Saturday, 16 April 2016

ნოდარ თოთაძე

კანდიდატის საერთაშორისო გამოცდილების აღწერა

    ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ცირა ბარამიძე 2006 წლიდან ხელმძღვანელობს საერთაშორისო მნიშვნელობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს. გასულ საუკუნეში თბილისი სამართლიანად იქცა კავკასიოლოგიის აღიარებულ ცენტრად საერთაშორისო მასშტაბით. თბილისის  უნივერსიტეტში ერთ-ერთი უპირველესი კათედრა - კავკასიურ ენათა კათედრა იმთავითვე ამზადებდა კადრებს საერთაშორისო კავკასიოლოგიური ცენტრებისათვის. ფუნქციონირებდა რუსული სექტორი, რომელიც ამზადებდა კადრებს ჩრდილო კავკასიის ქვეყნებისათვის. ტრადიციულად დიდი იყო საერთაშორისო კონტაქტები ევროპისა და აზიის ქვეყნების შესაბამის სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუციებთან, მიუხედავად იმისა, რომ  საბჭოთა კავშირი ზღუდავდა  ასეთ ურთიერთობებს. საბჭოთა მეცნიერებისათვის დამახასიათებელი იყო მეცნიერების დარგების პოლიტიზირება. კავკასიოლოგია განსაკუთრებული ინტერესების სფეროს წარმოადგენდა ამ თვალსაზრისით; საბჭოეთის ლინგვისტიკას სწორედ აკადემიკოსმა არნოლდ ჩიქობავამ - კავკასიოლოგიის ფუძემდებელმა - დაუბრუნა საერთაშორისო აღიარება წარმატებული დისკუსიით თემაზე: ენის სტადიური განვითარების შესახებ და გაათავისუფლა ლინგვისტიკა პოლიტიკისა და იდეოლოგიისაგან. პროფ. ცირა ბარამიძე არის კავკასიოლოგთა ქართული სკოლის წარმომადგენელი, დღეს ამ სკოლის ხელმძღვანელი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შესაძლებელი გახდა კავკასიის ხალხთა ისტორიის  კომპლექსური, საბჭოთა იდეოლოგიისაგან განთავისუფლებული შესწავლა. ამ მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1993 წელს  შეიქმნა კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრა. ორი კათედრის - კავკასიურ ენათა კათედრისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის გაერთიანებით პროფესორ ცირა ბარამიძის ინიციატივით შეიქმნა კავკასიოლოგიის ინსტიტუტი 2006 წელს. ეს არ იყო მექანიკური გაერთიანება დარგებისა, არამედ ეს იყო ნოვატორული ხედვა კავკასიის რეგიონის  კომპლექსურად   შესწავლისა და სწავლებისათვის. პროფესორმა ცირა ბარამიძემ საფუძველი ჩაუყარა კავკასიოლოგიისადმი ინტერდისციპლინარულ და კროსდისციპლინარულ მიდგომას და დაარსა საერთაშორისო მნიშვნელობის სამენოვანი (ქართულენოვანი, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი) სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე. მან გაითვალისწინა სწავლებისა და ბაზრის  ევროპული მოთხოვნები, შეინარჩუნა მიღწეული წარმატებები კავკასიოლოგიაში, ხელი შეუწყო იმის განვითარებას, რაც შექმნილია ფასეული მეცნიერებაში, დანერგა ეს ფასეულობები; უარყო, რაც მიუღებელია მეცნიერულად, ხოლო რაც სადაოს წარმოადგენს, იმაზე მოაწყო მეცნიერული დავა-კამათი, რათა მეცნიერულად გაირკვას სადაო საკითხები. ცირა ბარამიძე არის მაღალი რანგის პროფესიონალი, კარგი მეცნიერი და, რაც მთავარია, მეცნიერების კარგი ორგანიზატორი. ის ათი წელია, უძღვება კავკასიოლოგიის ინსტიტუტს. სათანადოდ გაუძღვე მეცნიერებათა კონკრეტულ დარგს, ნიშნავს გაითვალისწინო ყოველივე ზემოთქმული, ტრადიციულის შენარჩუნების პარალელურად შეძლო ინოვაციურისა და პროგრესულის დანერგვა, მიუხედავად ისეთი სირთულეებისა, რომლებიც არსებობს დღემდე პოსტსაბჭოთა სივრცეში.  
