მიმაჩნია, რომ რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული საკონკურსო შედეგები არა მხოლოდ ჩემ მიერ წარმოდგენილი პროექტის მიმართ, არამედ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მიმართ არის უსამართლო და არაკომპეტენტური. უკვე საყოველთაოდ ხდება ცნობილი ის მექანიზმები, რომლებითაც ფონდი აყალბებს შედეგებს და ნაცვლად იმისა, რომ ხელს უწყობდეს ინოვაციურ პროექტებს და ამ პროექტების განხორციელებით ხელს უწყობდეს მეცნიერების განვითარებას, ფონდი აფინანსებს ერთსა და იმავე პერსონებს და ამ პერსონების მიერ წარდგენილ უკვე შესწავლილ და გამოკვლეულ საკითხებს; შესაბამისად, გამორიცხულია სამეცნიერო სიახლე და გამორიცხულია აკადემიური პატიოსნება. აგვარი მექანიზმებით ე. წ. „ეროვნული ფონდი“, სამწუხაროდ, ბლოკავს სწორედ ეროვნული მნიშვნელობისა და სიახლეების შემცველ პროექტებს და დადებითი შეფასებებით, მიზანმიმართულად შერჩეული ექსპერტებით გაჰყავს, როგორც აღვნიშნე, ერთი და იგივე პერსონები არაფრისმთქმელი, უკვე არაერთგზის გამოკვლეული საკითხების შესახებ პროექტები, რომელთა შედეგები ვერ გახდება მეცნიერების წარმატების გარანტი. რატომ არასოდეს დაფინანსდა, მაგალითად, ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ ტერმინოლოგიაში რვაგზის წარდგენილი ლექსიკონები, რატომ დაფინანსდა ქართული ენის ინსტიტუტიდან სამი პროექტი, მაშინ როცა კავკასიოლოგიის ინსტიტუტის არც ერთი პროექტი არ გავიდა, რა ვერ წარმოვადგინეთ იმაზე უკეთ, ვიდრე გამარჯვებულებმა წარმოადგინეს? არის თუ არა პრიორიტეტები ამ ფონდში ეროვნული დარგების მიმართ. სამწუხაროა, რომ კოლეგების მიმართ მიწევს ხმის ამოღება, მაგრამ თუ რომელიმე ჭკუათმყოფელი მეტყვის, რომ ისტორიული სამხრეთ საქართველოს ონომასტიკა ნაკლებ პრიორიტეტულია, ვიდრე დაფინანსებული პროექტები, რა თქმა უნდა, მათ დასჭირდებათ განსაკუთრებული არგუმენტაცია. ვეჭვობ, არსებობდეს ასეთი არგუმენტაცია. ფონდში არის მექანიზმები, თუ ვის უნდა გადაეგზავნოს საექსპერტოდ ესა თუ ის პროექტი, სასურველი შედეგი რომ დადგეს. შეიძლება ბედმა გაგიღიმოს და რომელიმე არაშეკვეთილმა ექსპერტმა სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევაა და ნაკლებად მოსალოდნელი. აკადემიური საზოგადოება, სამწუხაროდ, ნეგატიურად აფასებს ფონდის მუშაობას გრანტების მოსაპოვებლად; შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ სოციალურ ქსელებში ამ შეფასებებს. მეცნიერებს უჩნდებათ უკიდურესი ნიჰილიზმი, რომ არასოდეს არაფერი გვეშველება; რეკორდული მაჩვენებლებით არაერთგზის დაფინანსებული პროექტების ავტორებს კი „შუბლზე ხარის ტყავი აქვთ“ გადაკრული და თითქოს ეს მათ არც ეხებათ. არადა, რამდენი წამყვანი მეცნიერისთვის, რომელსაც უნივერსიტეტში ორი მსხვილი ხელფასი არა აქვთ, ფონდის ფინანსური მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით, არამედ მეცნიერებაში მოტივაციის შესანარჩუნებლად. ჩვენ ხშირად გვეკარგება სამართლიანი აკადემიური საზოგადოების იმედი და უკიდურეს უიმედობაში ვიძირებით. არის კი ასეთი აკადემიური გარემო წარმატებული სამეცნიერო მუშაობის გარანტი? არადა, უნივერსიტეტის დევიზია დავეწიოთ და გავუსწროთ მეცნიერებაში რეიტინგით ევროპის უნივერსიტეტებს. მეცნიერება სპორტი არ არის, რომ დავეწიოთ. საუნივერსიტეტო ხელფასი პურის ფულიც არ არის; ფინანსდება ისინი, ვისაც წვდომა აქვს ფონდის შიდა სამზარეულოსთან და არც მაინცადამაინც უხელფასობას უჩივიან. არა მგონია, დიდი კვლევა-ძიება დასჭირდეს სამინისტროს ამ შედეგების რევიზიისათვის, თუ, რა თქმა უნდა, სამინისტროს ხელიც არ ურევია ამ შედეგებში.
