Saturday, 31 March 2018

ნოდარ თოთაძე

პროფესორი ცირა ბარამიძე პასუხობს "აიისას" შესახებ:

პროფესორი ცირა ბარამიძე პასუხობს "აიისას" შესახებ:
- ქალბატონო ცირა, როგორ ფიქრობთ, შეილახა თუ არა ქართველი ხალხის ეროვნული და რელიგიური გრძნობები შპს „აიისა“-ს მიერ პრეზერვატივების „ბრენდირებისას“?
- შპს-მ მთავარ მიზანს მიაღწია - მას სურდა ისეთი მარკეტინგული ხრიკი განეხორციელებინა, რომ ერთდროულად გამხდარიყო პოპულარული და კონკურენტუნარიანი, ასევე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მას მიზნად ჰქონდა ქართველი ერის ეროვნული ღირსების შელახვა.
- რატომ უნდა ჰქონოდა ასეთი მიზანი?
- ბაზარზე პროდუქტის შემოტანა, თანაც ისეთის, რომელსაც აქამდე ამ ქვეყანაში არ ამზადებდნენ, განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. აღნიშნული პროდუქტი შეიცავს დასაფარ-დასამალის განცდას და, ამავდროულად, მოთხოვნადია. მწარმოებელმა, ერთი მხრივ, პროდუქტის დასახელებისას დაიცვა თითქოს ქართული ენის ეკოლოგია, შეუმსუბუქა მომხმარებელს ენობრივი ბარიერი „უხერხული“ სიტყვის წარმოთქმისას, ერთგვარი ტაბუირება გამოიყენა და, შეიძლება ითქვას, წარმატებულადაც ჩასწვდა ქართულენოვანი მომხმარებლის შეზღუდულ ენობრივ ბარიერს აღნიშნული პროდუქტის მსგავსი პროდუქტების სახელთა საზოგადოებაში წარმოთქმისას, მაგრამ, მეორე მხრივ, უეჭველი ხდება, რომ პროდუქტის ბრენდირება ააგო ქართველი ერის ეროვნული და რელიგიური გრძნობების შელახვით, თანაც იმგვარად, რომ ზუსტად იცოდა, გამოიწვევდა უარყოფით რეაქციას. ეს რეაქცია გახდებოდა პოპულარობისა და მარკეტინგული დაინტერესების საგანი. ზუსტად გათვალა და მიზანსაც მიაღწია. მის უკან დგას ის ძალები, რომელთათვისაც თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ყოველგვარი ეროვნული დაცინვისა და შეურაცხყოფის საგანია. ერის ავთენტურობისა და სიცოცხლიუნარიანობის კოეფიციენტი იზომება მისი კულტურული მემკვიდრეობით, ამ მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულებით. კულტურული მემკვიდრეობა არის ის „წმინდა ოქრო“, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სინთეზის შედეგად მიიღება და უდაოდ მეტყველებს ამა თუ იმ ხალხის კულტურულ ინდივიდუალობაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ხალხის კულტურა ცუდია ან კარგი. კულტურა გამოხატავს ჩვენს ინდივიდუალობას სხვა ხალხების კულტურათა შორის. ამგვარად, კულტურა ზოგადი გაგებით საერთოა, მაგრამ კონკრეტული ერის კულტურა კონკრეტული ერის ავთენტურობის, ინდივიდუალურობის გამომხატველია. ქართული კულტურა ქართველი ერის სულიერი სამყაროსა და ინდივიდუალურობის მატერიალური და სულიერი გამოხატულებაა, ჩვენი ერის პასპორტია ცივილიზებულ სამყაროში.
ამ კომპანიის პროდუქტის ბრენდირება ჩვენი ერის ეროვნული პასპორტის პირდაპირი შეურაცხყოფაა, მიწასთან გასწორებაა, იმ ნიჰილიზმისა და უიმედობის უხეში გაგრძელებაა, რომელსაც დამპყრობლები საქართველოში ცდილობდნენ დაეთესათ, რათა „გაემართლებინათ“ მათი კოლონიალური სტრატეგიები - ჩვენ ხომ მონათლული ვიყავით „ველურ ხალხებად“, უკულტურო ერად, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის მართვა და მით უმეტეს საკუთარი კულტურის შექმნა და შენარჩუნება. კომპანია შეიძლება ბრმა იარაღი იყოს სხვა ძალებისა, რომელთა მიზანი ქართული ეროვნული და, უფრო მეტიც, სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგა მიმართული, მაგრამ ეს სულაც არ ამართლებს ამ კომპანიის მესვეურთ, პირიქით, ორმაგი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
- რატომ თამარი და რუსთაველი?
