ს ი ტ ყ ვ ა, წარმოთქმული კავკასიოლოგთა V კონგრესზე
დილა მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები კონგრესის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს! კავკასიის პირველი ეროვნული უნივერსიტეტი დღეს უკვე რიგით მეხუთედ გიხსნით კარს, რათა წარმოვადინოთ, განვსაჯოთ და შევაჯამოთ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დარგებში, ასევე ფიზიკურ ანთროპოლოგიაში უკანასკნელ 3 წელიწადში მიღწეული სამეცნიერო შედეგები. თქვენს ხელთ არსებული, ვფიქრობ, სოლიდური მასალები, წარმოდგენილი კონგრესის სამუშაო პროგრამაში, ადასტურებს, რომ უხვია სამკალი. ქართული კავკასიოლოგიური სკოლის ეგიდით ჩვენ ვაგრძელებთ კავკასიოლოგიაში არსებული თანამედროვე ხედვებისა და კვლევათა შედეგების განხილვას და ამით ვაგრძელებთ ამ უნივერსიტეტის დამაარსებლის, ათასწლეულის ფიგურის, დიდი ივანე ჯავახიშვილის დაწყებულ საქმეს. ჩვენ კავკასიის ვიწრო ბილიკებით კვლავ მივიწრაფით ერთმანეთისაკენ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ იბერიულ-კავკასიური ცივილიზაციის აკვანში მკვიდრი და შემდგომ დამკვიდრებული, ენდოგენური და ეგზოგენური ეთნოკულტურების შესწავლისა და გადარჩენის საქმეში. ეს ჩვენი - მეცნიერთა უპირველესი მოვალეობაა. პროფ. ხანმაგომედოვი აღნიშნავდა, რომ პოლიტიკა ჩამორჩება მეცნიერებას. ვეთანხმებით და ვაზუსტებთ, რომ მხოლოდ მეცნიერებას შეუძლია ჭეშმარიტების ძიების გზაზე განსაზღვროს კავკასიური ცივილიზაციის ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები. კაცობრიობის ისტორიაში ცივილიზაციები ჩნდებიან, ქმნიან თვითიდენტიფიკაციას და, სამწუხაროდ, ფუნქციის ამოწურვის შემთხვევაში ქრებიან კიდეც.
2007 წელს კონგრესის დაარსების სამეცნიერო საფუძველი და მიზანი იყო, განგვესაზღვრა იბერიულ-კავკასიური უძველესი ცივილიზაციის სიცოცხლისუნარიანობა ისტორიული და თანამედროვე მდგომარეობის შესწავლით და გამოგვეკვეთა მომავალი არსებობის კონტურები. განგვესაზღვრა კავკასიური ცივილიზაციის სამი უმთავრესი ვექტორი - კულტურულ-ცივილიზაციური, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური. კავკასიის შესწავლაში არის ორი სპექტრი - ხედვა გარედან და ხედვა უშუალოდ კავკასიიდან. ხედვა გარედან აგებული იყო, არის და შემდგომშიც იქნება ძირითადად გეოპოლიტიკის პრინციპებზე. ასეთია დამპყრობელთა ხედვა ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. მათთვის კავკასია შესწავლის ობიექტია და არა სიყვარულისა და ზრუნვის საგანი. ისინი კავკასიას უჭვრეტენ სარგებლიანობის პრინციპით, ამიტომაც გეოეკონომიკური და კულტურულ-ცივილიზაციური ვექტორები დამხმარე საშუალებაა კავკასიის უკეთ ასათვისებლად. ხედვა შიგნიდან კი მიმართულია საკუთარი ფესვების ძიებისაკენ და, რა თქმა უნდა, არის არა შესწავლის ობიექტი მხოლოდ, არამედ ზრუნვისა და სიყვარულის მიზეზი, საკუთარი ეთნოგენეზის, ფესვების სიღრმისა და სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრის გზა და საშუალება. კავკასია როგორც ბორდერლენდი, მის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ფუნქციაზე მიანიშნებს მხოლოდ. აბრეშუმის გზა, სატრანზიტო დერეფანი, ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის კავკასიის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ანუ გარეთა ხედვის ავტორთათვის სარგებლიანობის პრიციპით ხედვაა და ამით იყო და არის კავკასია ყოველთვის საინტერესო. მაგრამ ანტიკური წყაროებიდან მოყოლებული არის ხედვა - კავკასია - ენათა მთა, ხალხთა მუზეუმი, მულტიკულტურული, მულტილინგვური სივრცე და, რაც