ვწუხვარ, რომ არ დაფინანსდა აფხაზურის შესახებ მნიშვნელოვანი პროექტები, არ დაფინანსდა ქვეყნისა და მეცნიერებისათვის მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტები, არ დაფინანსდა კავკასიოლოგიის ინსტიტუტის მიერ წარდგენილი არც ერთი პროექტი და მათ შორის - „ისტორიული სამხრეთი საქართველოს ონომასტიკა - მონაცემთა ბაზა სამ ენაზე“. ფონდისა და მისი სასურველი ექსპერტებისთვის უკვე არაერთგზის გამოცემული იოანეს სახარების კრიტიკული ტექსტის კვლავ გამოსაცემად მომზადება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე აწ უკვე დაკარგული ქართული ტერიტორიების ეთნოლონგვისტური და ისტორიული აღწერა. უნდა აღვნიშნო, რომ ამ რთულ საქმეში სამუშაოდ დავითანხმე სომხური და თურქული მხარეები, სამწუხაროდ, ქართული მხარე - ფონდი - არ არის მოტივირებული ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კვლევის ჩასატარებლად ერთი მიზეზის გამო - პროექტის ავტორითა და წარმდგენით არ არის დაინტერესებული ფონდი და მისი ექსპერტები. ბნელა საქართველოს ჰუმანიტარულ მეცნიერებაში და ეს ყველაფერი უკვე იქცა ჰუმანიტარულ კატასტროფად.
ვფიქრობ, ჩემ მიერ წარდგენილი პროექტის შეფასება არის მიზანმიმართული ქმედება, რათა დაიბლოკოს სწორედ ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, რათა გავიდეს კონკრეტული პირების მიერ წარდგენილი პროექტები. ფონდისთვის პრიორიტეტები არ არსებობს, უფრო მეტიც, მნიშვნელობა არა აქვს, რას წარმოადგენენ ის პირები, რომელთა პროექტები უცილობლად უნდა გავიდეს. რა თქმა უნდა, შეზღუდულია რიგ მეცნიერთა აკადემიური უფლებები და დაკარგულია სამართლიანობა, რასაც ხშირად ადასტურებს ექსპერტების მიერ მინიჭებულ ქულებს შორის მნიშვნელოვანი აცდენები, რასაც ხშირად ადასტურებს დაფინანსებული პროექტების თითიდან გამოწოვილი თემატიკა აქტუალობისა და სიახლეების მიხედვით. ამგვარად, დადებითი შედეგების მისაღებად საჭიროა ფონდის „გულშემატკივრობა“, ლობის არსებობა და არა მეცნიერული სიახლე, აქტუალური სამეცნიერო თემატიკა და მკვლევართა მაღალკვალიფიცირებული გუნდი. ამის გამოცდილება უკვე მაქვს; მაგალითად, ზედიზედ შეჰქონდა ჩვენს ინსტიტუტს ქართველოლოგთა საზაფხულო და საზამთრო სკოლების დასაფინანსებლად მნიშვნელოვანი პროექტები მეცნიერთა ისეთი გუნდით, რომელთა უკეთესი ქართველოლოგები საქართველოში, უბრალოდ, არ არიან, მაგრამ ამ სკოლების დაფინანსებას ზედიზედ სხვა იღებდა (არა მგონია, ფონდში პროფილების აღრევა შემთხვევით ხდებოდეს).
