რომლის ხარვეზები აჩენს სამართლებლივ შავ ხვრელებს და ქმნის  ამ მემკვიდრეობის უსაფრთხო შენახვის საშიშროებას;
5.      უნდა შენარჩუნებულ იქნეს ხელოვნების მუზეუმის საუკუნენახევრის ისტორია და ფონდები იმ სახით, რა სახითაც ისინი არის წარმოდგენილი დღეს, რათა რეაბილიტაციის შემდეგაც ფონდები დაუბრუნდეს განახლებული მუზეუმის საცავებს, არ მოხდეს ამ ფონდების გაფანტვა სხვადასხვა მუზეუმში სამუდამოდ იმ მიზეზით, რომ ეს შენობა და ტერიტორიაც  ბიზნესინტერესების სფეროშია.
6.      წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ პასუხს ვაგებთ ისტორიის წინაშე!

პროფესორი ცირა ბარამიძე
20.12.2017
21:05


ნოდარ თოთაძე

About ნოდარ თოთაძე -

Author Description here.. Nulla sagittis convallis. Curabitur consequat. Quisque metus enim, venenatis fermentum, mollis in, porta et, nibh. Duis vulputate elit in elit. Mauris dictum libero id justo.