Tuesday, 23 January 2018

ნოდარ თოთაძე

ძვირფასო სტუდენტებო!

მოგესალმებით, ძვირფასო სტუდენტებო! 

არასოდეს მომხდარა უნივერსიტეტის ისტორიაში - შობა-ახალ წელს უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი პროტესტის განსაკუთრებული ფორმით შეხვედროდა. ამიტომ დღეს სწორედ თქვენ ქმნით უნივერსიტეტის რეალურ ისტორიას და არა ის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც თბილ კერას ვუსხედვართ და გულს ვიოხებთ აწმყოსა და მომავლის უიმედობით შეპყრობილნი სახლში, ფარულად, აქაოდა, ვინმემ არ გაგვიგონოს და არ გაგვინაწყენდეს; მომავალსაც თქვენ ქმნით ისტორიასთან ერთად, რადგან მხოლოდ თქვენ ითხოვთ ცვლილებას; სხვას მე ვერ ვხედავ, ცვლილება რომ სურდეს. 

მე, პირადად, თავს დამნაშავედ ვთვლი, თქვენთან ერთად რომ არ ვარ, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ სწორედ ის ვარ, ვისაც სურს განათლების რეფორმა და იბრძვის კიდეც ცვლილებებისთვის. უნივერსიტეტის პროფესორთა და სტუდენტთა ინდიფერენტიზმი საშიშ სინდრომად მეჩვენება. უნივერსიტეტი თავისი არსითა და წარმომავლობითაც სამოქალაქო ინსტიტუციაა. მაგრამ გასაბჭოებიდან დღემდე სახელმწიფოს მძიმე უღელი ადევს კისერზე და ვერა და ვერ გათავისუფლდა. ზემდგომ ინსტიტუციას ნებისმიერ დროს შეუძლია უნივერსიტეტის ცხოვრებაში ჩარევა, უფრო სწორად, უნივერსიტეტს ისეთი ცხოვრება აქვს, როგორიც ხელისუფალს სურს რომ ჰქონდეს უნივერსიტეტს; უნივერსიტეტი არ ეკუთვნის თავის თავს და, შესაბამისად, ცვლილებებსაც ზემოდან გვიგზავნიან ან ამასაც არ აკეთებენ, თუ "უზენაესის" ნება არ არის. ეს ნება თუ იქნება, თქვენ მიერ მოთხოვნილი საკანონმდებლო ცვლილებაც წარმოებაში შევა. მახსოვს, 2013 წლის მაისში პარლამანტმა რეგლამენტის უმეტესი დანაწესის დარღვევით მიიღო მთავრობის მიერ თათარიახლად მომზადებული უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები მენეჯერი რექტორის გადასაყენებლად და დაჩქარებული განხილვის წესიც დაარღვია. ასე, რომ, ეს ნება რომ მოიღონ... ყველაფერი დალაგდებოდა.

მთავარი უნივერსიტეტის რეალური ავტონომიაა ანუ მისი სამართლებლივ-ორგანიზაციული ფორმის ცვლა რეალური ავტონომიის მოსაპოვებლად. დღეს, სამწუხაროდ, მინელდა ეს მუხტი; არადა, ყველაფერი საკანონმდებლო ცვლილებებში შემდგომ ამაზეა აწყობილი. ცვლილებები უნდა განხორციელდეს არა ზემოდან, არამედ ჩვენი ინიცირებით, მაგრამ ვერ ვხედავ ინიცირებას, რომელიც რეალურ ავტონომიაზე იქნება ორიენტირებული. ვხედავ მხოლოდ გაურკვეველ მოლოდინს პროფესორთა შორის, რომლის სახელი არ არის მხოლოდ შიში. ვხედავ, როგორ არ აღელვებს თქვენი პროტესტი სტუდენტთა იმ ჯგუფს, რომელმაც თავადაც იცის, რომ საჭიროებს რეფორმას. ვხედავ, როგორ არიდებენ თვალს ჩემს მშობლიურ მე-6 კორპუსს, აქაოდა, ეს მე არ მეხებაო და ეს სირაქლემას სინდრომი მთელს ქვეყანას სჭირს. დუმს კაკონმდებელი, ხელისუფლება, საზოგადოება, რადგან დუმს უნივერსიტეტის პროფესურა ერთეული გამონაკლისების გარდა, რომელთა მიმართ გამოვხატავ ჩემს პატივს. თქვენს მშობლებს ვუხდი ბოდიშს, რომ მათი შვილები არ უმშვენებდა მათ საახალწლო სუფრას და მძიმე იყო მათი განცდა. მათ მინდა ვუთხრა, რომ ჰყავთ ამბივალენტური შვილები ანუ ისეთები, რომლებიც ვერასოდეს იქნებიან სისტემის ჭანჭიკები; ისინი აუცილებლად შეცვლიან რეალობას, რომელსაც, სამწუხაროდ, მე, პროფესორი, ვერ ვარქმევ აკადემიურ გარემოს.

ძვირფასო სტუდენტებო! გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში უცნაურ ახალ წელს, შობას! ჩემი თაობა 90-იანებში ტყვიის ზუზუნშიც შევხვედრივართ ახალ წელს!. არ დაგვიკარგავს მომავლის იმედი, მაგრამ ჩემმა თაობამ საბჭოეთის მხოლოდ ფიზიკური დემონტაჟი მოახდინა, თქვენ კი უფრო ძნელი მისია გაკისრიათ - საბჭოური ცნობიერება უნდა ჩააბაროთ წარსულს საბჭოეთის დანგრევიდან 25 წლის შემდეგ მაინც. თქვენ უნდა გამოაღვიძოთ პროფესურა, რომელთა გაღვიძებაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, თქვენ სუფთა ხელითა და წრფელი გულით უნდა დაუბრუნოთ უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის მიერ შექმნილი მდგომარეობა - სამოქალაქო ინსტიტუცია - რეალური ავტონომია! მიგულეთ ამ საქმიანობაში თქვენ გვერდით! 

თქვენ ვერავინ შეგიტყუებთ საახალწლო გოზინაყით საბჭოეთისკენ, თქვენ არ გვათქმევინებთ: "რა გითხრათ? რით გაგახაროთ?" უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის თავზე მაინც დაუბრუნდეს უნივერსიტეტი ჯავახიშვილისეულ იდეასა და ფუნქციას!

თქვენი სურვილის შემთხვევაში, წავიკითხავ რომელიმე თემაზე საჯარო ლექციას ჩემი პროფილითა და თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე.

გისურვებთ წარმატებებს: გულისხმიერ ხელისუფალსა და კანონმდებელს, ერთგულ თანამებრძოლებს, მაღალ აკადემიურ გარემოს, გაერთიანებულ ტერიტორიებსა და ჭეშმარიტ სამოქალაქო საზოგადოებას!

პროფესორი ცირა ბარამიძე
5.01.2017

ნოდარ თოთაძე

About ნოდარ თოთაძე -

Author Description here.. Nulla sagittis convallis. Curabitur consequat. Quisque metus enim, venenatis fermentum, mollis in, porta et, nibh. Duis vulputate elit in elit. Mauris dictum libero id justo.