პროფესორი ცირა ბარამიძე
უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო
გეგმა და კონცეფცია
უნივერსიტეტში ჩემი მოღვაწეობის (თითქმის 4 ათეული
წელი) სასიცოცხლო ამოცანად მესახება პროფესორებსა
და სტუდენტებთან ერთად განვახორციელო იდეა
„ავტონომია უნივერსიტეტს!“
უნივერსიტეტის მართვის
ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ქმედითი ღონისძიებების გატარება,
რომლებიც თანამიმდევრულად ხელს
შეუწყობს სამართლებრივ ფორმატში უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპების შემცველი ცვლილებების გატარებას.
2016 წლის
გაზაფხულზე თსუ-ში განვითარებულმა მოვლენებმა,
რომელთა კვალდაკვალ უნივერსიტეტში მოხდა სტუდენტთა და პროფესორთა პოლარიზება, ნათელი გახადა
უნივერსიტეტში სისტემური ცვლილებების გატარების აუცილებლობა; თუმცა მე ამის შესახებ სამი წლის წინათ ვწერდი. პოსტსაბჭოთა სივრცეში საბჭოთა კავშირის დანგრევიდან
25 წლის შემდეგაც კი თსუ-მ ვერ
შეძლო გამოსულიყო საბჭოთა მემკვიდრეობის ცნობიერებიდან და
ვერ შეძლო განეხორციელებინა ნამდვილი
საუნივერსიტეტო იდეა. თსუ-ის პოლიტიზირების მანკიერი ტრადიცია
ინერციით შენარჩუნებულ იქნა
წინა პერიოდში, რამაც ერთგვარად შეუნარჩუნა
ნიადაგი ხელისუფლებას, ჩარეოდა
საუნივერსიტეტო საქმიანობაში; უფრო მეტიც,
ემართა იგი; ხოლო
უნივერსიტეტის მართვის ორგანოებმა ვერ შეძლო, თავიდან
აეცილებინა უნივერსიტეტში სტუდენტთა დაპირისპირება. უნივერსიტეტის ავტონომიურობის ხარისხი შეაპირობა უნივერსიტეტის სამართლებრივ-ორგანიზაციულმა ფორმამ
და ამ ფორმის შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებებმა.
რა მოტივაცია გამაჩნია უნივერსიტეტის
მართვის სისტემაში მოსვლისათვის?
პროფესურასა და
სტუდენტობასთან ერთად ვიმუშაოთ, რათა განვახორციელოთ და დავიცვათ საუნივერსიტეტო
იდეა;
განვავითაროთ აკადემიური საზოგადოების წევრთა
თანასწორუფლებიანობისა და საუნივერსიტეტო მართვაში
ჩართულობის პრინციპები;
შევამზადოთ საფუძვლები უნივერსიტეტის რეალური
ავტონომიურობისათვის; მოვამზადოთ
უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი ამ ცვლილებების
ინიცირებისათვის; მივიღოთ
მონაწილეობა ამ საკანონმდებლო ცვლილებებში,
როგორც ბენეფიციარებმა. ეფექტურად წარვმართოთ
თსუ-ის მართვის ორგანოების
მუშაობა იმ მიმართულებით, იმ საკანონმდებლო
ცვლილებების ინიცირებით, რომლებიც შეაპირობებენ უნივერსიტეტის რეალურ ავტონომიურობას;
დავაარსოთ
უნივერსიტეტის განვითარების ფონდი; ავამაღლოთ სამოქალაქო საზოგადოების განწყობა უნივერსიტეტისადმი მეურვის როლის განხორციელებისათვის; განათლებაში ჩადებული
ინვესტიცია ყველაზე გრძელვადიანი და შედეგიანი ინვესტიციაა.
ვიმუშაოთ უნივერსიტეტის ეკონომიკური შემოსავლების გაზრდისათვის;
შევქმნათ სამართლებრივი და მატერიალური საფუძვლები უნივერსიტეტის
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი
განვითარებისათვის, ასევე საუნივერსიტეტო
კამპუსის განსახორციელებლად;
უნივერსიტეტის მართვის სისტემებმა აქტიურად უნდა
იმუშაონ
სახელმწიფოს
მართვის სტრუქტურებთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოსთან, რათა უმაღლესი განათლების
კანონში შევიდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც გარანტირებულს გახდის უნივერსიტეტის
ავტონომიას.
როგორია ავტონომიურობის პრობლემა
უნივერსიტეტში?
დღეს პროფესურის
უმეტესი ნაწილი ამ საკითხს არც განიხილავს და მას
აკმაყოფილებს ის, რომ უჭირავს აკადემიური
თანამდებობა, აქვს გარანტირებული ხელფასი და აგრძელებს თავის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას.
ერთი შეხედვით, ეს სწორედ ის სიტუაციაა, რომელშიც უნდა მოღვაწეობდეს პროფესორი;
რომ არა პერიოდულად განხორციელებული რყევები,
რომლებიც არღვევს უნივერსიტეტის მუშაობის
რიტმს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს,
მეცნიერ- პროფესორებს კი იძულებულს ხდის, გამოვიდნენ თავიანთი სამუშაო კაბინეტებიდან.
ე.ი. „მოჩვენებითი მშვიდობა“ რეალურ სახეს
აჩვენებს. რეალური სახე კი ის არის, რომ
უნივერსიტეტი ნომინალურადაც არ
არის ავტონომიური, რეალურად სახელმწიფოს (უფრო
ზუსტად, ძალაუფლების მქონე
ხელისუფლების) ხელში საჭიროების შემთხვევაში
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
პოლიტიკური ინსტრუმენტია თავისი ინტერესების გასატარებლად.
საბჭოთა კავშირის დანგრევიდან
25 წლის შემდეგ ისეთივეა უნივერსიტეტი
და მისი მართვის სისტემა, თუ უფრო უარესი არა, როგორიც ის ტოტალიტარული რეჟიმის
დროს იყო. ნაწილობრივ
შეიცვალა განათლების კანონი, მათ შორის, უმაღლესი განათლების კანონი და რეფორმატორები
ცდილობდნენ და ცდილობენ
თითქოს დღესაც, დემოკრატიული ქვეყნის განათლების სისტემას
დაამსგავსონ იგი, მაგრამ
ამაოდ. ბოლო პერიოდში
ეს საკანონმდებლო ცვლილებები საერთოდაც
რეტროგრადულია (ამის შესახებ კონკრეტულად ქვემოთ
ვისაუბრებ). რატომ არის დისონანსი რეფორმასა
და მის
განხორციელებას შორის?
რეფორმებს საფუძვლად უდევს
პოლიტიკური ნება, რომელიც მთავრობებთან
ერთად რადიკალურად იცვლება. არადა, განათლებისა და მეცნიერების არსი უცვლელი რჩება
თავისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე. ამ ბურთაობაში ზარალდება
თაობები და ზოგჯერ
მათი დამოკიდებულება მწვავედ გამოხატავს სწორედ ამ პოლიტიკური ზიგზაგებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს,
მაგრამ ეს მხოლოდ ზოგჯერ; როგორც კი ვნებათა ღელვა ჩაცხრება ხელისუფალთა მორიგი მედიატორობისა და უშუალო ჩარევის,
დაპირებების შედეგად, ეს პრობლემებიც მიიძინებენ. მინდა გითხრათ, რომ
მათს გამოღვიძებას ერთი პატარა ნაპერწკალი
სჭირდება და მას „ძალზე წარმატებულად“
ახორციელებს ნებისმიერი პოლიტიკური
ძალა ნებისმიერ დროს.
პრობლემას ორი მხარე აქვს:
1. უნივერსიტეტი
უნდა იყოს თავისუფალი, ავტონომიური, მაგრამ
არ არის არც სამართლებრივად და არც რეალურად; სისტემურად და სისტემატურად არც
არავინ იბრძვის უნივერსიტეტის
ავტონომიისათვის სტუდენტების გარდა. დღეს,
უნდა ითქვას, სტუდენტებს
უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს უნივერსიტეტის ავტონომიურობის ჩამოსაყალიბებლად,
ვიდრე, სამწუხაროდ, პროფესურას. ეს რეალობაა.
2. სახელმწიფოს
უნდა ესმოდეს, რომ უნივერსიტეტი თავისი არსით სამოქალაქო ინსტიტუციაა; სახელმწიფოს
ან არ ესმის უკეთეს შემთხვევაში, ან ესმის, მაგრამ ხელს არ აძლევს უნივერსიტეტის ავტონომია.