       დიდია პროფ. ცირა ბარამიძის წვლილი კავკასიოლოგიის საერთაშორისო მნიშვნელობის დარგად ჩამოყალიბებაში. 2006 წელს ცირა ბარამიძემ შექმნა კავკასიოლოგიის ინსტიტუტი (
http://caucasiology.tsu.ge) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შექმნა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, მათ შორის სრულიად ახალი მიმართულებები: ოსოლოგია და აზერბაიჯანოლოგია; აღადგინა (2010 წ.) რუსულენოვანი სექტორი, რომელზეც სამთავრობო და კავკასიური ფონდის დახმარებით სწავლობენ ჩრდილოეთკავკასიელი სტუდენტები, ასევე სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან; შექმნა (2015 წ.) სწავლების ინგლისურენოვანი სექტორი უცხოელი სტუდენტებისათვის.
   პროფესორმა ცირა ბარამიძემ 2007 წელს დაარსა კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი (http://caucasiology.tsu.ge; www.press.tsu.ge;)   რომელშიც გააერთიანა კავკასიის შემსწავლელი ყველა ჰუმანიტარული დარგი, ასევე კავკასიის რეგიონის ყველა კავკასიოლოგიური სამეცნიერო ცენტრი და საერთაშორისო მნიშვნელობის კავკასიოლოგიური ცენტრები; შექმნა საერთაშორისო რედკოლეგია კონგრესისათვის; ჩაატარა კავკასიოლოგთა სამი საერთაშორისო კონგრესი, გამოსცა კონგრესების სამენოვანი მასალები და სპეციალური პუბლიკაციები. 2012 წელს ცირა ბარამიძის ინიციატივითა და სამეცნიერო ხელმძღვანელობით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი „კავკასიის ხალხთა ფოლკლორი და ლინგვოკულტუროლოგია“; გამოსცა მასალები ხუთ ენაზე. პროფ. ცირა ბარამიძის ხელმძღვანელობითა და ინივიატივით ჩატარდა არაერთი სამეცნიერო ფორუმი. პროფ. ცირა ბარამიძეს აქვს ფართო საერთაშორისო ურთიერთობები კავკასიოლოგ კოლეგებთან, ასევე სამოქალაქო სექტორსა და სახელმწიფო ინსტიტუციებთან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონი და კავკასიოლოგია. იგი უყურადღებოდ არ ტოვებს კავკასიურ კომპაქტურ თუ დისპერსულ დიასპორებს კავკასიის ფარგლებს გარეთ და ხელს უწყობს დიასპორის წარმომადგენელთა  განათლებას საქართველოში. პროფ. ცირა ბარამიძე ინტენსიურად მონაწილეობს საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ფორუმებში სხვადასხვა ქვეყანაში (იტალია, პოლონეთი, რუსეთი, აშშ, ესპანეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი...). იგი არის ნოვატორი და დარგის წამყვანი ფიგურა.
2009 წელს ცირა ბარამიძემ შექმნა საერთაშორისო სამეცნიერო კოლეგია და სამეცნიერო საბჭო საერთაშორისო სამეცნიერო სამენოვანი ყოველწლიური ჟურნალის „კავკასიოლოგიური ძიებანის“ (www.press.tsu.ge; http://caucasiology.tsu.ge; dspace.nplg.gov.ge) დასაარსებლად და ამავე წელს გამოსცა  ამ ჟურნალის პირველი ნომერი. ჟურნალის ფორმატი არის საერთაშორისო და, ამავდროულად, ინტერდისციპლინარული. იგი აერთიანებს ყველა ჰუმანიტარულ დარგს კავკასიოლოგიაში, აქვს მნიშვნელოვანი და ინოვაციური რუბრიკები, ჟურნალი იხვეწება და უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაშიც უდიდესია მისი დამაარსებლის, ჟურნალის კონცეპციის შემქმნელის, მთავარი რედაქტორის პროფესორ ცირა ბარამიძის წვლილი. უკვე გამოვიდა 6 ნომერი.  