მთავარია, ცივილიზაციაა, იბერიულ-კავკასიური ცივილიზაცია, რომელმაც ათასწლეულების მანძილზე შვილობილივით მიიღო და შეითვისა ინდოევროპული და ალათაურ-თურქული მოდგმის ხალხები, შეუნარჩუნა მათ ლინგვოეთნიკური იდენტობა და შექმნა-ჩამოაყალიბა კავკასიური მულტილინგვური მოზაიკა კავკასიური აბტუპტივებით. ლინგვოკულტურული სტრატიფიკაცია ადასტურებს, რომ კავკასიური ცივილიზაცია უძველესია, მისი გავრცელების არეალი იყო გაცილებით დიდი, ვიდრე ის დღეს არის. ამ ცივილიზაციამ კულტურულ-ცივილიზაციური თვალსაზრისით გაცილებით მეტი გასცა და დაკარგა, ვიდრე მიიღო. კაცობრიობის აკვანში კავკასიური ცივილიზაციის ადგილის განსასაზღვრად გამოიკვეთა კავკასიოლოგთა 1-ლი კონგრესის თემა - კავკასიური ცივილიზაცია მახლობელი აღმოსავლეთის ლინგვოკულტურულ კონტექსტში. ამ თემამ შვა მე-2 კონგრესის თემა - კავკასიური ცივილიზაცია - ისტორია და თანამედროვეობა, რადგანაც მეცნიერებმა მსოფლიოს სხავადასხვა სამეცნიერო ცენტრებიდან ერთხმად დაადგინეს, რომ კავკასიაა ცივილიზაციაა, მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა იგი ცივილიზაციათა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტულ ჩამონათვალში. მე-2 კონგრესმა კავკასიური ცივილიზაციის ისტორიისა და თანამედროვეობის შესწავლით ნათელყო კავკასიელი ხალხების დღემდე გავლილი ზიგზაგისებური გზა და ის რისკ-ფაქტორები, რაც ამ ცივილიზაციას ემუქრება ასიმილაციისა და ფუნქციის ამოწურვის შემთხვევაში. რა იყო ეს რისკ-ფაქტორები, განსაზღვრა მე-3 კონგრესმა, რომლის თემა იყო მულტიკულტურალიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში. კონგრესმა დაადგინა, რომ კონკრეტული მიზეზების გამო დარღვეულია კავკასიური ტოლერანტობა და არსებობს პრობლემები, მათ შორის, ფსევდოეთნოკონფლიქტების სახით, რომელთა დაძლევის გარეშე ამ ცივილიზაციის დესტრუქცია კარსაა მომდგარი. მთავარი პრობლემა დაპირისპირებულ მხარეთა შორის გაუცხოების დაძლევაა და რეალური საფუძვლის შექმნა კავკასიაში იმპორტირებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ალტერნატივის შესაქმნელად. როგორ მოახერხეს კავკასიური ტოლერანტიზმის დარღვევა გარედან, თუ შიგნითაც არ იყო ნიადაგი შემზადებული. ანუ მთავარი პრობლემა ის კი არ არის მხოლოდ, თუ როგორია მესამე ძალის პრინციპით არსებული დაპირისპირება ეთნოსთა შორის, არამედ მთავარია იმ ამოცანის ამოხსნა, სად გაწყდა კავკასიელ ხალხებში ათასწლეულობით შესისხლხორცებული მორდუობის, ათალიკობის, ტოლერანტობის პრინციპების კავკასიელთა ეთნოცნობიერებაში. კავკასიური ადათ-წესებისა და სამართლებლივი ინსტიტუციების მოშლა შეაპირობებდა პრობლემებს. როგორ უნდა იქნეს დაძლეული არსებული პრობლემები, როგორია მეცნიერული საფუძვლები, ამის განსაზღვრა გახლდათ მე-3 კონგრესის მიზანი და ამოცანა. ცივილიზაციის პარამეტრების შესწავლი მიზნით, მე-4 კონგრესი მიეძღვნა კავკასიის დამწერლობებს. 15 ანბანური დამწერლობიდან კავკასიამ შექმნა 3 ანბანური დამწერლობა, ალბანური, სომხური და ქართული. ქართული ანაბნური დამწერლობის ისტორია მსოფლიო დამწერლობათა ისტორიის კონტექსტში რეალურად შეცვალა 2015 წელს გრაკლიანის აღმოჩენამ. კავკასიამ ანბანურ დამწერლობამდე გაიარა გზა კრიპტოგრაფიული, სკრიპტებით დამწერლობიდან სამეტყველო ანბანურ დამწერლობამდე და დადასტურდა, რომ თუ მოცემული ლინგვოკულტურული სივრცე ქმნის სამ ანბანურ დამწერლობას, ის, რა თქმა უნდა, ცივილიზაციაა. ნელ-ნელა ჩვენ თვალწინ ჩვენივე კვლევებით დაიმსხვრა ექსპანსიური სტერეოტიპი კავკასიელი ხალხების ჩამორჩენილობისა და ... აღარ გავაგრძელებ დანარჩენი ნეგატიური კონტექსტებისა.