რატომ? იმიტომ, რომ საბჭოთა ტოტალიტარულ სახელმწიფოში ინტელიგენცია
წარმოადგენდა დასაყრდენს ერთადერთი პოლიტიკური პარტიისათვის. ასე
იქმნებოდა საბჭოთა სინამდვილეში პარტნომენკლატურული მართვა
უნივერსიტეტში. ეს მავნე პრაქტიკა დღესაც ცოცხლობს, ოღონდ იღებს კიდევ
უფრო მახინჯ ფორმას და ეს ხელსაყრელია პოლიტიკური
ძალებისათვის, რომლებიც, საბედნიეროდ, დღეს მხოლოდ ერთადერთი არ არის, მაგრამ,
საუბედუროდ, უნივერსიტეტის ცხოვრებაში ახდენენ პროფესორთა
და სტუდენტთა პოლარიზებას.
ეს კი რადიკალურად ეწინააღმდეგება საუნივერსიტეტო
იდეას. პოლარიზებული და არეული უნივერსიტეტი ხელსაყრელი ნიადაგია პოლიტიკური ძალებისათვის
(და არა მარტო
მათთვის) უნივერსიტეტში საკუთარი
„წესრიგის“ დასამყარებლად. თანაც გვაყვედრიან: აი, უნივერსიტეტი ვერ ახერხებს
თავის მართვას და აუცილებელია ზემდგომი ორგანოს ჩარევა.
ხელისუფლებას ორი რამ უნდა ევალებოდეს
უნივერსიტეტის მიმართ:
1. შექმნას გამართული საკანონმდებლო
ბაზა;
2. დაეხმაროს უნივერსიტეტს ფინანსურად.
ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ განათლების სისტემის,
მათ შორის უნივერსიტეტის, პოლიტიზირება აზიანებს არა მარტო განათლების სისტემას,
არამედ ძირს უთხრის
ხელისუფლებას და აჩქარებს
მის ცვლას, რადგან
განათლების სისტემა
ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სფეროა საზოგადოების ცხოვრებაში.
ამგვარად,
პროფესორთა ნაწილი არ აცნობიერებს უნივერსიტეტის ნამდვილი
იდეის - ავტონომიურობის - განხორციელების აუცილებლობას
და დღემდე ცოცხლობს პატრონაჟის (ზემდგომის)
მოლოდინითა და პასუხისმგებლობით, ისინი ელოდებიან გადაწყვეტილებებს ზემოდან.
ხელისუფლებას კი არ აძლევს
ხელს „დააგდოს ძველი გზა“, მიუხედავად
იმისა, რომ ეს გზა
ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს.
ეს იმას ჰგავს,
ძველ ჭურჭელში რომ ახალი ღვინო ჩავასხათ.
საქართველოში განათლების სისტემაში ფორმის ცვლას არ
მოჰყოლია შინაარსობრივი ცვლა,
მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა ცვლილებები.
ეს ეხება ძირითადად სასწავლო პროგრამების მოდერნიზებას და საერთაშორისო ბაზარზე
მორგებას. საბჭოთა მანკიერი პრინციპები მართვაში (განსაკუთრებით კლანური
მართვა) თსუ-ს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ფაქტობრივად, არ
შეცვლილა. „დემოკრატობანა“ უნივერსიტეტმა თამაშად
გაიხადა უნივერსიტეტის მართვის
ორგანოების არჩევნების დროს, რისი დასტურია უგამონაკლისოდ ყველა არჩევნები თსუ-ში ბოლო პერიოდში
ჩატარებული. გამონაკლისად მინდოდა
ჩამეთვალა ახალი აკადემიური საბჭოს
არჩევნები და სენატის განახლება-შევსება. ერთი სიტყვით, აქამდე ძველი აკადემიური საბჭო,
„ლეგიტიმაციამოპოვებული“ მართვის
ორგანოები უაპელაციოდ ასრულებდნენ დირექტივებს ზემოდან, არ იჩენდენ ინიციატივას საკანონმდებლო
ცვლილებებისათვის მაშინაც კი, როცა თავზე ექცეოდათ უნივერსიტეტი. ასე იყო დღემდე. არჩევნების
დროს დაანონსებული იყო და არის დღესაც შედეგი, პროფესურის ერთ ნაწილში ნიჰილიზმია - „მაინც
არაფერი შეიცვლება“, ხოლო ის ნაწილი პროფესურისა, რომელიც უშუალოდ იყო „ჩართული მართვაში“, თავს
კომფორტულად გრძნობდა. უნივერსიტეტის მომავალში
ისინი საკუთარ თავს
ხედავდნენ და არა უშუალოდ უნივერსიტეტის პროგრესს. სწორედ ამის
შედეგი იყო 2016 წლის გაზაფხულის მოვლენები უნივერსიტეტში.
დღეს თითქოს
ვითარება შეიცვალა. ახალი აკადემიური საბჭოს წინაშე დგას
მწვავე წინა გამოცდილება და ახალი პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის განვითარების საქმეში.
მინდა მჯეროდეს, რომ დღევანდელი აკადემიური საბჭო ზუსტად განსაზღვრავს რისკ-ფაქტორებს
უნივერსიტეტის ავტონომიის წინაშე. უნივერსიტეტის ავტონომიის
განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი აკადემიური თავისუფლება გახლავთ. აკადემიური თავისუფლების შემთხვევაში პროფესორთა
და სტუდენტთა გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ
მოახდენს ვერც ერთი
პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური
სტრუქტურა, მატერიალური მდგომარეობა
და სხვადასხვა ჯგუფისადმი კუთვნილება - ყველაზე
მნიშვნელოვანი, პირველხარისხოვანი ფასეულობა პროფესიონალიზმი და სამართლიანობაა.
უნივერსიტეტის ავტონომიურობაზე საუბრისას უმნიშვნელოვანესია ფინანსური დამოუკიდებლობის ასპექტი. უნივერსიტეტი არსებობს
თვითდაფინანსებით, სტუდენტების
მოტანილი თანხით, მაგრამ
ამ თანხებს დღეს სახელმწიფო ხაზინის
გავლით განკარგავს უნივერსიტეტი; უნივერსიტეტის დაფინანსებაში სახელმწიფოს
წილი ნულია. უნივერსიტეტის ბიუჯეტი, რბილად რომ ვთქვათ, არარაციონალურად იხარჯება,
ან ზოგჯერ ვერც კი იხარჯება
და ხაზინას უბრუნდება.
უნივერსიტეტი კი განიცდის სტაგნაციას.
ასეთი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის
ავტონომიურობას:
დავბრუნდეთ უნივერსიტეტის შექმნის
ეპოქაში და იქნებ მომავალი აღმოვაჩინოთ.
1917 წლის 12 მაისს პეტრე მელიქიშვილის ბინაში დაარსდა „ქართული თავისუფალი
უნივერსიტეტის საზოგადოება“, რომელმაც დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის
დაარსების საქმეში.
1918 წელს გაიხსნა კავკასიაში პირველი
ეროვნული უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის
გახსნა მხოლოდ მას შემდგომ გახდა შესაძლებელი, რაც თბილისში
დაარსდა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი,
რუსეთის იმპერიაში არსებულ ბანკებს შორის
ერთადერთი ბანკი, რომელიც
თავის შემოსავალს ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეურნეო ინტერესებს ახმარდა. ამგვარად, უნივერსიტეტი დაარსდა
როგორც სამოქალაქო ინსტიტუცია.
მადლიერი ერი არ ივიწყებს
იმ პირველ მეცენატებს,
რომლებიც იღვწოდნენ უნივერსიტეტის განვითარებისათვის; მაგალითად,
თსუ I კორპუსის
(ყოფილი
სათავადაზნაურო გიმნაზიის) მშენებლობის
მეცენატები:
დავით სარაჯიშვილი
- ფილოსოფიის
დოქტორი, მრეწველი, კონიაკის წარმოების ფუძემდებელი
საქართველოში; ძმები ზუბალაშვილები
(პეტრე, იაკობ, სტეფანე
და ლევანი) - მეწარმეები; ნიკო
ცხვედაძე - მშენებლობის ორგანიზატორი და მეცენატი; კონსტანტინე
მუხრანბატონი - მეღვინე
და მრეწველი, სოფ. მუხრანში
ახალი ტიპის მეურნეობის
დამფუძნებელი; პ. თუმანიშვილი, ა. მდივანი, გ. განძიელი, ი. საგინოვი, გ. სხირტლაძე, ს. ბებუთაშვილი, ნ. ხერხეულიძისა.