სამეცნიერო ჟურნალი „კავკასიოლოგიური ძიებანი“ ემყარება კავკასიური იდეის კონცეპტუალურ საფუძვლებს; კავკასიის რეგიონალიზაციის პრინციპებს აყალიბებს საერთო გეოგრაფიულ სივრცეში თანაცხოვრების ტრადიციული და თანამედროვე კულტურა, კავკასიელი ხალხების ლინგვისტური, ეთნოგენეტიკური, კულტურული ნათესაობა და საერთო ისტორიული წარსული. მოპოვებული მიღწევებისა და თანამედროვე კვლევების კვალდაკვალ ჟურნალი აერთიანებს კავკასიოლოგიის პრობლემათა შემსწავლელ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგებს და, შესაბამისად, განსაზღვრავს კავკასიელი ხალხების სიციოკულტურული ერთობის როლსა და ადგილს მსოფლიო კულტურათა დიალოგის კონტექსტში.
პროფ. ცირა ბარამიძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ფარტომასშტაბიანი საგრანტო სამუშაოები კავკასიურ ენათა ონლაინ პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და ელექტრონული თარგმნითი ლექსიკონების შესაქმნელად. მასვე ეკუთვნის კავკასიურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონის სამენოვანი ელექტრონული ვებგვერდის შექმნის პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიწყება 2015 წლის აპრილიდან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით.
პროფ.  ცირა ბარამიძე არის სამი მონოგრაფიის (ოთხი წიგნის) და ას ოცი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი; გეგმავს და ახორციელებს კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემებს; არის ათეულობით წიგნის რედაქტორი სპეციალობაში. იგი კითხულობს კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სამივე საფეხურის ძირითად სასწავლო საგნებს; არის გამორჩეული ორატორი. კითხულობს აგრეთვე საჯარო ლექციებს „კავკასიურ სახლში“. ხშირად სტუმრობს კავკასიის რეგიონის სუბიექტების სასწავლო-კვლევით ცენტრებს; სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. 2006-2014 წლებში იყო თბილისის უნივერსიტეტის სენატის წევრი; 2013 წელს იყო ამავე უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი.
პროფ. ცირა ბარამიძემ შეიმუშავა კონცეფცია „მულტიკულტურალიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში“; ამ თემას მიუძღვნა კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი (I კონგრესის თემა იყო კავკასიური ცივილიზაცია მახლობელი აღმოსავლეთის ლინგვოკულტურულ კონტექსტში,  II კონგრესისა - კავკასიური ცივილიზაცია - ისტორია და თანამედროვეობა). ამგვარი მიდგომით კონგრესის დამაარსებელმა და თავმჯდომარემ, პროფ. ცირა ბარამიძემ, ერთგვარად პროსპექტულად წარმოადგინა კავკასიის რეგიონისა და კავკასიოლოგიის დარგის წინაშე არსებული აქტუალური და ზოგჯერ სადაო საკითხები; არ შეუშინდა საბჭოთა მემკვიდრეობით მიღებული სტერეოტიპებისა და დეფორმირებული ცნობიერების მსხვრევას და საერთაშორისო მასშტაბით საპოლემიკოდ გამოიტანა დარგის ყველაზე აქტუალური, მაგრამ აქამდე მიჩქმალული პრობლემატიკა. ამ პრობლემათა განხილვაში თითოეულ კონგრესში ორასზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და, რაც მთავარია, ყოველ მათგანს ინტენსიური სამეცნიერო კონტაქტები გააჩნია პროფ. ცირა ბარამიძესთან.