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (SRNSFG) არღვევს ფონდის მისიას, კერძოდ, იმას, რომ ფონდმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ ფონდის საგრანტო შეფასებების კრიტერიუმები არ შეესაბამება ფონდის მისიაში გაწერილ ამ უმთავრეს ამოცანებს - აფინანსებს უკვე გამოკვლეულ და შესწავლილ, გამოქვეყნებულ საკითხებს, ფონდი ახდენს მეცნიერების ფალსიფიკაციას და არ არის მოტივირებული საკუთარი მისიის შესასრულებლად. რა თქმა უნდა, მეცნიერებათა ექვსივე მიმართულების მიხედვით მსჯელობა ჩემი მხრიდან არაკომპეტენტური იქნება, ამიტომ მტკიცებულებებს ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მოვიხმობ ლინგვისტიკის მიმართულებიდან და ვერ მეტყვით, რომ არ გამაჩნია შესაბამისი კომპეტენცია. (ერთი ავტორი 20-ჯერ, 36-ჯერ დაფინანსებული იდენტური და არაერთგზის გამოკვლეული საკითხებით; მაგალითად, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „იოანეს სახარების ძველი ქართულის თარგმანის კრიტიკული ტექსტის გამოსაცემად მომზადება“. უნდა აღინიშნოს, რომ იოანეს სახარება მრავალგზის არის კომენტარებით გამოცემული სხვა და ამ პროექტის ავტორის თანაავტორობითაც (არსებობს მტკიცებულებები). ფონდის მიერ სპეციალურად შერჩეულმა ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ არ არის საკმარისი ეს პუბლიკლაციები და ახალი გამოცემის მოსამზადებლად ფონდი მზად არის, გაიღოს მსხვილი თანხა ამ გამოცემის უზრუნველყოფისათვის (უფრო ზუსტად, პროექტის ავტორებისა და მონაწილეების ფინანსური უზრუნველყოფისათვის).
ასეთი ფაქტები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, დიდი სამეცნიერო ძიება ამას არ სჭირდება; მაგალითად, ასევე საინტერესოა დაფინანსებული პროექტი „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში“. აღნიშნული თემა იმავე ავტორების მიერ რამდენიმეჯერაა გამოცემული, დაფინანსებული შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსებით.
მოკლედ, გაუგებრობაა; (ავტორები, როგორც იტყვიან „იგივენიცა“, პრობლემაც „იგივე“, სამეცნიერო დასკვნა - იგივე); მაგრამ რუსთაველის ფონდსა და ამ ფონდის რჩეულ ექსპერტებს არ ეკმარათ ამდენგზის ერთი და იმავე ავტორების მიერ შესწავლილი „უაროფითობა“ და ამ ტიპის პროექტების მხარდასაჭერად უარყო ეროვნული, ინოვაციური, აქტუალური პროექტები (მათ შორის, „ისტორიული სამხრეთი საქართველოს ონომასტიკა - მონაცემთა ბაზა“, ჩვენ მიერ მანამდე წარდგენილი ეროვნული პროექტები „ქართული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი“, „ქართველთა ეთნოგენეზი“. „ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიაში“, ამ შემთხვევაში წინასწარ იყო დაანონსებული რამდენი პროექტი გავიდოდა და ჩვენ მიერ ატვირთული პროექტი არ იყო წაკითხული და შეფასებული ადეკვატურად; არ დაფინანსდა „კონფლიქტები კავკასიაში“ და აღარ გავაგრძელებ;
ფონდის ექსპერტები, რამდენადაც ცნობილია, არ ფინანსდებიან გაწეული სამუშაოსათვის. როცა ანაზღაურება არ არის, რამდენად გულმოდგინედ და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ეს ექსპერტები განსახილველ პროექტებს, ვლინდება სწორედ იმაში, რომ ხშირად არის 10 ქულაზე მეტი მოცულობის აცდენა ორი ექსპერტის შეფასებებს შორის. ასეთ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ ან ორივე ექსპერტი ცდება, ან ერთი ძალიან არაკომპეტენტურია შეფასებაში.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტის (FR – 17505 (ისტორიული სამხრეთ საქართველოს ონომასტიკა - მონაცემთა ბაზა) შეფასება ექსპერტთა მხრიდან ასეთია:
1. აცდენაა ექსპერტების მიერ სამეცნიერო კომპონენტების შეფასებებში - კვლევის თემის მნიშვნელობა, კვლევის სიახლე, ფორმულირება 1-ლი ექსპერტი წერს 4 ქულას, მეორე - 3-ს;
2. ალოგიკურია ექსპერტთა შეფასებების რადიკალური აცდენა კვლევის მიზნებსა და ამოცანებში. ერთი ექსპერტი მას აფასებს უმაღლესი 5 ქულით, მაშინ, როცა მეორე ექსპერტი ამავე მიზნებსა და ამოცანებს აფასებს 2 ქულით ანუ, ფაქტობრივად, არც აფასებს.