თსუ-ს დაარსების
მეცენატები: მარიამ-ჯამბაკურ ორბელიანი
- დაარსა
კიტა აბაშიძის სახ. სტიპენდია - 4 ათასი
მან.,
ელენე
ალ.
აბულაძე
-
დაარსა
თავისი მამის სახელობის სტიპენდია - 4 ათასი
მან., ყარამან კიკნაველიძე - მრეწველი, მექი ბექაია
- ქიმიის
პროფესორი თსუ-ში, ივანე
აბაშიძე, ვარლამ
ჭრიალაშვილი - 5
510 მან., კოლექტიური
შემოწირულობები: საქართველოს
საშუალო სასწავლებლების მოწაფეები
სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან, ჯარისკაცები, მაგ., ქართველთა
37-ე მსროლელთა
პოლკი, სხვადასხვა დასახლებებში საღამოების
გამართვით მიღებული თანხები, რუსეთის სხვადასხვა
ქალაქებში არსებული სათვისტომოებიდან (ტაშკენტი, მანჯურია...), კოოპერატივიდან
და სხვადასხვა სამეწარმეო ამხანაგობებიდან...
ჩვენ, მადლიერი ადამიანები, არ ვივიწყებთ მათ ღვაწლს და მიგვაჩნია, რომ ისტორიული სამართლიანობით შეფასდება
და დაფასდება ყველა პერსონა, რომელიც დღესაც
შეიტანს უნივერსიტეტის განვითარებაში
წვლილს. მინდა
საქვეყნოდ იყოს ცნობილი
ამ მეცენატთა სახელები
და ეს იყოს საუკეთესო
მაგალითი ახალი საზოგადოებრივი ინიციატივებისათვის, ბიზნესმენებისათვის, მეცენატებისთვის. უნივერსიტეტი
ჩვენი ერის ღირსების
გამომხატველია. მას დღეს უფრო უჭირს, ვიდრე შექმნის დროს უჭირდა. იგი საქართველოს ყველა მოქალაქის წმინდა
სახლია, კავკასიის ერთადერთი ეროვნული უნივერსიტეტია, რომელმაც
სწორედ ეროვნული მუხტის შესანარჩუნებლად ყველაზე
დიდი დარტყმები და რეპრესიები გადაიტანა. ჩვენს
უნივერსიტეტს კავკასიის ყველა ქვეყანა იმედის თვალით შემოჰყურებს. მინდა მქონდეს
იმედი, რომ მმართველი
ორგანო, რომელზედაც დღეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, ამ იმედს
არ გაამტყუნებს. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, გვერდში
დაუდგეს სტუდენტობასა და პროფესურას, რათა
მათ გადადგან მხნე და სამართლიანი ნაბიჯები, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი უფრო მწვავე
კოლაფსისთვისაა განწირული, ვიდრე გაზაფხულზე იყო. ჩვენ, პროფესორებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი
თაობა, სტუდენტობა, თავისუფლებაში დაბადებული თაობაა და მათ არ იციან
უზნეო კომპრომისები, მათ ვეღარავინ
დააბრუნებს მონობაში. ამიტომ
არ უჭირთ მათ
ბრძოლა თავისუფლებისათვის, რაშიც
ჩვენ, პროფესორები, ვყოყმანობთ. ეს გასაგებიცაა, ჩვენ
ხომ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო წილად.
გასაბჭოების
შემდეგ უნივერსიტეტმა დაკარგა სამოქალაქო ინსტიტუციის სტატუსი და დღემდე ეს სტატუსი
და სტატუსის შესაბამისი რეალობა მას მოსაპოვებელი აქვს. ამ ამოცანის
განსახორციელებლად, უპირველეს ყოვლისა,
უნივერსიტეტის პროფესორთა და სტუდენტთა
მზაობაა საჭირო. უნდა აღინიშნოს დღევანდელი სტუდენტობის დამსახურება ავტონომიის
მოთხოვნის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, წინა
არჩევნებში აკადემიურმა საბჭომ
არ დაუჭირა მხარი კანდიდატს, რომლის მთავარი სამოქმედო გეგმა უნივერსიტეტის ავტონომიურობის
განხორციელება იყო. სწორედ ამის გამო უნივერსიტეტი ბოლო
10 წლის მანძილზე
ზიგზაგებით უკან ბრუნდება და
ვერც ერთი „არჩეული“
რექტორი ვერ ამთავრებს თავისი ლეგიტიმაციის ვადას.
დადგა დრო, უნივერსიტეტი
დაუბრუნდეს იმ თვისობრივ მდგომარეობას, როგორადაც
შექმნეს იგი მისმა
დამაარსებლებმა (სამოქალაქო ინსტიტუცია). ერთგვარ
სლოგანად ვაქციოთ: „წინ, ჯავახიშვილის იდეისაკენ!“
და ჩვენ აღმოვჩნდებით მომავალში და არა საბჭოთა წარსულში. თუ უნივერსიტეტის მმართველი ორგანო შეასრულებს
ზემდგომი ორგანოს დაკვეთას, უნივერსიტეტი ვერ განახორციელებს თავის ძირითად ფუნქციას.
ავტონომიურობა არის ერთადერთი სწორი და უმტკივნეულო გამოსავალი
დღეს არსებული ჩიხიდან.
წინააღმდეგ
შემთხვევაში ფოტოფირივით დატრიალდება უახლოესი
წარსული. საჭიროა პროფესორთა აქტიურობა, სტუდენტები არიან
მოტივირებულები ამ ამოცანებისათვის და თუ ჩვენ,
პროფესურა მათ არ დავუდგებით გვერდში, უნივერსიტეტი კვლავ პოლარიზებული აღმოჩნდება.
უნივერსიტეტის რექტორი უნდა ირჩეოდეს
საყოველთაო წესით, მაგრამ დღეისთვის პოლიტიკური ვითარების გამო (კარს მომდგარი საპარლამენტო
არჩევნები) ვერ (თუ არ) მოხერხდა განათლების უმაღლეს კანონში ამ ცვლილების შეტანა,
თუმცა არსებობდა გონივრული ვადა ამ ცვლილებების
განსახორციელებლად. აკადემიური საბჭოს
სწორ გადაწყვეტილებას შეუძლია დაალაგოს
ვითარება საკანონმდებლო ფორმატში. რექტორის დროზე ადრე გადაყენება გაზაფხულზე
სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ არ შეცვლილიყო რექტორის არჩევის წესი და ეს არ გამხდარიყო საყოველთაო. ეს ხელს არ აძლევდა პოლიტიკურ ძალებს,
თორემ ჩვენ შემსწრე
ვართ დაჩქარებული წესით კანონში
ცვლილებების შეტანისა 2013 წლის მაისში
იმგვარად, რომ კანონის
მომზადების ყველა სამართლებრივი წინაპირობა დაირღვა.
სასწავლო პროცესი
ჩემმა
მოღვაწეობამ თსუ-ს ორი
მოწვევის სენატში (წარმომადგენლობით საბჭოში) 8 წლის მანძილზე
ნათლად დამანახა ის პრობლემები, რომლებიც
მრავლად დგას უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთულების წინაშე. საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად უნივერსიტეტის მართვის
ორგანოებმა უნდა იზრუნონ დეპარტამანტების უფრო სრულყოფილი, მოქნილი
მუშაობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ
უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დღევანდელი ვითარებისათვის უნივერსიტეტმა ძალზე
დიდი სამუშაო გასწია (რისი შემსრეცა ვარ), აუცილებელია გადაისინჯოს სტრატეგიები და
შესაძლებლობები სასწავლო პროცესის მართვის საქმეში, რადგან უნივერსიტეტთან სტუდენტის
პირველი შეხება სწორედ ამ დეპარტამენტით იწყება. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის მოქნილი მუშაობა ქმნის უნივერსიტეტის
იმიჯს. უნივერსიტეტმა უნდა განავითაროს დისტანციური სწავლების პრაქტიკა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით. ეს იქნება
უნივერსიტეტისათვის დამატებითი შემოსავლების შესაძლებლობა და, ამავდროულად, პრესტიჟი.
