ცირა ბარამიძე
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე წარმოთქმული სიტყვა (09.09.2013)
წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი #5, დანართი 3.
თსუ რეორგანიზაციის საკითხი დღეს ჩვენ, უნივერსიტეტის მართვის ორგანოები, უნივერსიტეტის ისტორიაში ერთ-ერთ ნეგატიურ, ვიტყოდი, სამარცხვინო ნაბიჯს გადავდგამთ უკანსვლით და ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიეთ მეც თქვენი თანაზიარი ვხდები. რეორგანიზაციის პროცესი სამართლებრივი კუთხით შეუქცევადად იქცა და მიმაჩნია, რომ ამ საბჭომ აუცილებლად უნდა განიხილოს და მიიღოს ეს დოკუმენტი, რომც არ სურდეს, რადგან მის გარეშე დღეს უნივერსიტეტი სამართლებრივ ვაკუუმში დარჩება. უნივერსიტეტი ცოცხალი ორგანიზმია და ამ ვაკუუმს ვერ იგუებს. მე არა ვარ არასტაბილურობის მომხრე, მაგრამ ვერც სტაგნაციის მომხრე ვიქნები.
მთავარი უნივერსიტეტის მომავლისთვის იმის გაანალიზება, როგორ მოვედით აქამდე. თუ ჩვენ უნივერსიტეტის წესდებების დინამიკას გადავხედავთ, მოყოლებული 1918 წლიდან დღემდე, ლოგიკური დანასკვი იქნება იმგვარი, რომ დღეს განსახილველი წესდება, ისევე, როგორც გზაში მყოფი კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ, რეტროგრადულია. ჩვენ არც წესდების და არც კანონპროექტის შექმნის პროცესში ჩვენივე უნიათობით ვერ ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ მხოლოდ დათანხმება გვევალება. უნივერსიტეტი 1918 წელს შეიქმნა, როგორც სამოქალაქო ინსტიტუცია. სახელმწიფომ მას წაართვა დამოუკიდებლობა და რა მოუვიდა იმ ახალგაზრდა სახელმწიფოს, აკვნიდანაც რომ ვერ გადმოდგა ფეხი, ჩვენ ეს ისტორიის გაკვეთილებიდან გვახსოვს. მხოლოდ 2011 წელს შევძელით, თუ შეგვაძლებინეს, (არც მაშინ უკითხავს ვინმეს უნივერსიტეტისთვის), დამოუკიდებლობის ნაწილობრივი განხორციელება და გაჩნდა იმედი იმისა, რომ საბოლოო ავტონომიურობასაც ვეღირსებოდით 23 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან. მაგრამ საბჭოთა მახინა ჩვენს ცნობიერებაში არ დანგრეულა და წითელ ზონას ვერ გავცდით, თუ იქ არ დავბრუნდებით ისევ. რა ხარვეზი იყო 2011 წლის წესდებაში, რომელსაც მე მაშინვე ვაპროტესდებდი, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ ამ უშედეგობამ გამოიღო უარყოფითი შედეგი - ისევ სსიპ-ს ვუბრუნდებით. ხელისუფლებამ ერთი ხელით თავისუფლება მოგვცა, მეორეთი კი ლაგამი ამოგვდო რეგენტთა საბჭოს სახით. თუმცა იქვე, იმავე მუხლის მე-6 პუნქტში ჩადო შესაძლებლობა - საკუთარი თავის პატრონები გავმხდარიყავით და ნამდვილი საუნივერსიტეტი იდეა განგვეხორციელებინა, განგვეკარგა ჩვენი მწირი ბიუჯეტი და ღატაკი ქონება უნივერსიტეტის განვითარების ფონდის შექმნით. ჩვენ ეს შანსიც ვერ გამოვიყენეთ და უფრო მეტიც, დავტოვეთ წესდებაში 70-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც განვსაზღვრეთ, ვის ვანიჭებდით ჩვენი რეორგანიზაციის და უფრო მეტიც, ლიკვიდაციის უფლებას. კანონმდებლობა ა(ა)იპი-ს შესახებ მოითხოვს, რომ დაწესებულების წესდებაში ჩაიწეროს, თუ როგორ უნდა მოახდინო რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. ჩვენ ამაზე ზრუნვა არ დაგვჭირვებია, გამზადებული მოგვივიდა ეს მუხლიც და არც შევხებივართ, ისე დავტოვეთ. ეს ყოველივე ემსახურებოდა ერთ მიზანს - პროფესურა ყოფილიყო მოტყუებული და გაჩუმებული. აი, შეიქმნა ა(ა)იპ-ი და სხვა რაღა გვინდოდა. სინამდვილეში ეს მუხლი იყო სახელმწიფოსთვის პოლიტიკური ხასიათის ბერკეტი, მაგალითად, არჩევნებში ზოგადად და უნივერსიტეტში, რადგანაც სახელმწიფოსთვის უნივერსიტეტი არის ძალა. ძველ ხელისუფალს ამის გამოყენება უკვე აღარ სჭირდებოდა, რადგან დრო ეწურებოდა. იმ ხელისუფლებამ ააიპი მოგვცა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე 9 წლიანი მმართველობიდან. ადრე ვერ გამოიმეტა იმიტომ, რომ უნივერსიტეტი უნდა დაელაგებინა თავის პოლიტიკურ ბერკეტად. მოახერხა დალაგება და გაუქრა განცდა, რომ უნივერსიტეტი ააიპის შემთხვევაშიც კი აღარ იქნებოდა საშიში. ამიტომ შექმნა მოტივაცია და იმიტაცია, რომ უნივერსიტეტი გამხდარიყო დამოუკიდებელი. არც მაშინ ყოფილა ინიციატივა ქვემოდან, ეს იყო წყალობა ზემოდან. თითქოს იყო პროგრესი, მაგრამ ნაწილობრივი, რომელიც ვერ იქნებოდა მდგრადი. დღევანდელი დღე დასტურია, რომ ასეც აღმოჩნდა სწორედ 70-ე მუხლის მეშვეობით. ეს მუხლი იყო ოქროს რეზერვი, რომელიც უნდა აემუშავებინა ხელისუფალს საჭიროებისამებრ. ეს რეზერვიც სათავისოდ ჰქონდა მიჩნეული, მაგრამ ვერ გათვალა, რომ პოლიტიკური ძალა შეუცვლელი არ იყო, არ მოელოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა ოქტომბერში. მანამდე უკვე გაზრდილი იყო მთავრობისა და პრემიერის უფლებები, რომლებიც გამზადებული დახვდა ახალ ხელისუფალს და გამზადებული დახვდა სამართლებრივი საფუძვლები უნივერსიტეტის ისეთ ახალ რელსებზე გადასაყვანად, რომელიც მისაღებია მისთვის უნივერსიტეტში ახალი წესრიგის დასამყარებლად. ახალი ხელისუფლებისათვის უნივერსიტეტი არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით სანდო არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მათგანვე ინიცირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დღის წესრიგში დააყენა რექტორის ვადამდელი არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში წინასწარ იყო ყველაფერი გათვლილი და ერთი მხრივ, თითქოს საფრთხე აღარ არსებობდა, ხელისუფალმა თავის დაზღვევის მიზნით გამოსცა მოტივაციისა და ინიციატივის გარეშე რეტროგრადული ნორმატიული აქტი - 187-ე დადგენილება (2013 წლის 29 ივლისი). თუ უნივერსიტეტის რექტორი არ გახდებოდა ხელისუფლებისათვის მისაღები პირი (რაც ნაკლებად იყო მოსალოდნელი), ის მაინც უნდა დამდგარიყო რეორგანიზაციის ფაქტის წინაშე. დღეს სიტუაცია სამართლებრივ ჩიხშია შესული. ასეთი დარტყმებისთვის ზაფხული ყველაზე ხელსაყრელი დროა. სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, მივიღოთ ეს წყალობა, რომელსაც სსიპი ჰქვია და მადლობა ვუთხრათ უფალს, ხელისუფალმა იმავე 70-ე მუხლით ლიკვიდაციის უფლებაც რომ არ გამოიყენა. ჩვენ მასაც უდრტვინველად მივიღებდით.
უნივერსიტეტში არ არის თავისუფალი აკადემიური საზოგადოება, ამიტომ პროტესტი არც იყო მოსალოდნელი. უნივერსიტეტში სტუდენტობაც პოლიტიკურადაა პოლარიზებული. ესეც მომაკვდინებელია, რადგან ეწინააღმდეგება საუნივერსიტეტო იდეას, სამოქალაქო ინსტიტუციას, პროგრესს. უნივერსიტეტი ნებისმიერი ხელისუფლისათვის პოლიტიკური ინსტრუმენტია და მეტი არაფერი. ჩვენ თითქოს გავიარეთ არასრული მეტამორფოზი და სრულ მეტამორფოზში გადავედით. ოღონდ ახლა ჭუპრის ანუ მოსვენების განსაკუთრებული შუალედური სტადიის ფორმაში ვართ. არ ვიცი, როდემდე, ძნელია პროგნოზი. ჩემსა და უფროს თაობას ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა რომ უჭირს, ფაქტია. ჩვენ საბჭოთა ცნობიერების ტყვეობიდან ვერ გამოვალთ. ერთადერთი იმედი ხსნისა ახალგაზრდობაა და ამას ახლა მათთვის ვამბობ, ყურად იღონ, რათა უარი უთხრან პოლიტიკურ პოლარიზებას, შეცვალონ მომავალი - შექმნან, მოიპოვონ უნივერსიტეტის ჭეშმარიტი და არა ფალსიფიცირებული ავტონომია. ეს იქნება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ქვაკუთხედი.