ისტორიის მანძილზე კავკასიას ყოფდნენ იმპერიები ძირითადად ორ ნაწილად და გავლენის სფეროებად. კავკასიური ერთიანობის იდეა ფარნავაზის, ლეონტი მროველის, დავით აღმაშენებლის, შამილის, ილია ჭავჭავაძის, ივ. ჯავახიშვილის, არნ. ჩიქობავას, თოფჩიბაშევისა და სხვათა ღვაწლის მიუხედავად ძნელად მისაღწევი გახდა, ის არის ერთადერთი სწორი, იმანენტური ბუნების მქონე მდგომარეობაა, რომელშიაც შეიძლება გადარჩეს კავკასიური ცივილიზაცია. ყოველი ენა სამყაროს განსაკუთრებული მსოფლხედვაა და არ შეიძლება იგი გახდეს ნებაყოფლობითი შესწავლის საგანი. ეს იქნება ამ ენათა სიცოცხლისუნარიანობის არსასრული. შესაბამისად, ეს იქნება საბოლოო ასიმილაციის გარანტი. ტრუბეცკოის, სავიცკისა იაკობსონის მიერ დევნილობის დროს პრაღის ლინგვისტურ სკოლაში ჩასახული ევრაზიულობის გეოლინგვისტური თეორია საუკუნის შემდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა და ერთი ენის დომინიონი ნაციონალური ენების ქრობის, მინორიტარულ მდგომარეობაში გადასვლის უტყუარი ნიშანია. თვალიც რომ დავხუჭოთ, პრობლემა არ გაქრება, პირიქით, ის ჩვენს ენებს გააქრობს. ასეთი რამ ხდებოდა და ხდება ხალხების ისტორიაში, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია უმდიდრესი კავკასიური ენების ფუნქციონირების სფეროების შეზღუდვაც კი არა თუ გაქრობა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ენების პატრონი და უნდა ვიზრუნოთ ცვლილებისათვის.
მე-5 კონგრესი საქართველოს ადგილსა და როლს განსაზღვრავს კავკასიურ კულტურულ-ცივილიზაციურ კონტექსტში. ეს თემა სულაც არ ნიშნავს, რომ ქართული კულტურა რითიმე გამორჩეული ან უკეთესია დანარჩენ კავკასიურზე. საქართველოს გამორჩეულობა მის კავკასიურ ფუნქციაშია და არა მის განსაკუთრებულობაში. კავკასიის შესწავლაში უშუალოდ კავკასიაში კავკასიის პირველმა უნივერსიტეტმა გადადგა პირველი ნაბიჯები და ეს მესახება საქართველოს, როგორც კავკასიოლოგიური კვლევების ცენტრის, უმთავრეს ფუნქციად სამეცნიერო თვალსაზრისით. ივ. ჯავახიშვილი თავის კაპიტალურ მონოგრაფიაში „ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა“ წერდა: ყოველი განათლებული ქართველი ვალდებულია ისე იცნობდეს კავკასიის ხალხთა ენებსა და ისტორიას, როგორც საკუთარს. ქართველთა ეთნოგენეზის საკითხი წყდება იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხების ეთნოლინგვისტური ანალიზის საფუძველზე და უკვე შექმნილია იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების თეორიული საფუძვლები. შემდგომი ნაბიჯია იბერიულ-კავკასიურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონის შექმნაა, რაც იქნება კიდეც პასპორტი კავკასიური მოდგმის ენებისა და ხალხებისა. კავკასიელთა პირველსაცხოვრისისა და ეთნოკულტურის ისტორიის შესწავლა იბერიულ-კავკასიური ეტიმოლოგიური ლექსიკონის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.