უნივერსიტეტმა უნდა აამუშაოს
უცხოენოვანი სამაგისტრო და საბაკალავრო
პროგრამები. ეს არის საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნა. უნივერსიტეტმა უნდა
მოაგვაროს სადოქტორო პროგრამებზე მისანიჭებელი საკვალიფიკაციო პროგრამების
სამუშაო ერთადერთი ენის საკითხი იმ მოტივაციით,
რომ კავკასიის ქვეყნები, და არა მარტო კავკასიის ქვეყნები, დოქტორის აკადემიური ხარისხის
მოსაპოვებლად ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში და, კერძოდ,
თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში და შესაძლებელი უნდა იყოს, თუ სწავლება არის პირველ ორ საფეხურზე
უცხოენოვანი, მესამე საფეხურზეც გაგრძელდეს და ამ ენაზე სწავლებასთან
ერთად შესაძლებელი იყოს სადოქტორო დაცვაც.
ჩვენ უნდა შევიტანოთ ინიციატივა საკანონმდებლო
ცვლილებების შესახებ ამ მიმართულებით. ჩვენ
უნდა დავაფინანსოთ ახალგაზრდა
მკვლევრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების, განსაკუთრებული, ინოვაციური
კვლევები და, რაც მთავარია,
ჩავრთოთ ისინი სამეცნიერო
პროექტებში. სამეცნიერო კვლევების
შედეგები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სასწავლო პროგრამასთან, აუცილებლად
უნდა შეტანილ იქნეს სასწავლო პროგრამებში,
სილაბუსებში. უნდა მოვთხოვოთ პროფესურას, ლექციები
ჩატარდეს თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით. ყველა აუდიტორია უნდა
იყოს აღჭურვილი უახლესი
აპარატურით. უნდა ვიზრუნოთ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური გაუმჯობესებისათვის,
რათა სასწავლო პროცესი (სამეცნიეროც) იყოს წარმატებული.
ჩვენ ვმონაწილეობთ გაცვლით პროგრამებში
საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ
ასევე მნიშვნელოვანია შევქმნათ უცხოეთის
ქვეყნების უნივერსიტეტებთან ერთად ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო
პროგრამები. უცხოენოვანი პროგრამებისთვის მოვამზადოთ რიდერები, სახელმძღვანელოები. უნივერსიტეტმა
უნდა დააფინანსოს ლიცენზირება, თარგმნა და გამოცემა
უცხოენოვანი სახელმძღვანელოებისათვის, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო და სხვა, არაჰუმანიტარული დარგებისათვის. რაც შეეხება,
ჰუმანიტარულ დარგებს, რომლებშიც
ჩვენი უნივერსიტეტი არის
წამყვანი საერთაშორისო დონეზე, უნდა შევძლოთ ჩვენი სახელმძღვანელოებისა და კვლევების
ინტერნაციონალიზაცია, გამომდინარე იქიდან, რომ პრიორიტეტი ამ მიმართულებით ჩვენ გვეკუთვნის. უნივერსიტეტი უნდა
მოემზადოს კარს მომდგარი აკრედიტაციისათის, უნდა
დახვეწოს და განავითაროს
სასწავლო პროგრამები, ჩაატაროს პროგრამების
პრეზენტაციები და გამოყოს
თანხები ჩვენი პროგრამების პოპულარიზაციისათვის, რადგან თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს არ არის ერთადერთი უნივერსიტეტი
საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში
და კონკურენციაც ძალზე მაღალია.
არ უნდა დავუშვათ
უნივერსიტეტის რეიტინგის დაბლა დაწევა
და იმიჯის შელახვა.
სამეცნიერო კვლევები
უნივერსიტეტი არის მძლავრი სამეცნიერო
კვლევებისა და განვითარების
კერა. უნივერსიტეტთან შემოერთებული
სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტის ფაკულტეტების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების მიერ
უნივერსიტეტში
მოტანილი ადგილობრივი
და საერთაშორისო გრანტების
მაჩვენებელი უტყუარად ადასტურებს სხვა
სასწავლო დაწესებულებებთან შედარებით
უნივერსიტეტის პრიორიტეტს, მაგრამ ეს
არ არის საკმარისი; უნდა
გაიზარდოს თავად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან
სამეცნიერო კვლევების დაფინანსება, უნდა მოეწყოს თანამედროვე დონეზე კვლევითი ლაბორატორიები,
ხელი უნდა შეეწყოს ინოვაციურ პროექტებს, განსაკუთრებით ისეთ პროექტებს, რომელთა
შედეგები გათვლილია წარმოებასა და მრეწველობაში სიახლეებზე.
უნივერსიტეტმა უნდა შეძლოს
ამ გზითაც, კერძოდ, სიახლეების წარმოებაში
დანერგვით, ეკონომიკური შემოსავლების გაზრდა. კანონმდებლობით ზუსტად
უნდა განისაზღვროს სამეცნიერო ინსტიტუტების სტატუსი,
დაფინანსების წყაროები, განვითარების
სტაბილურობა, მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფა და, რაც მთავარია, ამ ინსტიტუტების
შენობების შესაბამისობა მათ ფუნქციასთან. ჩემთვის,
როგორც ლინგვისტისთვის, ღირსების შემლახველია
იმ შენობაში მუშაობა,
რომელშიც დღეს ჩიქობავას
სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი ფუნქციონირებს თანამშრომლების სიცოცხლის რისკ- ფაქტორებით. დანგრევის
პირას მდგარი შენობა
მამაც ლინგვისტებს ვერ აშინებს,
მაგრამ ეს არ არის გამოსავალი.
უნდა არსებობდეს სახელმწიფოებრივი ხედვა განსაკუთრებით ეროვნული
ინსტიტუტების (ენათმეცნიერების, ისტორიისა
და მატერიალური კულტურის, ლიტერატურის) ერთ სივრცეში განსათავსებლად. ვიზრუნებ საერთაშორისო სტანდარტების ახალი
შენობის ასაშენებლად, რათა დაცული
იქნას ჩვენი ეროვნული
კულტურული და სულიერი
მემკვიდრეობა, მეცნიერებს კი შეექმნათ
ნორმალური სამუშაო პირობები.
ყველა სამეცნიერო ინსტიტუტი საჭიროებს ფინანსურ-მატერიალურ მხარდაჭერას, რათა
აქ წარმოდგენილი დარგები განვითარდეს.
ეს უნდა იყოს სახელმწიფოს სტრატეგია მეცნიერების დარგებისადმი, ეს
უნდა იყოს უნივერსიტეტის ამოცანა.
ამ ინსტიტუტების ინტეგრირება საუნივერსიტეტო სივრცეში არ უნდა შემოიფარგლოს
მხოლოდ იმით, რომ მათ მიეცათ
შესაძლებლობა, წარმოდგენილი იყვნენ უნივერსიტეტის მართვის
ორგანოებში. ჩვენ უნდა მოვიზიდოთ თანხები
როგორც სამეცნიერო პროექტებისათვის, ასევე სამეცნიერო
ლაბორატორიებისა და ინსტიტუტების
მატერიალური ტექნიკური ბაზის განახლებისათვის. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფო პროექტები, ასევე
მეცენატების პრაქტიკა და ეკონომიკური შემოსავლებით მიღებული
თანხები. უნივერსიტეტმა არ უნდა
დააბრუნოს თანხა ხაზინაში,
მაშინ როცა მას ავტოფარეხიც კი არ უვარგა
და განახლებას კი არა, საერთოდ, ახლიდან შექმნას საჭიროებს. უნივერსიტეტმა უნდა
გაზარდოს სამეცნიერო ფორუმებისათვის, განსაკუთრებით, კონგრესებისათვის გამოყოფილი თანხები
და ხელი უნდა
შეუწყოს მეცნიერთა ინტეგრაციას
საერთაშორისო სამეცნიერო
საზოგადოებებში. ეს არის
ჩვენი უნივერსიტეტის პრესტიჟი და ეს
არის ჩვენი მომავალი. 2007 წელს კავკასიოლოგთა I საერთაშორისო
კონგრესის დროს 20 წლის ინტერვალის შემდეგ ჩვენი უნივერსიტეტის აღზრდილი ჩრდილოკავკასიელი და უცხოელი მეცნიერები
ჩვენი თეთრი ტაძრის
კედლებს კოცნიდნენ პირდაპირი გაგებით.
