საკრალური ნათლით - საყდრიგორაზე
პროფესორი ტრისტან მახაური სისხლხორცეულად დაუკავშირდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტს 2006 წლიდან, მას შემდგომ, რაც კავკასიოლოგიის პროგრამები ახალი დისციპლინების განხორციელებას შეუდგა. პროფესორ ტრისტან მახაურს ჩვენი თხოვნით განესაზღვრა, მოემზადებინა საგნები: „აფხაზური ფოლკლორი“, „აფხაზური ლიტერატურის ისტორია“, „აზერბაიჯანული ფოლკლორი“ და „აზერბაიჯანული ლიტერატურის ისტორია“. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ საგნების წაკითხვის არა თუ გამოცდილება, არამედ არანაირი მცდელობა და სასწავლო-სამეცნიერო გეგმა არ არსებობდა, წარმოვიდგენთ, რა დიდი და საპასუხისმგებლო ამოცანის წინაშე აღმოჩნდა პროფესორი ტრისტან მახაური, რომლის სასწავლო დატვირთვა ფოლკლორის მიმართულების ძირითად საგნებსაც, ბუნებრივია, მოიცავდა. ჩვენი ინსტიტუტი ინტენსიურად თანამშრომლობდა ბატონ ტრისტანთან და შედეგმაც არ დააყოვნა. მან სიღრმისეულად შეისწავლა დასახელებული საგნებისათვის ემპირიული მასალა, შემდეგ თეორიული თვალსაზრისით დაამუშავა იგი და შექმნა სილაბუსები ამ საგნებისათვის, რომელთაც ანალოგი არა აქვთ არც ერთ სხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, არც ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დღევანდელი აფხაზეთის საგანმანათლებლო სივრცეში. ბატონი ტრისტანის სალექციო ჯგუფები მომენტალურად ივსებოდა და უამრავი მსურველი რჩებოდა სიის გარეთ, აუდიტორიები ყოველთვის სავსე იყო, მათ შორის ისეთი სტუდენტებითაც, ვისაც ესა თუ ის საგანი კრედიტით არ ჰქონდა არჩეული, მაგრამ მის ლექციებს აუცილებლად ესწრებოდნენ, რადგან ეს ლექციები დატვირთული იყო სიღრმისეული ცოდნით, ფოლკლორისა და ლიტერატურისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, ემპირიული მასალის ენციკლოპედიური სიზუსტით გადმოცემით, მითოსური და ეპიკური სიძველითა და საიდუმლოებებით, გმირთა და ანტიგმირთა სახეებით. ანტიკური დრამატიზმით აცოცხლებდა მხატვრულ სახეებს ლექტორი ტრისტან მახაური და რა გასაკვირია, რომ დღევანდელობის პრაგმატიზმიდან მითოსურ-ფოლკლორულ წიაღში დაბრუნებული ახალგაზრდები თუ სხვა თვალით შეხედავდნენ სამყაროს და უსაზღვროდ შეიყვარებდნენ თავიანთ ლექტორს. იგი დიდი ჩანთით მათთვის უშურველად დაატარებდა წიგნებს, ჩანაწერებს, თავად ბიბლიოთეკაში ათენ-აღამებდა და სტუდენტივით ემზადებოდა ყველა შეხვედრისათვის. არც ერთი შეხვედრა არ ჰგავდა ერთმანეთს. იყო საოცარი წიაღსვლები, ლიტერატურული კომპარატივისტიკა სახისმეტყველებისათვის. ლექცია პროფესორისთვის სპექტაკლი იყო, რომლის წამყვანი გმირი არც კი ჩანდა, მისი ხმა კი ისე