- ქართული სახელმწიფო თავის უმაღლეს მწვერვალს აღწევს რენესანსის ხანაში - თამარის ეპოქაში. ამ პროდუქტის შემქმნელმა კომპანიამ ზუსტად გათვალა, რა უფრო დააზარალებდა ქართულ ფენომენს. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ არ იცოდა, რას აკეთებდა. ქართული სახელმწიფო ძლიერებას აღწევს ქრისტიანულ შუასაუკუნეებში და რელიგიურ ფაქტორს ტოლერანტულ საქართველოში უდიდესი როლი ენიჭება. ყველა წიგნიერისთვის ცნობილია, რომ თამარი თავისსავე ეპოქაში გაცხადებული იყო სამების (მამა, ძე, სულიწმინდა) ერთ-ერთ ჰიპოსტასად - არსად, კერძოდ, თამარი იყო სულიწმინდის სიმბოლიზაცია რეალურ ცხოვრებაშიცა და მხატვრულ შემოქმედებაშიც. თამარი ჩახრუხაძის „თამარიანში“ „სულიწმინდაა“ (გულო, აბა, მო, დაუსაბამო, თამარ ვთქვა ნათლად და ნახსევნებად... სულის სავანე, მზეებრ სავანე, თან გამწყოდ ძისა, სწორად მამისა...). ძის ანუ ქრისტეს თანგამწყო არის სულიწმინდა. თამარი სულიწმინდაა, ძის თანგამწყო და მამის სწორი. ამგვარად, თამარი საკრალური არსებაა თავისსავე ეპოქაში. ქრისტეს მესიანისტური მისია იყო ცოდვითდაცემული ადამიანისთვის სასუფევლის გზის ჩვენება, ხოლო თამარის მისია იყო - ეხსნა არა მარტო საქართველო, არამედ საქრისტიანო არაქრისტიანული ძალებისაგან. ამასვე მოწმობენ „ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი“. თამარი არის შოთა რუსთაველის პოეზიის წყარო და რუსთაველი თამარს წარმოგვიდგენს სწორედ სულიწმინდად, რომლის სახილველად მისი სულიერ თვალნი „უნათლონი“ გამხდარან, რომლის მოსაპოვებლადაც დაბრკოლებების გადალახვაა საჭირო, ხილული და უხილავი მტრის დამარცხება ინკარნაციის გზაზე კათარზისის მისაღწევად. თამარი წმინდანია. მისი ხელყოფა ნიშნავს ქართველი ერის ღირსების ხელყოფას. სწორედ ამიტომ გადაიჯაჭვა „“აიისას“ ლოგოებში „ვეფხისტყაოსნისა“ და თამარის სახეები, რათა დაამდაბლონ ის, რაც ესოდენ ამაღლებულია, რაც სწორედ ის არ არის, რისთვისაც „აიისა“ გამოიყენება. უმაღლესი იდეალების გამომხატველი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ მთელს მსოფლიოში პირველი აყენებს ქალისა და მამაკაცის უფლებრივი თანასწორობის იდეას: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“. ასე არ ფიქრობდნენ მე-12, მე-13 საუუკუნეებში არც ევროპაში და, მით უმეტეს, არც აზიაში. საქრთველო იყო მაშინ მთელს წინააზიაში, მახლობელ აღმოსავლეთში პროგრესული სახელმწიფო, რომელსაც ევროპაზე ადრე შეეძლო განეხორციელებინა წინსვლა და განვითარება, რომ არა მონღოლთა ურდოების შემოსევები და მოგვიანებით რუსეთის იმპერიის ყველაზე დაუნდობელი ბრძოლა სწორედ ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ.
ქართული სულიერება ზედმიწევნით და განუმეორებლად აისახა „ვეფხისტყაოსანში“. რუსთაველი არის ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების უმაღლესი მწვერვალი; ასევე ზოგადჰუმანური იდეალების ყველაზე დიდი გამომხატველი მთელს მსოფლიო ლიტერატურაში, რაც კი ოდესმე შექმნილა (დანტე ალიგიერზეც დიდი); ოღონდ ერთი უბედურებაა - იგი არის პატარა, დაჩაგრული ქვეყნის მოაზროვნე შვილი და თუ ამ ქვეყნის მიწასთან გასწორება სურს მტერს, სწორედ „ვეფხისტყაოსნით“ იწყებს. ისტორიაში ცნობილია ბრძოლა „ვეფხისტყაოსნისა“ და მისი ავტორის წინააღმდეგ, ძირითადად, გარეშე მტრის მიერ წარმოებული, მაგრამ „ხემ თქვა - ცული რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო!“ აი, ამგვარი ცულის ტარია ახლა ეს „აიისა“, ნებსით თუ უნებლიეთ მტერი საკუთარი ქვეყნისა და ეროვნული საგანძურისა. არ ვიცი, რა მატერიალური „სიკეთე“ უნდა მოუტანოს ამ კომპანიას ამ რეკლამირებამ, ერთი რამ ცხადია, პირადად ჩემთვის ეს კომპანია არის ჰეროსტრატე, რომელმაც ისტორიაში თავი სწორედ საშინელი ქმედებით შეიტანა - ტაძარი დაწვა.
- იქნებ, ასეთ სიღრმეებს არ გულისხმობდნენ პროდუქტის შემქმნელები?