თუ ჩვენს ქვეყანას
გააჩნია რეგიონში სტრატეგიული გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და
კულტურულ- ცივილიზაციური ფუნქციები,
მაშინ უნივერსიტეტმა, უწინარეს
ყოვლისა, უნდა გაითავისოს ეს ფუნქციები და აღასრულოს ისინი
ინტელექტუალურ რანგში სამეცნიერო დარგებისა
და ურთიერთობების განვითარებით.
უნივერსიტეტს
ჰყავს საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერ-პროფესორთა დიდი გუნდი და მას მოფრთხილება
და მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარი უნდა გავუღოთ
სხვა უცხოურ უნივერსიტეტებს ჩვენს უნივერსიტეტში (მაგ. სან- დიეგოს
უნივერსიტეტს), მაგრამ ამავდროულად მის გვერდით კონტრასტულად არ უნდა გამოიყურებოდეს
ის წამყვანი ფაკულტეტი და დარგები, რომლითაც ამაყობდა საქართველო. არ უნდა იყოს განცდა აკადემიური
დისკრიმინაციისა: რომელიღაც დარგს ჰყავს პატრონი და რომელიღაცას - არა.
უნივერსიტეტი იმიტომ არის უნივერსიტეტი, რომ ყველა აქ წარმოდგენილი დარგის
ერთობლიობას, თანაბარ აკადემიურ უფლებებსა
და ფინანსურ შესაძლებლობებს გულისხმობს. უნივერსიტეტს აქვს ე.წ. ოაზისური
დარგები, რომელთაც, შეიძლება დიდი მოგება ვერ
მოუტანონ უნივერსიტეტს, მაგრამ
მათ გარეშე ვერც მეცნიერება და ვერც
ქართული სახელმწიფო ვერ იარსებებს. არ უნდა არსებობდეს დამოკიდებულება, რომ ნაკლებად
მომგებიანია ესა თუ ის დარგი. მათ სჭირდება მხარდაჭერა.
საფინანსო
უნივერსიტეტის
ბიუჯეტი შედგენილია შეძლებისდაგვარად რაციონალურად, მაგრამ ბიუჯეტი არ არის გაყინული
ერთეული ისეთ ცოცხალ დაწესებულებაში, როგორიც უნივერსიტეტია. უნივერსიტეტის
მართვის ორგანოებმა უნდა შექმნან სტრატეგია ბიუჯეტის გაზრდისათვის
რამდენიმე გზით: სტუდენტის
მიერ მოპოვებული და უნივერსიტეტში მოტანილი
დაფინანსებით და სტუდენტის
მიერ გადახდილი სწავლის თანხით.
შემოსავლების მაჩვენებელი პირდაპირ
კავშირშია ჩვენს აკადემიური მოსწრების
დონესთან, პროგრამების გამართულ
მუშაობასთან, ლექტორების მიერ წარმართულ
წარმატებულ სასწავლო პროცესთან,
იმასთან, თუ აბიტურიენტთა საერთო რაოდენობიდან
რამდენი წერს თსუ-ს პირველ ადგილზე და რამდენისათვის არის უნივერსიტეტში
სწავლა პრიორიტეტი. ფართო კონკურენციაში უნივერსიტეტი ახერხებს
იყოს პირველი. უნივერსიტეტის
შემოსავლები ცალკეულ
ფაკულტეტებზე შეიძლება
ორმაგად გაიზარდოს, თუ
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული,
პრიორიტეტული დარგების სტუდენტები მაღალრეიტინგულია და ორმაგი დაფინანსებითაა. ასე არის ეს, მაგალითად, ამ სასწავლო წელს ჩვენს
ფაკულტეტზე, ამ გზით
ბიუჯეტი გაიზარდა. შესაბამისად, საფინანსო უზრუნველყოფა სახელფასო სტრატეგიაში
შეიძლება წარმატებულად შეიცვალოს ან შემოსავალი გადანაწილდეს კანონით განსაზღვრულ საქმიანობაზე. ბიუჯეტი ივსება აგრეთვე სამეცნიერო გრანტებით მოტანილი თანხებით, რაც
ასევე პირდაპირპროპორციულია ჩვენი მეცნიერების წარმატებული სამეცნიერო კვლევებისა. ბიუჯეტი
უნდა გავზარდოთ აგრეთვე
ეკონომიკური საქმიანობით მიღებული თანხებით
და ეს თანხები
უნდა ჩავდოთ კვლავ ახალი, შედარებით გაფართოებული ეკონომიკური საქმიანობების განსახორციელებლად. უნდა დავაარსოთ უნივერსიტეტის განვითარების ფონდი
და ეს სახსრები
უნდა მივმართოთ უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო და
პრაქტიკული საქმიანობებისათვის. უნივერსიტეტის ცალკეულ პროფესორს უნდა ჰქონდეს
მოტივი და შესაძლებლობა, კანონიერი გზით, შემოწირულობებითა თუ სხვა მექანიზმებით მოიზიდოს თანხები
უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის თანხები
არ უნდა განიკარგებოდეს ხაზინის გავლით,
უნდა ვიზრუნოთ კანონის შესაცვლელად, თუმცა ეს
არ გამორიცხავს ამ თანხების განკარგვის
მონიტორინგს, რომლის უფლებაც კანონით აქვს მინიჭებული შესაბამის უწყებებს.
სენატში ჩემი მოღვაწეობის 8 წელი ვიბრძოდი
ე. წ. სახელფასო
დისკრიმინაციის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მიმაჩნია აუცილებლობად
ფაკულტეტების დამოუკიდებლობა. პროფესორებმა უნდა
შექმნან ინოვაციები მათი
ცოდნის ინვესტირებისა და ფინანსური წარმატებისთვისაც. ამისთვის უნივერსიტეტი
უნდა იყოს გახსნილი სამართლებლივ ფარგლებში.
მატერიალური
უნივერსიტეტმა რამდენჯერმა
აღნუსხა თავისი მატერიალური
ქონება, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არ არის
საკმარისი. ერთი მხრივ, უნდა ვიზრუნოთ, აღვნუსხოთ და მოვუაროთ იმას, რაც გაგვაჩნია
და, მეორე მხრივ, მოვიძიოთ რესურსები სახელმწიფო თუ კერძო დაფინანსებებით, შევცვალოთ,
გავაუმჯობესოთ ჩვენი საუნივერსიტეტო გარემო,
აუდიტორიები, ბიბლიოთეკები, კვების
ობიექტები, თუ ასეთი გაგვაჩნია,
ლაბორატორიები, მატერიალური სამსახურის დეპატრამენტის ოფისი და საცავები; მოვუაროთ
უნივერსიტეტის ქონებას, რომელიც შეიძლება უნივერსიტეტისაგან შორს არის, მაგრამ ჩვენია.
ასეთი მრავლად არის. მოკლედ, რას ვფლობთ, პასუხობს იმაზე, რას წარმოვადგენთ.
პერსონალის მართვა
ყოველი სტრუქტურული
ერთეული უნივერსიტეტში მუშაობს
გამართულად, ეს შეიძლება ითქვას პერსონალის
მართვის დეპარტამენტზეც, მაგრამ გაუმჯობესებას
რომ საჭიროებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებმა უნდა გადახედოს
ადმინისტრაციაში მომუშავე აკადემიური პერსონალის
„მარადიულობას“ და ამით მათ მიერ ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენებას აკადემიური პერსონალის კონკურსებსა
თუ სხვა საქმიანობაში. მართალია,
ეს კანონით არ არის შეზღუდული, მაგრამ
რაც კანონით არ არის შეზღუდული, ყოველთვის არც სამართლიანია და არც ეფექტური.
ეს საკითხი ჯეროვნად
უნდა იქნეს შესწავლილი. როგორ
ახერხებს აკადემიურ-ადმინისტრაციული პერსონალი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორივე დატვირთვის შესრულებას
5 სამუშაო დღეში, საინტერესო და შესასწავლი საკითხია. უნდა დაინერგოს
პრაქტიკა,
რომ შეიცვალონ
გარკვეული პერიოდის შემდეგ ისეთი ადმინისტრაციული პირები, რომელთა საქმიანობა აკადემიური
აუცილებლობით არის შეპირობებული და ისინი წლობით
არ უნდა იყვნენ
ერთსა და იმავე პოსტებზე. ეს ვნებს მათს სამეცნიერო
დონესაც და უნივერსიტეტში სამართლიანი აკადემიური გარემოს შექმნასაც. სწორედ ამიტომ
უნივერსიტეტს არაერთი სასამართლო პროცესი აქვს წაგებული. პერსონალის გონივრული მართვა,
ადამიანური რესურსის ადეკვატური გამოყენება უნივერსიტეტის წარმატებისა და სტაბილურობის
გარანტია.