ჟღერდა როგორც საუკუნეთა წიაღიდან საკრალური გმირის საჭურველი. მითოლოგიური ელემენტების რეპრეზენტაციულობა, ფოლკლორული მოტივები, გმირის ინიციაცია ინკარნაციის გზაზე, ხალხთა ტრადიციული სულიერი კულტურის გაცოცხლება, დემონების, კუდიანებისა და მაქციების სახეთა აქტუალიზაცია - ამით პროფესორი ტრისტან მახაური ფოლკლორს აუდიტორიის წინაშე წარმოადგენდა არა როგორც მხოლოდ გარკვეულ ისტორიულ წარსულში შექმნილ სულიერ მემკვიდრეობას, არამედ მას სძენდა თანამედროვეობაში ცოცხლად არსებულის სახეს, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და იდუმალებით აღსავსეს ხდიდა საგანს. მდიდარი საკრალური ელემენტებით დახუნძლული კავკასიური ფოლკლორული შემოქმედება ზებუნებრივ ძალას სძენდა პროფესორ ტრისტან მახაურს; ამ ძალმოსილებით იგი „მოგზაურობდა“ დროის მიღმა მომხდარ მოვლენებში საკრალური ცოდნითა და სულიერებით და ამ მოგზაურობაში მასთან ერთად იყვნენ სტუდენტები; ისინი თანაზიარი ხდებოდნენ ინიციაციური ისტორიებისა, ზებუნებრივ არსებათა საგმირო თავგადასავლებისა და კოსმოგონიური ასპექტებისა.
პროფესორი ტრისტან მახაური ციყვივით ავსებდა თავის საბუდარს ქართულ-კავკასიური ზეპირსიტყვიერების მარგალიტებით; შემდგომ საკუთარ ცოდნის ქურაში გაატარებდა და ასე მიჰქონდა აუდიტორიაში. წუთისოფლის ავბედობით ეს აუდიტორია დატოვა მითოსურ-ფოლკლორული „ოკეანის“ საკრალურმა ადეპტმა - პროფესორმა ტრისტან მახაურმა და სხვა სოფელში გადავიდა. აქ ნათელი დატოვა, რათა იქ ნათლის გმირად მისვლოდა საკრალურ გმირებს.
პროფესორი ცირა ბარამიძე
6. 02. 2018
ტიტეს
2018 წლის 9 იანვარს შესვენდა საყდრიგორაზე ტრისტან მახაური - კაცი მართალი და „ბეჩავი“
2018 წლის 9 იანვარს შესვენდა საყდრიგორაზე ტრისტან მახაური - კაცი მართალი და „ბეჩავი“
საყდრიგორა ვერ დაგმალავს
ბეჩავ, ბეჩავ ფშაველო,
დგას საწუთრო ყირამალა,
ცაო, მიწავ მტკაველო!
ბეჩავ, ბეჩავ ფშაველო,
დგას საწუთრო ყირამალა,
ცაო, მიწავ მტკაველო!
ჩაიკარი გულში ტიტე -
ტიტა უხერხემალო,
საყდრიგორა სულეთს იტევს,
ბედისწერავ, ფეხმალო.
ტიტა უხერხემალო,
საყდრიგორა სულეთს იტევს,
ბედისწერავ, ფეხმალო.
საქმე მისი უმეტესი,
ვიდრე მისი სახელი
მიუთხროდით უფალს ესვით
ბრძენი და არა ხელი.
ვიდრე მისი სახელი
მიუთხროდით უფალს ესვით
ბრძენი და არა ხელი.
საყდროგორა - ბეჩავ კაცთა
ბეჩავ, ბეჩავ ფშაველთა
მატეანე, სულეთს გასცდა
საქართველოს მთა-ველთა.
ბეჩავ, ბეჩავ ფშაველთა
მატეანე, სულეთს გასცდა
საქართველოს მთა-ველთა.
საყდრიგორა ვერ დაგმალავს
ბეჩავ, ბეჩავ ფშაველო,
დგას საწუთრო ყირამალა,
ცაო, მიწავ მტკაველო!
ბეჩავ, ბეჩავ ფშაველო,
დგას საწუთრო ყირამალა,
ცაო, მიწავ მტკაველო!
10. 01. 2018