საქართველო ასრულებს რეგიონისა და საერთაშორისო მასშტაბით კავკასიოლოგიის დარგში წამყვანი ქვეყნის ფუნქციას!
არ არის ძნელი წარმოსადგენი, რომ კავკასიოლოგიის წინაშე არსებული გამოწვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დარგს და მის განვითარებას ბოლო პერიოდში. რომ არა კავკასიოლოგთა განსაკუთრებული სტრატეგია დარგის კონცეპციის აღსასრულებლად, საბჭოთა კავშირის ნანგრევები დიდ ზვავად აწვებოდა მას და განადგურებას უქადდა. არ ვიცი, როგორ სტრატეგიას მიმართავენ თავდაცვის სტრატეგოსები, მაშინ, როცა მომართული საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე სუბსტანციის შესაძლებლობები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენმა სკოლამ აირჩია სწორი სტრატეგია - წონასწორობის სტრატეგია საქართველოს გარეთ არსებულ წამყვან კავკასიოლოგიურ სკოლასთან, რომლის კონცეპტები საპირისპიროა ქართული კავკასიოლოგიური სკოლის სამეცნიერო კონცეპტებისა და უმეტესწილად აგებულია პოლიტიკურ სტრატეგიებზე. ჩვენ დიალოგი, პოლემიკა გავმართეთ ამ სკოლასთან და ამგვარად დავიცავით ძალთა გაცვლის, შეიძლება ითქვას, გადარჩენის ტაქტიკაც. აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო საკმარისი, ამიტომ გადავწყვიტეთ, ქართულ კავკასიოლოგიურ სკოლაში იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ირგვლივ ინტეგრირებული ყოფილიყო ყველა დარგი, რომელიც კავკასიას შეისწავლიდა და ერთ გუნდად შეკრულიყვნენ სპეციალისტები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შორის სამეცნიერო მიდგომები წინააღმდეგობრივია. ჩვენ პოსტსაბჭოთა ქაოსში დავინახეთ შესაძლებლობა - შეგვექმნა ახალი, თანამედროვე კავკასიოლოგია. არც ეს იყო საკმარისი - ჩვენი ერთიანობა, მთლიანობა, გამუდმებული მცდელობა - ბრუნვა - აიკიდოს პრინციპით ისხლეტდა და ისხლეტს ყველა შემოტევას, რადგან ჩვენ, მეცნიერები ყოველ დღე ახალ პროდუქციას ვქმნით და ახალ-ახალ შესაძლებლობებს ვეძებთ. ჩვენი ქვეყნის ხორციელი სხეული იმიტომაა დანაწევრებული, რომ მძიმე, ისტორიული კატაკლიზმების დროს ვერ შევძელით ვერც წონასწორობის დაცვა და ვერც გამთლიანება. ამბივალენტობა მეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიც კავკასიოლოგიია, გარდაუვალია. არც პოლიტიკაში იქნებოდა უშედეგო იგი. საქართველო კავკასიის დანაწევრებული სხეულის თავადაც დაჩეხილი სხეულია. ის ვერ შეძლებს საკუთარი თავის გადარჩენას მოძმე კავკასიელთა გადარჩენის გარეშე. ამ გზაზე ყველაზე სწორი, შედეგიანი და უმტკივნეულო იარაღი კავკასიის შესახებ ცოდნაა, ცოდნა დაგროვილი ასწლეულების მანძილზე, რომელსაც ჩვენ ვინახავთ, კვლავ ახალ ცოდნას ვუმატებთ და გადავცემთ თაობიდან თაობას. ჩვენ მხოლოდ ერთი რგოლი ვართ ამ თაობათა ჯაჭვში და მისი უწყვეტობისთვის საჭიროა ხელისუფალი თუ არა, სამოქალაქო საზოგადოება მაინც მეცნიერების გვერდით იდგეს. ისტორია გვასწავლის, რომ მხოლოდ ის ხელისუფალი იყო საქართველოს ისტორიისთვის სამაგალითო, რომელმაც აღასრულა საქართველოს კავკასიური ფუნქცია.
და, რა არის ეს ფუნქცია? რამ გადაგვარჩინა ისტორიის ქარტეხილებს?