კანცელარია
ეს ის სფეროა, სადაც თანამშრომლები შემცირებულ
მასშტაბებსა და მიზერულ თანხაში უდიდეს
საქმეს აკეთებენ. საჭიროა
ამ დეპარტამენტის პრობლემების მოსმენა, გაანალიზება და მოგვარება,
არქივის განვითარება, ფინანსური მხარდაჭერა.
იურიდიული
ცალკე
გამოვყოფდი ამ დეპარტამენტის საქმიანობას, რომელიც უდაოდ საჭიროებს შეფასებას, რადგან
უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი ფორმატი
ამ დეპარტამენტის პასუხისმგებლობის ქვეშ არის. რადგანაც
უნივერსიტეტს ჰქონდა რეალური პრობლემები
მართვაში, რაც ყველაზე
მწვავედ ბოლო პერიოდში გამოვლინდა, ე.ი. იურიდიული დეპარტამენტის
საქმიანობასაც ჰქონდა პრობლემები.
ყველაზე
მწვავე პრობლემად მიმაჩნია უნივერსიტეტის მიერ
წაგებული სასამართლო პროცესები და უნივერსიტეტის
ბიუჯეტიდან ამ მიზნით
გასული თანხები. ამ დეპარტამენტს აქვს რესურსი, გააუმჯობესოს მუშაობა.
იურიდიულ დეპარტამენტს წინ ელოდება მნიშვნელოვანი სამუშაო,
რომელმაც უნდა განსაზღვროს უნივერსიტეტის შემდგომი
მუშაობა. ეს არის
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტების მომზადება
უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან
ერთად და, რაც მთავარია, ბენეფიციარების ანუ
პროფესორებისა და სტუდენტების ღია ჩართულობით წინასწარი განხილვის სახით. უნივერსიტეტმა
უნდა განახორციელოს ორი ტიპის საკანონმდებლო აქტივობა: 1.
წესდების დონეზე ჩვენი უფლებამოსილებით შეიტანოს მასში (წესდებაში)
ცვლილებები, რა პროცესიც უკვე დაწყებულია
სენატში სპეციალური სამუშაო
ჯგუფის შექმნით და
ეს მისასალმებელია; 2. უნივერსიტეტმა
ბენეფიციარებთან განხილვის შემდეგ
უნდა შეიმუშაოს უმაღლესი განათლების
კანონში შესატანი ცვლილებების
შესახებ რეკომენდაციები და წარუდგინოს იგი ამჯერად უნივერსიტეტის ზემდგომ ორგანოს
(განათლების სამინისტროს), რათა მან წარუდგინოს იგი ახლად არჩეულ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს
- საქართველოს
პარლამენტს. 1-ლი პუნქტის
ანუ წესდების დონეზე ცვლილებებში მნიშვნელოვანია წესდების შემდეგი მუხლებისა
და პუნქტების ცვლილებისა და დამატებისათვის სამუშაო ჯგუფთან ერთად განხილვა:
1-ლი მუხლი, მე-5 მუხლის ა) პუნქტი, მე-4 მუხლს შეიძლება დაემატოს 4ა და 4 ბ
პუნქტები, რედაქციას
საჭიროებს ამ მუხლის
მე-5 და მე-6 პუნქტები.
ცვლილებას საჭიროებს მე-7, მე-16, მე-18, მე-19, მე-20 და სხვა პუნქტები.
განსაკუთრებით საყურადღებოა მუხლი 237 - სამეცნიერო თანამდებობის
დაკავების წესის შესახებ, განსაკუთრებით პროფესორ-მეცნიერთა ატესტაციის საკითხი; სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობების
შესახებ მუხლი 238; ასევე მნიშვნელოვანია მუხლი
239 მეცნიერების
უფლებებისა და მოვალეობების
შესახებ; მუხლი 29 - აკადემიურ თანამდებობაზე
არჩევის პირობები, მათ შორის პროფესორის
უვადოდ არჩევის შესახებ. დგება
საკითხი - შეიძლება
ატესტაციის თარიღი ჩაიწეროს წესდებაში? რაზე მიუთითებს ამგვარი
მიდგომა და სხვა. გამომდინარე აქედან, იურიდიული სამსახურის წინაშე მნიშვნელოვანი
სამუშაო დგას და მჯერა, რომ იგი ამას თავს გაართმევს.
უნივერსიტეტის რეიტინგი
საერთაშორისო ასპარეზზე, რა
თქმა უნდა, მისასალმებელია. ამ მიმართულებით ძალზე
ბევრს აკეთებს საგარეო
საქმეთა დეპარტამენტი. იგი ჩვენ გვეხმარება უცხოელი
სტუდენტების ჩვენს პროგრამებზე მიღებაში და ჩვენი სტუდენტების უცხოეთში
მისავლენად. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ დეპარტამენტს ჩვენი
სამეცნიერო აქტივობებით, სამეცნიერო ფორუმებით,
ურთიერთობებით უფრო
ფართო საქმიანობა წარმართოს
უნივერსიტეტის საერთაშორისო ასპარეზზე წარსადგენად.
ჩვენი უნივერსიტეტის
პრეზენტაციას ქართულ სივრცეში
მცირე ადამიანური და მატერიალური რესურსებით ემსახურება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს
უნივერსიტეტის სახე მაშინაც კი, როცა სიტუაცია
კრიტიკულია. ამ სამსახურს
ესაჭიროება მხარდაჭერა. იგი უნდა იყოს გახსნილი
და უნდა მუშაობდეს
პლურალიზმის პრინციპით, არ უნდა ეშინოდეს განსხვავებული აზრის, პოზიციის გავრცელებისა.
ჩვენ უნდა მივცეთ მათ სიტყვის თავისუფლება,
ინფორმაციულობის ფართო სპექტრი.
გაზეთი „თბილისის
უნივერსიტეტი“ უნდა განთავისუფლდეს უნივერსიტეტის მმართველი ორგანოების
გავლენისაგან და უნდა იგრძნობოდეს, რომ ეს ყველა უნივერსიტეტელის გაზეთია, მათ შორის მათიც,
ვინც განსხვავებულ აზრს ამბობს. ამ მიმართულებით
გაზეთმა გადადგა მნიშვნელოვანი
ნაბიჯები და კვლავაც
უნდა გადადგას.
თანამედროვე უნივერსიტეტი
წარმოუდგენელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე. ვირტუალური სივრცე,
რომელშიც ჩვენი უნივერსიტეტის სახეა წარმოდგენილი, საჭიროებს განახლებასა და მოქნილობას, დახვეწას.
უნივერსიტეტში პროფესორისა
და სტუდენტის საქმიანობა
უნდა იყოს დაცული. კარგი
დაცვა კი ის არის, რომელიც
გიცავს, მაგრამ არ ჩანს. უნდა შეიცვალოს
სტრატეგიები და განვითარდეს დაცვისა
და უსაფრთხოების მექანიზმები, პასუხისმგებლობა.
შიდა აუდიტის
სამსახურის მოქნილობა უნდა განსაზღვრავდეს უნივერსიტეტის საქმიანობის წარმატებას. ამ
სამსახურს უნდა ჰქონდეს
შესაბამისი ხედვა უნივერსიტეტის განვითარებისათვის. ხელი
უნდა შევუწყოთ სამუზეუმო საქმიანობას, როგორც
უშუალოდ უნივერსიტეტის სივრცეში,
აგრეთვე გარე მუზეუმებშიც, რომლებიც
ეკუთვნის უნივერსიტეტს და საჭიროებს შველას.
უნდა წავახალისოთ სამუზეუმო საქმიანობა, რადგან ჩვენ ამ მიართულებით გვყავს
მაღალი რანგის სპეციალისტები და მათ შეუძლიათ სასწავლო და სამეცნიერო ისტორიისა თუ
თანამედროვეობის საერთაშორისო დონეზე
წარმოდგენა, რის დასტურად მოვიშველიებდი თუნდაც
კონგრესების დროს მოწყობილ
გამოფენებს. ამ გამოფენებმა სახელი
გაუთქვა ჩვენს უნივერსიტეტს საერთაშორისო დონეზე.