3. კვლევის მეთოდოლოგიას 1-ლი ექსპერტი აფასებს უმაღლესი 5 ქულით, ხოლო მეორე ექსპერტი - 2 ქულით; რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პროექტი არ არის წაკითხული ან სუბიექტურია მიზანმიმართულად უარყოფითი დასკვნისათვის. შესაბამისად, ტენდენციური ან არაკომპეტენტური ექსპერტი მიუღებელია;
4. კვლევის შედეგების სამეცნიერო მნიშვნელობა და / ან მათი პოტენციალი პრაქტიკული გამოყენების და პროექტის შედეგების გავრცელება 1-ლმა ექსპერტმა შეაფასა უმაღლესი 5 ქულით, მეორემ კი - 3 ქულით; აქ არის ლოგიკური აცდენა წინა 2 კრიტერიუმთან, რომელთა მიხედვითაც მე-2 ექსპერტმა დაწერა 2 ქულა; თუ 2 ქულას იმსახურებს პროექტის მიზნები და ამოცანები, ასევე - კვლევის მეთოდოლოგია, მაშინ როგორღა ელის ეს ექსპერტი კვლევის შედეგებს თუნდაც 3 ქულაზე;
ამგვარად, პროექტის სამეცნიერო კომპონენტებში, რომელიც, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ორი ექსპერტი ერთმანეთს ასცდა 9 ქულით (19 -10); რაც გვაძლევს საფუძველს, ეჭვი შევიტანოთ მეორე ექსპერტის ობიექტურობაში და მოვითხოვოთ ხელახალი ექსპერტიზა.
1-ლი ექსპერტის დასკვნა სწორად ასახავს პროექტის სამეცნიერო კომპონენტებს: ექსპერტი ამბობს, რომ პროექტის კროსდისციპლინური მნიშვნელობა ზოგადად კარგად არის აღწერილი და სრულყოფილად არის მეთოდოლოგია ახსნილი, იქვე აღნიშნავს, რომ პროექტის შედეგების სიახლეს, რომელიც მისთვის მთლად შთამბეჭდავი არ არის გეოგრაფიული სახელების სტანდარტიზაციის თვალსაზრისით, რადგან იგი მოიცავს ფართო ტერიტორიას. ექსპერტს პროექტის წარმატება ეჭვს ქვეშ არ დაუყენებია, ამიტომაც დავკარგეთ მხოლოდ ერთი ქულა; მეორე ექსპერტმა კი სრულიად უარგუმენტოდ გამოიტანა არაადეკვატური დასკვნა პროექტის მიზნებსა და ინტელექტუალურ მნიშვნელობასთან დაკავშირებით; ამგვარი დასკვნის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ექსპერტს ან არ წაუკითხავს მკვეთრად განსაზღვრული მიზნები, ან კიდევ მის ინტერესებს ეწინააღმდეგება საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ისტორიული ტერიტორიების ლინგვისტურ-ისტორიული ანალიზი.