- მათ რომ სიღრმეები და წიგნიერება არ გააჩნიათ, იმითაც დასტურდება, რომ პოემიდან სწორად ფრაზების გადმოწერაც არ შეუძლიათ („რასაცა გასცემ, შენია, რასც არა - დაკარგულია“). სკოლასა და გარშემო მყოფთ რომ აეხსნათ თავის დროზე, რას ნიშნავს კულტურული სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობა, ვფიქრობ, ბიზნესინტერესები ვერ შელახავდნენ ესოდენ წმინდა რამეს.
- ქართლის დედის ლოგო რატომღაა გამოყენებული?
- ქართველურ კულტურაში ქრისტიანობამდელი, წარმართული ეპოქიდან მომდინარეობს დედის კულტი. ბუნების დიდი დედის (ასევეა ძველ საერთოკავკასიურ კულტურაში) ნანას კულტი, ნაყოფიერების ღვთაების კულტი უდიდეს როლს ასრულებდა კავკასიურ ეთნოკულტურაში. ქრისტიანობის შემოღების შემდგომ მას შეერწყა სინკრეტული სახით დედა ღვთისას სახე. როგორც აღვნიშნე, ნაყოფიერებისა და სიწმინდის სინთეზი ქმნიდა ქართველთა და სრულიად კავკასიელთა განსაკუთრებულ ეთნოკულტურას. ქართვლის დედა და თამარი - ფემინური საწყისი - „აიისას“ შემქმნელთათვის შეურაცხყოფის საგანი გამხდარა, რადგან სწორედ ფემინური საწყისი ასოცირდება იმ მიზნობრიობასთან, რისთვისაც „აიისაა“ გამიზნული. ორაზროვანი ქვეტექსტები, რომ „ქართვლის დედას არ სურს იყოს მათი დედა“, თითქოს ნიღბავს მთავარ მიზანს, მაგრამ კიდევ უფრო ამძაფრებს გონივრულ ეჭვს იმის შესახებ, რომ მიზანმიმართულადაა გამოყენებული ყველაზე არასასურველ პროდუქტზე ეს სიმბოლოები და არა სხვა რამ.
- გახსენდებათ სხვა ანალოგიური შემთხვევები?
- არა, არ მახსენდება. რუსთაველს წვავდნენ, მარხავდნენ, ჩამოხსნეს უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელიდან, რადგან აკადემიური საბჭოს წევრებმა თსუ 1-ლი კორპუსის რემონტის დროს „აღმოაჩინეს“, რომ არ იყო თსუ-ში 1966 წელს დაკიდებული რუსთაველის ბარელიეფი „ხელოვნების ნიმუში“ (არადა, ამ წელს მას რომში ალიგიერის გვერდით დაუდგეს ძეგლი); ბორჯომში რუსთაველის ბიუსტი მიწაში ორ მეტრზე ჩამარხეს... მოკლედ, რუსთაველს ქართველთა დაუნდობლობისა და უგუნურების გამო მშობლიური მიწა არ ეღირსა და არც მისი უკვდავი შემოქმედების ხელშეუხებლობა გახდა შესაძლებელი. რა არ მახსოვს, მაგრამ სექსუალური ორაზროვნების მიზნობრიობით გამოყენება ყოვლად წარმოუდგენელი დანაშაულია, ერის წინაშე ჩადენილი. ვფიქრობ, უნდა არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო საზღაური. ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონი იმდენად უვარგისია (ამის შესახებ ვწერდი 2018 წლის 10 იანვარს „ახალი ვერსიაში), რომ არ გამიკვირდება, არ იყოს შესაბამისი ქმედებისთვის სასჯელი გათვალისწინებული. ალბათ, ესეც გაითვალისწინეს „აიისას“ ავტორებმა.
- რელიგიური ფაქტორების ასეთი გამოყენება როგორ გესახებათ?
- ყველა ადამიანისა და ყოველი ერის რელიგიური მრწამსი საპატიოა და ხელშეუხებელი. მას უნდა იცავდეს კანონი, როგორც ადამიანის უზენაეს უფლებას. საქართველოში დასაშვები გახდა, სამწუხაროდ, ყოველგვარი უფლების ხელყოფა, მათ შორის, სიცოცხლისა და რელიგიური აღმსარებლობის უფლებაც, რელიგიური გრძნობების ხელყოფაც. რატომ? იმიტომ, რომ სახეზეა დაუსჯელობის სინდრომი და, ვფიქრობ, ესეც გათვალეს „აიისას“ ავტორებმა.
ერს, რომელსაც სერიოზული დემოგრაფიული პრობლებები გააჩნია, რომლის სიცოცხლისუნარიანობა მინორიტარულ ზღვარს სცდება, მეტი სიფხიზლე და სახელმწიფოებრივი აზროვნება მართებს.

პროფესორი ცირა ბარამიძე
25.03. 2018. 21:36

ნოდარ თოთაძე

About ნოდარ თოთაძე -

Author Description here.. Nulla sagittis convallis. Curabitur consequat. Quisque metus enim, venenatis fermentum, mollis in, porta et, nibh. Duis vulputate elit in elit. Mauris dictum libero id justo.