    პროფ. ცირა ბარამიძის, როგორც მეცნიერისა და მოქალაქის, ხედვა მიმართულია იქითკენ, რათა გამოიკვეთოს სამეცნიერო საფუძვლები კავკასიის ლინგვოკულტურული სივრცის ისტორიული და თანამედროვე პრობლემატიკის გადასაჭრელად. კავკასიის გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და კულტურულ-ცივილიზაციური ვექტორები დღეს დარღვეულია გარეშე ძალის ინსპირაციითა და პირდაპირი ჩარევით (ხშირად აგრესიული ფორმებით). კავკასიური, ისტორიულად ტოლერანტობაზე დამყარებული, მულტიკულტურალიზმი დღეს რისკებისა და საფრთხეების წინაშე დგას. პროფ. ცირა ბარამიძეს თავისი სასწავლო-სამეცნიერო და სამოქალაქო აქტივობებით უდიდესი წვლილი შეაქვს  ამ რისკებისა და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. მას გააჩნია მეცნიერული ხედვა მომავალი ერთიანი, კავკასიური მულტიკულტურული სივრცის პერსპექტივის შესახებ დიალოგის სახით. ლოკალური ცივილიზაციის კრიზისის ისტორიული და თანამედროვე მიზეზები  შეწონასწორებული უნდა იყოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. კავკასიის ფსევდოეთნოკონფლიქტების მშვიდობიანი, ჰუმანური გზით გადაჭრაში თავისი სამეცნიერო  და საზოგადო წვლილის შეტანა არის პროფ. ცირა ბარამიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უპირველესი ამოცანა. რთულ გეოპოლიტიკურ არეალში ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვები გლობალიზმისა და უნივერსალიზმის, ტრადიციულისა და ინოვაციურის, უნივერსალურისა და ინდივიდუალურის შერწყმის თაობაზე; კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს შენახული კავკასიის თვითმყოფადობა და მოდერნული ტრანსფორმაცია მაშინ, როცა კავკასიელი ხალხების ბედი ნაწილობრივ გარეშე ძალებით არის განსაზღვრული; შესაძლებელია თუ არა დემოკრატიული, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება კავკასიაში; როგორია კავკასიის ინტეგრაციის (გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და კულტურულ-ცივილიზაციური) შანსები; შესაძლებელია თუ არა კავკასიელი ხალხების იდენტობის შენარჩუნება  რეალურად? ეს ის საკვანძო საკითხებია, რომელთა გადასაჭრელად პროფ. ცირა ბარამიძე ინოვაციური მიდგომით გეგმავს და ახორციელებს მრავალ სამეცნიერო აქტივობას გამოსავლის პოვნის პერსპექტივით. პროფ. ცირა ბარამიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმთავრესი საკითხებია: კავკასიური თვითმყოფადობის, მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის შენარჩუნება კულტურათა დიალოგის ფორმატში, კულტურული მრავალფეროვნებისა და ადამიანის უფლებების ურთიერთმიმართების, კავკასიის კულტურული მრავალფეროვნებისა და შემოქმედების, კავკასიური  მულტიკულტურალიზმისა და საერთაშორისო სოლიდარობის საკითხები. პროფ. ცირა ბარამიძე არის სრულიად კავკასიის სამეცნიერო წრეებისათვის აღიარებული მკვლევარი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ქართული კავკასიოლოგიური სკოლის ლიდერი.

ნოდარ თოთაძე

About ნოდარ თოთაძე -

Author Description here.. Nulla sagittis convallis. Curabitur consequat. Quisque metus enim, venenatis fermentum, mollis in, porta et, nibh. Duis vulputate elit in elit. Mauris dictum libero id justo.