მნიშვნელოვანი აცდენაა აკადემიური მხარის შეფასებაშიც, 1-ლი ექსპერტი პროექტის ხელმძღვანელის კვალიფიკაციას აფასებს უმაღლესი 5 ქულით, მეორე კი - 3 ქულით; ძალიან ძნელია, ისაუბრო საკუთარ კომპეტენტურობაზე, მაგრამ აღარ მრჩება სხვა გზა - ჩემი, როგორც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, უმაღლესი კვალიფიკაცია დაადასტურა ორივე დისერტაციის დაცვის დროს სამეცნიერო კოლეგიებმა - სამეცნიერიო საბჭოებმა, რომელთაც მომანიჭეს შესაბამისი ხარისხები; კვალიფიკაციის შესაბამისი პროფესიული გამოცდილება კი დასტურდება ჩემ მიერ განხორციელებული კვლევებითა და პრაქტიკული საქმიანობით, მათ შორის იმითაც, რომ თითქმის 2 ათეული წელი ვმუშაობდი ქართველურ ენათა ისტორიულ-ეტიმოლოგიურ ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლად და მეუხერხულება საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ძალზე შორს ხომ არ არის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ძნელი რომ იყოს გადამოწმება. სხვათა შორის, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ ფონდში წარდგენილი ათეულობით პროექტიდან მხოლოდ ერთი დაფინანსდა, მაშინ, როცა თსუ-ს ქართული ენის ინსტიტუტიდან წარდგენილი სამივე პროექტი დაფინანსდა და ამ პროექტების მონაწილენი ერთი და იგივენი არიან, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ზოგიერი მათგანი ბოლო წლებში 20 პროექტითაა დაფინანსებული. ზეპირად ყველასთვის ცნობილია, რომ ამ პროექტების ავტორებს ლობირებენ, მნიშვნელობა არა აქვს, რას წარადგენენ, ექსპერტები იღებენ წინასწარ მითითებებს, თუ რომელი პროექტი უნდა გავიდეს; ამიტომ აღარც კითხულობენ იმ პროექტებს, რომლებიც არ არის ფონდისთვის სამიზნე. ამის დასტურია ჩემი კომპეტენციის 3 ქულით შეფასება. ასევე ფარ-ხმალს ყრიან მეცნიერები და ამბობენ, რომ არაფერი გამოვა, რომ არასოდეს მიიღწევა აკადემიური სამართლიანობა, რომ არ ღირს არც შეტანა პროექტისა ამ ფონდში და უფრო მეტიც, არ ღირს გაპროტესტება, რადგან წინასწარვე განკუთვნილია ეს პროტესტი წარუმატებლობისთვის; მე ვწუხვარ იმ ჩემი კოლეგების გამოც, რომელთაც ვგულისხმობ ამ ნააზრევში - ფონდმა, მართალია, დააფინანსა მათი პროექტები ყველაფრის მიუხედავად, მაგრამ მათ წაართვა მთავარი - აკადემიური სამართლიანობის განცდა მათ მიმართ გაქრა; ამის აღდგენა კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
პასუხს ვითხოვ მეორე ექსპერტისა და ფონდისაგან ჩემი კომპეტენტურობის ხელყოფის თაობაზე.