ცოდნის შენახვის,
გადაცემისა და კვლავწარმოების საქმეში
სასწავლო-სამეცნიერო პროცესთან ერთად
აუცილებლობას წარმოადგენს ბიბლიოთეკების მუშაობა. გავზრდიდი ბიბლიოთეკების სამუშაო დროსა
და პირობებს, კომფორტს სტუდენტისა და პროფესორისათვის, საერთაშორისო
დონის ბიბლიოთეკებთან ინტეგრირების ველს, ყველა
პირობას ბიბლიოთეკისათვის, შევიძენთ
უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, საჭიროების
შემთხვევაში - რარიტეტებსაც. შევქმნით ელექტრონულ ბიბლიოთეკას; ამისთვის
არსებულ აპარატურას დავამატებდით
ახალ აპარატურას, პერსონალს, ფინანსებს, გავზრდიდით
წვდომის ხარისხსა და მომსახურების სპექტრს.
უნივერსიტეტის სახე ყველაზე მეტად უნივერსიტეტის გამომცემლობაში ვლინდება.
გამომცემლობის მიერ გამოცემული სასწავლო-სამეცნიერო პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ამის
მაგალითად იკმარებდა საერთაშორისო სამეცნიერო სამენოვანი ყოველწლიური ჟურნალი
„კავკასიოლოგიური ძიებანი“
(700 გვერდიანი) და ყველა პერიოდული
თუ
ინდივიდუალური სამეცნიერო გამოცემა.
მინდა აღვნიშნო, რომ
მცირეა გამომცემლობისთვის გამოყოფილი თანხა,
არ არის თანამედროვეობასთან შესაბამისობაში ტექნიკური
აღჭურვა. გამომცემლობას სჭირდება
მომსახურე პერსონალის გაზრდა, რადგან იგი ვერ აუდის პროდუქციის გამოცემას, მიუხედავად
სტამბის თავდაუზოგავი შრომისა.
საჭიროა სივრცისა და შესაძლებლობების,
ფინანსების გაზრდა და თუ ამ მწირ რესურსებში
ასეთი წარმატებულია გამომცემლობა, უნდა
წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება
იგი მხარდაჭერის შემთხვევაში.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საგამოცდო
ცენტრის წარმატებული მუშაობა. მახსოვს, რამდენი მოწინააღმდეგე ჰყავდა
ამ სიახლეს უნივერსიტეტში. ცხადია, რომ ეს სამსახური დიდ როლს
ასრულებს სტუდენტზე ორიენტირებული გარემოსა
და აკადემიური თანასწორობისა და სამართლიანობის საქმეში.
მიუხედავად ამისა, არ არის საკმარისი ის, რაც გაკეთდა, საჭიროა უფრო
დახვეწილი მუშაობა და საგამოცდო სივრცისა და მომსახურების განვითარება.
უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა
ლექსიკოგრაფიული ცენტრის დაარსება უნივერსიტეტში. ამ ცენტრს აქვს უზარმაზარი რესურსი,
უნივერსიტეტს მოუტანოს არა მარტო
აკადემიური, არამედ ფინანსური
წარმატებაც. ამიტომ უნივერსიტეტის
მართვის ორგანოები ყოველთვის მხარს უნდა უჭერდნენ ამ ცენტრის მაღალკვალიფიციურ საქმიანობას.
ასეთივე მნიშვნელოვანია, ვიტყოდი,
უნივერსიტეტის წარმატების ერთ-ერთი გარანტია უდიდესი ადამიანური
რესურსებისა და შესაძლებლობების მქონე ენების ცენტრი, რომელიც
უკვე კარგა ხანია ფუნქციონირებს როგორც
დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული (რასაც მე პირადად, როგორც სენატის წევრმა,
დავუჭირე თავის დროზე მხარი);
მას აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავლების შესაძლებლობა უნივერსიტეტში. დიდია
მასზე მოთხოვნა და, შესაბამისად, დიდია ჩვენი
ინტერესი ენების ცენტრის
განვითარებისადმი. იგი ფუნქციონირებს
უცხო ენათა მიმართულებების ბაზაზე, ასაქმებს ბევრ სპეციალისტს, ქმნის კომპლექსურად
ენების ყველა დონეზე შესწავლის შესაძლებლობას, მაგრამ ენების ცენტრს სჭირდება ახალი
აკადემიური გარემო (კორპუსი), თანამედროვე ტექნოლოგიები, კაბინეტები, მათ შორის
დისტანციური სწავლებისა და ლინგაფონისა. ცენტრს
სჭირდება განვითარება. მას უნდა
შეეძლოს, განკარგოს მოზიდული
თანხის ნაწილი მატერიალურ-ტექნიკურ და სივრცის უზრუნველყოფაზე, ხელფასების
გაზრდაზე. ვიმედოვნოთ, რომ მალე
უნივერსიტეტი შეძლებს ავარიული
მე-5 კორპუსის ადგილზე ახალი
შენობის აღმართვას და ამ სივრცეში ენების ცენტრის
წარმატებულ ფუნქციონირებას.
უნივერსიტეტის
ფრთის ქვეშ უნდა შეეწყოს ხელი მის სტრუქტურულ ერთეულებს: აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების
ცენტრს, კარიერული განვითარების ცენტრს,
ქუთაისის სასწავლო ცენტრს, იმიტაციური
მოდელირებისა და სწავლების, ინტერაქტიული მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო
ცენტრს, ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრს, გენდერული კვლევების
ცენტრს. უნივერსიტეტს შეუძლია, თუ საჭირო და შესაბამისი დასაბუთება
იქნება, კვლავ შექმნას
მსგავსი ცენტრები. ამავდროულად, ჩვენ უნდა თვალყური ვადევნოთ ამ ცენტრების
ფუნქციონირებას, შევისწავლოთ, რა სივრცე სჭირდებათ მათ ფუნქციონირებისათვის და ხომ არ ხდება ეს ძირითადი
სტრუქტურული ერთეულების სივრცის ხარჯზე.
უნივერსიტეტის გახსნილობისა და
მრავალფუნქციურობის დადასტურებაა
უნივერსიტეტში დღეს მოქმედი დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. ჩვენ უნდა შევაფასოთ მათი
მუშაობა და უნივერსიტეტისათვის სარგებლიანობა, გნებავთ, საკითხი იმის შესახებ, რამდენად
შეესაბამება საუნივერსიტეტო სივრცეს
მათი პოლიტიზებურობის ან სხვა არგუმენტის გამო.
რატომ შეიძლება ვიქნე არჩეული რექტორის თანამდებობაზე?
მე, პროფესორი ცირა
ბარამიძე, ვარ მოტივირებული უნივერსიტეტის წარმატებისათვის. მთელი
ჩემი მოღვაწეობა დაკავშირებულია მხოლოდ
ამ უნივერსიტეტთან. ვარ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი
დარგის - კავკასიოლოგიის ხელმძღვანელი, ვარ საბაკალავრო, სამაგისტრო
და სადოქტორო ქართულენოვანი და რუსულენოვანი (ახლა უკვე ინგლისურენოვანისაც, რომელი განხილვაშია) პროგრამების
ავტორი და ხელმძღვანელი,
ვკითხულობ 11 საგანს ორივე სექტორზე, ვარ მეცნიერების კარგი ორგანიზატორი:
2006 წელს ორი კათედრის საფუძველზე (კავკასიურ ენათა კათედრა და კავკასიის ხალხთა ისტორიის
კათედრა) დავაარსე კავკასიოლოგიის ინსტიტუტი,
2007 წელს დავაარსე
კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი, ჩავატარე სამი კონგრესი და ახლა ვხელმძღვანელობ
მე-4-ს (ჩატარდება
2016 წლის 1-4 დეკემბერს), ვარ 20-მდე სამეცნიერო
საერთაშორისო და ადგილობრისვი ფორუმის იდეის
ავტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი და ორგანიზატორი; 2009 წელს დავაარსე
საქართველოში (ვფიქრობ, საერთაშორისო მასშტაბიტაც) ერთადერთი
სამენოვანი ინტერდისციპლინური რეცენზირებადი ყოველწლიური ორგანო „კავკასიოლოგიური
ძიებანი“, გამოვიდა 6, ჩაშვებულია მე-7 და მზადდება
მე-8, ვარ ბევრი სამეცნიერო გამოცემის
რედაქტორი, ვმონაწილეობ საერთაშორისო სამეცნიერო
ფორუმებში მრავალ ქვეყანაში
და წარმოვადგენ საქართველოსა და კავკასიას, ვიცავ კავკასიელი ხალხებისა
და ენების უფლებებს საერთაშორისო არენაზე,
ადამიანის უფლებათა დაცვის
შესახებ კონგრესებზე მეცნიერული თვალთახედვით.