ამ კითხვებზე არაერთგვაროვანი პასუხებიდან ერთადერთ სწორ პასუხად მესახება პასუხი - ფუნქციამ გადაგვარჩინა. ვიდრე სუბსტანცია ასრულებს ფუნქციას, ის არსებობს კიდეც. როგორც კი ფუნქციას დაკარგავს და ვერ შეძლებს სინერგეტიკას, ის იღუპება. ჩვენ აუცილებლად გვეშველება, ჩვენ განსაკუთრებული ახალგაზრდა თაობა გვყავს, ის თავისუფლებაშია დაბადებული და მათი სახედველი ჭეშმარიტებისკენაა მიპყრობილი. ამ თაობისთვის კავკასიის შესწავლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კავკასიის პარტონობა, მასზე ზრუნვა. ამითაც განსხვავდება ეს თაობა წინა თაობებისაგან.
ამ კითხვებზე არაერთგვაროვანი პასუხებიდან ერთადერთ სწორ პასუხად მესახება პასუხი - ფუნქციამ გადაგვარჩინა. ვიდრე სუბსტანცია ასრულებს ფუნქციას, ის არსებობს კიდეც. როგორც კი ფუნქციას დაკარგავს და ვერ შეძლებს სინერგეტიკას, ის იღუპება. ჩვენ აუცილებლად გვეშველება, ჩვენ განსაკუთრებული ახალგაზრდა თაობა გვყავს, ის თავისუფლებაშია დაბადებული და მათი სახედველი ჭეშმარიტებისკენაა მიპყრობილი. ამ თაობისთვის კავკასიის შესწავლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კავკასიის პარტონობა, მასზე ზრუნვა. ამითაც განსხვავდება ეს თაობა წინა თაობებისაგან.
დღეს კავკასიას არა აქვს გეოპოლიტიკურ-სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მთლიანობა. ამ ეტაპზე სამხრეთ კავკასიამ, ცენტრალურმა ნაწილმა უნდა შეასრულოს განსაკუთრებული ფუნქცია და უნდა განსაზღვროს Hard Land-ის პერსპექტივები კავკასიის რეგიონში. როგორი იქნება ახალი კავკასია თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებაში; ცენტრალური კავკასიისადმი ინტერესი, ისე, როგორც მთლიანად კავკასიისადმი, გააჩნია რეგიონში პოლიტიკურად მოთამაშე სუბიექტებს. აქვე იკვეთება გლობალური ინტერესები. როგორია საქართველოს ამბიცია რეგიონში? ეს, უპირველეს ყოვლისა, აისახება საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრატეგიაში, რომელიც საქართველოს გააჩნია კავკასიის რეგიონის კომპლექსურად შემსწავლელი დარგის - კავკასიოლოგიის მიმართ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. საქართველოს ფუნქცია ანუ შემდგომი სიცოცხლისუნარიანობა სამგანზომილებიანია - ეს განზომილებებია: ლოკალური, რეგიონალური და საერთაშორისო. საქართველოს საერთაშორისო ფუნქცია ევროპული ინტეგრაციაა, ევროპის კავშირი, არადა საპირწონედ მას ევრაზიული კავშირი უდევს. საქართველოს ლოკალური ფუნქცია მისი სახელმწიფოებრივი იდენტობის შენარჩუნება და გაძლიერებაა, რეგიონალური ფუნქცია კი დღეს ქართული სახელმწიფოს ხედვაში მხოლოდ ნომინალურია და არასისტემური, არადა, საქართველო არა მარტო გეოგრაფიულადაა კავკასიაში, არამედ კავკასიური ცივილიზაციის აკვანია და მაჯისცემა. თუ ამ სამი ფუნქციიდან რომელიმეს ვერ შეასრულებს ქვეყანა, ის ვერც დანარჩენ ორს შეასრულებს.
დღეს ჩვენ, მეცნიერები, ვიწყებთ ჩვენი სამწლიანი სამეცნიერო მუშაობის ინტერდისციპლინურ, პროსპექტულ განხილვასა და შეჯამებას.
წარმატებებს გისურვებთ, კოლეგებო!
მადლობა ფინანსურ მხარადამჭერს - სამეცნიერო-საგანმანათლებლო საზოგადოება „პრომეთეოსს“.
მადლობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, კოლეგებს, გამომცემლობას, სტამბას,
მადლობა მონაწილეებსა და სტუმრებს მობრძანებისთვის!
მადლობა ღმერთს, რომ შეგვაძლებინა!
ცირა ბარამიძე
4. 11.2019
06:21
4. 11.2019
06:21