1-ლმა ექსპერტმა პროექტის ძირითადი პერსონალის კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები კვლევის თემასთან შესაბამისობაში შეაფასა უმაღლესი 5 ქულით, მაშინ როცა იგივე მე-2 ექსპერტმა შეაფასა 3 ქულით. წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა, მაგალითად, პროფესორ რევაზ აბაშიასადმი, რომელიც საქვეყნოდ აღიარებული ეტიმოლოგისტია და 150-მდე შრომა აქვს გამოცემული ამ მიმართულებით. არ შემიძლია, არ დავიცვა მისი აკადემიური და სამეცნიერო მიღწევები; ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მეორე ექსპერტი ძალზე შორს არის საკვლევი თემისაგან, თორემ ის ვერ გაბედავდა ასეთი არაკომპეტენტური განაცხადის გაკეთებას. ან მისთვის სულერთია, რას დაწერს, მთავარია, დაწეროს დაბალი ქულა, ისედაც არავინაა პატრონი მომკითხავი, არავინაა პასუხისმგებელი - ექსპერტი ხომ ინკოგნიტოა და ამ ინკოგნიტოს ისე შეუძლია გაგასწოროს მეცნიერი მიწასთან, რომ ფონდის წესდებისა და რეგულაციების თანახმად პასუხსაც არავინ მოსთხოვს. ჩვენდამი მოყენებულ ფინანსურ ზარალს ხომ არავინ აგვინაზღაურებს და მორალური ზარალი ხომ ისედაც არასოდეს ფასდებოდა ქვეყანაში და რაღა ახლა უნდა დაფასდეს?
1-ლმა ექსპერტმა ზუსტად დაინახა ჩვენი პროექტის შედარებით სუსტი მხარე, რაც მაინცადამაინც ჩვენზე არ იყო დამოკიდებული; კერძოდ, წინადადებაში საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობის დონე და ხარისხი შეაფასა 3 ქულით (მაქსიმუმი 5 ქულა); აღსანიშნავია, რომ ისტორიული სამხრეთი საქართველოს ტერიტორიები დღეს სომხეთისა და თურქეთის შემადგენლობაშია და არც ერთი მათგანი, რა თქმა უნდა, არ არის დაინტერესებული ჩვენ მიერ ამგვარი კვლევის ჩასატარებლად. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავამყარეთ ურთიერთობები შესაბამისი სფეროს წარმომადგენელ მეცნიერებთან და მივიღეთ მათგან თანამშრომლობოს გარანტია; პროექტში მონაწილეობას იღებდა ასევე თურქეთში მოღვაწე ქართველი ლინგვისტი მეცნიერი, თურქოლოგი და ქართველოლოგი პროფესორი ნანა კაჭარავა; რაც შეეხება სომხურ მხარეს, 5 ტომეული გამოსცეს სომეხმა მეცნიერებმა იმის „დასამტკიცებლად“, რომ ეს ტერიტორიები ოდითგანვე სომხური იყო; ქართულ სამეცნიერო კოლეგიას კი არა აქვს შესაბამისი სამეცნიერო პასუხი. მიმაჩნია, რომ ამ პროექტის დაუფინანსებლობის ერთ-ერთი მიზეზეც ეს არის, ეს ეწინააღმდეგება ეროვნულ პრიორიტეტებს და, უფრო მეტიც, ფონდის ექსპერტები შეურაცხმყოფელად აფასებენ ამ დარგში წამყვან მეცნიერთა კომპეტენტურობასა და კვალიფიკაციას. ამგვარი მიდგომა „მთავარი იარაღია“ ფონდის ხელში - კომენტარი ასეთი იქნება - „ჩვენ არა, ექსპერტი აფასებს ასე“. მივმართავ ფონდს, თუ თქვენ მიერ შერჩეული ექსპერტი არაკომპეტენტურად და არაკვალიფიციურად აფასებს პროექტს, რაც ცხადზე ცხადია, თქვენ როგორ იცავთ ან საკუთარ ინტერესებსა და ღირსებას, ან მეცნიერთა უფლებებსა და ღირსებებს. იცავთ კი?