ვარ ინოვაციური სწავლებისა და კვლევების ავტორი კავკასიური ენების მიმართულებით. ვარ 140-მდე ნაშრომის, 4 მონოგრაფიისა და
5 წიგნის ავტორი. ვთანამშრომლობ საქართველოს
ყველა მოწვევის პარლამენტში კავკასიისა და დიასპორის კომიტეტთან
შესაბამისი საკითხებისა და სტრატეგიული კვლევების განხილვაში. გერმანული
ფონდის „ჰორიზონის“ თხოვნითა
და ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა
მონოგრაფია „კავკასია დროისა
და სივრცის გასაყარზე“(ახლახან), სადაც
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოვადგინე კავკასიის
ინტეგრაციის ისტორიული საკითხების
რაკურსი და პერსპექტივების სამეცნიერო
საფუძვლები. ვკითხულობ „კავკასიური
სახლის“ თხოვნით საჯარო ლექციებს ამ სახლში და რეგიონებისათვის. ამ ლექციების
ნაწილი ატვირთულია ინტერნეტსივრცეში. ვთვლი,
რომ ვარ საზოგადო
მოღვაწე. ვხვდები კავკასიურ დიასპორებს
კავკასიის ფარგლებს გარეთ სასწავლო და სამეცნიერო
მიზნებით; ვთანამშრომლობ აფხაზ და ოს კოლეგებთან რიგი წინააღმდეგობების
მიუხედავად. მაქვს კონფლიქტების
დარეგულირების ჩემეული ხედვა,
რომელიც
გაზიარებულია სახელმწიფო სტრუქტურებში, სამეცნიერო წრეებსა
და საზოგადოებაში. მისი ნაწილი უკვე გამოქვეყნებულია.
ვარ თსუ
სენატის ორი მოწვევის წევრი, ვთვლი, რომ - აქტიური წევრი, თსუ 2007 წლის წესდების შემდგენი
კომისიის ერთ-ერთი წევრი 10 წევრიდან (მეამაყება, რომ ვარ პრეამბულის
ავტორი და უფრო ვიამაყებ, თუ მასში ჩადებულ
ნომინალურ ავტონომიურობას რეალურად განვახორციელებ ჩემს კოლეგებთან, სტუდენტებთან,
უნივერსიტეტის მმართველ ორგანოებთან ერთად გუნდური და ინდივიდუალური საქმიანობით). ვარ პროგრესის მომხრე
და პროგრესული იდეების
ავტორი და განმახორციელებელი; არაერთი
სამეცნიერო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, მათ შორის, მასშტაბური სახელმწიფო პროექტებისა.
უბრალოდ, ვარ მოქალაქე ჩემი ქვეყნისა და, შეიძლება ითქვას
კავკასიისა. ვარ ტოლერანტი, აღზრდილი
კავკასიურ ტოლერანტობაზე აკადემიკოსების - არნ. ჩიქობავასა და ქეთევან ლომთათიძის, პროფესორების
- ალექსანდრე მაჰომეტოვის, გიორგი როგავას,
ეკატერინე ოსიძის, ოტია კახაძის, ევგენი
ჯეირანაშვილის და სხვათა მიერ. ვარ ილია ჭავჭავაძისა და ივანე ჯავახიშვილის
ხაზის გამტარებელი ეროვნულ საკითხში.
ამ კონკურსშიც ჩემი მონაწილეობა მათ წინაშე და ერის წინაშე პასუხისმგებლობად მიმაჩნია,
თუმცა დღეს უკვე ჩემ მიერ შექმნილით მეცნიერებასა და მეცნიერების
ორგანიზებაში თამამად შემიძლია
გავუსწორო თვალი იქ, იმ
ქვეყნად, ივ. ჯავახიშვილს, არნ. ჩიქობავას, სიმონ ჯანაშიას და სხვათა.
ყოველთვის
ვზრუნავ სტუდენტზე და ვიცავ მის ინტერესებს, ვარ იქ, სადაც არიან ჩემი სტუდენტები,
თუნდაც განსაცდელსა და შეცდომაში; ვცდილობ მათ სწორ გზაზე დაყენებას; მე მიყვარს ისინი გულწრფელად. ვერ წარმომიდგენია ჩემი სიცოცხლე
სტუდენტური აუდიტორიის გარეშე. ჩემთვის ყველაზე დიდი წოდებაა - პროფესორი,
ეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაცაა - აკადემიურიცა
და მორალურიც. ვიცი, რომ ცოდნა სიკეთის გარეშე
ბოროტებაა, სიკეთე ცოდნის
გარეშე უძლურია. ვარ კოლეგიალური, ვარ ხელოვანი საქმიანი
გუნდის შექმნაში, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ უნივერსიტეტში 100-მდე ახალი
სასწავლო დისციპლინის შექმნა და დანერგვა სწავლებაში, დარგისადმი პროსპექტული ხედვა.
ვარ ინიციატორი,
არა ვარ პოლიტიკური
წარსულის მქონე, ვარ აპოლიტიკური
ფიგურა, ისეთი, როგორიც
უნდა იყოს პროფესორი.
ვარ სამართლიანი, მიყვარს კანონშემოქმედება და კანონის უზენაესობა
და არა კანონით
მანიპულირება. მაქვს შესაბამისი გამოცდილება.
ვარ დედა
ორი ვაჟისა, ვარ მრავალი კავკასიელი სტუდენტის „დედაც“, ვარ, როგორც მეძახიან, „კავკასიის
დედა“. ამისთვის არსებობს
საფუძველი. არ ვარ სისტემის
ნაწილი, კერძოდ, იმ სისტემისა, რომელიც
რეტროგრადულია. ვარ კარგი გაგებით
ამბიციური, რადგან მიმაჩნია, რომ პროგრესს ქმნის ახალი ტიპის აზროვნება. მიყვარს ფინანსური
უზრუნველყოფის შექმნა საქმისთვის და ამ მიზნით კანონიერი გზების გამოყენება, აქტიურობა.
მიყვარს შენება. მე შემიძლია თქვენთან
ერთად შევქმნა ინოვაციური, წარმატებული
უნივერსიტეტი და ჩვენ ერთად ვთქვათ გადამწყვეტი
სიტყვა უნივერსიტეტის ისტორიაში, ისეთი, როგორიც შეესაბამება ივ. ჯავახიშვილის იდეას
უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის თავზე. ნუ გაიმეტებთ უნივერსიტეტს კვლავ სისტემის
საჯიჯგნად და ჩვენ ერთად ვიზრუნებთ წარმატებისათვის.
სიღრმისეულად ვიცნობ
უნივერსიტეტის ყოველი კონკრეტული
პრობლემის ისტორიას, არსსა და შედეგებს და მაქვს მათი გადაწყვეტის ჩემეული
ხედვა, რომელთაც, რა თქმა უნდა, თქვეთან შეთანხმებით გადავჭრით.
მინდა მჯეროდეს,
რომ სისტემის მსახურნი
კვლავ არ ააგორებენ
შავ პიარს ჩემ წინააღმდეგ. მე ხომ გახსნილი ვარ ურთიერთობებისათვის
და ჩემი ყოველი ნაბიჯი ღირსების საკითხია.
ძვირფასო აკადემიური
საბჭოს წევრებო, ვერ გაგიმეტებთ, მეტად გადაგღალოთ.
მაპატიეთ ჭარბსიტყვაობა, ზოგჯერ
სენტიმენტალიზმი. ამან არ შეგაშინოთ. ჩემში რაციო
აჭარბებს ემოციას, თუმცა არც უმისობა
ვარგა. უთხარით არა სისტემურ
ძალადობას, გადადგით სწორი, გამბედავი ნაბიჯი ჩემი არჩევით და მე გავამართლებ თქვენს
ნდობას, სტუდენტების მოლოდინს, რომ პროფესურა
მათ არ გაწირავს და არ გაიმეტებს რეაქციისათვის.
უნივერსიტეტის
ბედი დღეს თქვენს ხელშია. პატივისცემით,
პროფ. ცირა ბარამიძე
14.09.2016