ძალზე საინტერესოა პროექტის მენეჯმენტის შეფასება, კერძოდ, შემოთავაზებული ვადების და განხორციელების გეგმა-კრაფიკი (ეტაპები, პერიოდები, ვადები) კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან შესაბამისობაშიაო, წერს ორივე ექსპერტი და აფასებს 4-4 ქულით (მაქსიმუმი 5 ქულა). 1-ლი ექსპერტის დასკვა ლოგიკურ კავშირშია მის მიერვე შეფასებულ სამეცნიერო კომპონენტებთან; მე-2 ექსპერტს კი ლოგიკაში რომ პრობლემები აქვს, ნათელია - თუ სამეცნიერო აქტუალობა, პროექტის მიზნები და ამოცანები, კვლევის მეთოდოლოგია შეაფასა 2 (დაბალი) ქულით, როგორღა აფასებს აღნიშნულ გრაფაში ამ მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად დაგეგმილ ღონისძიებებს ასეთი მაღალი ქულით? უცნაურია, ალოგიკურია, მაგრამ ფაქტია, რომ 1-ლი ექსპერტი საერთოდ, პროექტის ხანგრძლივობასა და ბიუჯეტს მიიჩნევს გონივრულად დაგეგმილად, მაგრამ 1 ქულას გვაკლებს გრაფიკის მიხედვით დაგეგმილი რამდენიმე "სამეცნიერო ვიზიტის" დეტალების აღუწერელობის გამო, რომელიც, მისი აზრით, პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, მაგრამ მათი დეტალები ნაკლებადაა აღწერილიო. უნდა აღვნიშნო, რომ ძალზე ძნელია, ფაქტობრივად, შეუძლებელია ასეთი ვიზიტების დეტალების წინასწარ განსაზღვრა, მაშინ, როცა ამ მხარეთაგან (სომხეთი, თურქეთი) კვლევაზე თანხმობა უკვე დიდი წარმატებაა, ფონდისთვის კი სრულებითაც არ არის მნიშვნელოვანი.
არსად არ არის განმარტებული, რატომ უწერენ ექსპერტები პროექტის ბიუჯეტს მაღალ ქულას - 4-ს; 1-ლი ექსპერტის შეფასებებს თუ გავყვებოდით, უნდა დაეწერა 5 ქულა, მე-2 ექსპერტი კი აქაც „ჭედავს“ ლოგიკაში - მის მიერ, ფაქტობრივად, დაწუნებულია სამეცნიერო მხარე, არაკვალიფიციურადაა შეფასებული პროექტის ხელმძღვანელი და ძირითადი პერსონალი და ამის ფონზე (ჰოი, საოცრებავ), მაღალი ქულითაა შეფასებული მენეჯმენტი და ბიუჯეტი ანუ დაწუნებული პროექტის სამეცნიერო ნაწილი და პერსონები უარყოფითად შეფასდა, ხოლო ამ უარყოფითად შეფასებული პროექტის მენეჯმენტი და ბიუჯეტი - დადებითად.
რეზიუმე ასეთია: 1-ლი ექსპერტი საპროექტო წინადადებას დადებითი შთაბეჭდილებებით აფასებს, მიიჩნევს პერსპექტიულ წინადადებად არა მარტო სამეცნიერო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც; მისთვის პროექტი მნიშვნელოვანია და მისი დასრულების შედეგად მიღებული მონაცემთა ბაზა იქნება „ღირებული ინსტრუმენტი სხვადასხვა დარგის შესწავლისათვის. იმედია, პროექტი შემდგომში შეიმუშავებს და გააფართოვებს კვლევის არეს და მომავალში მოიცავს ისტორიული საქართველოს მთელ ტერიტორიას.
მე-2 ექსპერტი კი საბოლოო შეფასებაშიც კი ასცდა მის მიერ გაკეთებულ შიდა შეფასებებს. ის აღნიშნავს: „პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ საქართველოსთვის ონომასტიკის მონაცემთა ბაზის შექმნას“. ეს ფრაზა კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ, ექსპერტმა პროექტზე „გადაირბინა“ და წესიერად არც კი წაუკითხავს; ექსპერტმა ვერ განიჯნა დეფინიციები - „დღევანდელი სამხრეთი საქართველო“ და „ისტორიული სამხრეთი საქართველო“. სამწუხაროა, ასეთ ექსპერტს ანდოთ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტის შეფასება. ამავე ექსპერტმა ვერ წაიკითხა პროექტში „საკვანძო დეტალი“ და ამის გამო ვერ შეაფასა პროექტი დადებითად. ეს ნიშნავს, რომ ამ ექსპერტისთვის სულერთია საქართველოს ბედუკუღმართი ისტორია და, შესაბამისად, მისი მომავალიც. ფონდი კი უალტერნატივოდ ანდობს მას ექსპერტიზას. ფონდს არა აქვს მექანიზმი, როცა 2 ექსპერტი შეფასებაში ასე რადიკალურად ასცდებიან ერთმანეთს (13 ქულით), მოიწვიოს მესამე ექსპერტი და მიუდგეს საკითხს აკადემიურად, რათა არ დაირღვეს სამართლიანობის პრინციპი, არსებობდეს პრიორიტეტები და, მით უმეტეს, ეროვნული პრიორიტეტები, არ დარჩნენ ფონდთან თანამშრომლობის სურვილის გამო საქართველოს მეცნიერები ღირსებააყრილი ზოგჯერ კვაზიმეცნიერთა ფინანსური უზრუნველყოფის მოტივაციით.
პრობლემა
1. ფონდისთვის არ არსებობს პრიორიტეტები; ფონდი ეწევა კავკასიოლოგიის დარგის დისკრედიტაციას;
2. ფონდის ერთ-ერთი ექსპერტი ტენდენციური და არაკომპეტენტურია პროექტის - FR – 17505 (ისტორიული სამხრეთ საქართველოს ონომასტიკა - მონაცემთა ბაზა) შეფასებაში; პროექტის სამეცნიერო კომპონენტებში, რომელიც, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ორი ექსპერტი ერთმანეთს ასცდა 9 ქულით (19 -10); რაც გვაძლევს საფუძველს, ეჭვი შევიტანოთ მეორე ექსპერტის ობიექტურობაში და მოვითხოვოთ ხელახალი ექსპერტიზა.
3. ფონდი მიზანმიმართულად აყალბებს საკონკურსო შედეგებს ექსპერტთა ჩართულობით;
4. დაკარგულია აკადემიური სამართლიანობის განცდა და მისი რეაბილიტაცია მთავარი პრობლემაა.
1. პროექტის (FR– 17505 (ისტორიული სამხრეთ საქართველოს ონომასტიკა - მონაცემთა ბაზა) შეფასება არაადეკვატური და არაკომპეტენტურია და დაკლებულია 15 ქულა, ამიტომ მოვითხოვ ხელახლა შეფასდეს პროექტი FR – 17505; გამოვლინდეს ექსპერტი, რომელმაც შეურაცხმყოფლად შეაფასა პროფესორების (ცირა ბარამიძე, რევაზ აბაშია, ნანა კაჭარავა, ქეთევან ქუთათელაძე) კომპეტენტურობა და კვალიფიკაცია;
2. ანაზღაურდეს პროექტის მონაწილეებისადმი მიყენებული ფინანსური და მორალური ზარალი აკადემიური სამართლიანობის პრინციპის დაცვით;
1. შეიქმნას აღნიშნული კონკურსის შედეგების შემსწავლელი სპეციალური კომისია მოდავე მხარის ინტერესთა დამცველის ჩართულობით; ჩატარდეს ფონდის აუდიტი;
2. გადაისინჯოს, ემთხვევა თუ არა წინა წლებში დაფინანსებული პროექტების ავტორები და მონაწილენი წელს დაფინანსებულ პროექტთა ავტორებს;
3. გასაჯაროვდეს დაფინანსებული პროექტების შინაარსობრივი მხარეები და ამ პროექტების ექსპერტები და ამ ექსპერტების მიერ პროექტების შეფასებები;
4. ფონდმა შეცვალოს სტრატეგია და დაიცვას სამართლიანობისა და საჯაროობის პრინციპი;
6. ფონდმა სახელმწიფოს მხარდაჭერით უნდა გაზარდოს სუბსიდიები, რათა დაფინანსდეს მეტი პროექტი;
7. ფონდი უნდა მოუფრთხილდეს იმ სახელს, რომელსაც ატარებს და იმ ფუნქციას (ეროვნული), რომელსაც, სამწუხაროდ ის კარგა ხანია ასცდა.