შეწყდეს კანონთან არათავსებადი დოკუმენტის - საკონკურსო წესის წარმოდგენილი ვარიანტის - განხილვა, როგორც უსამართლო ქმედება.
მივმართავ ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, დაინტერესდით უნივერსიტეტის ბედით, ეს თქვენი და თქვენი შვილების მომავალია!
აღნიშნული დუკუმენტის წარმოდგენილი ვარიანტის განხილვა უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან, რადგანაც:
1. განხილვის შედეგად გამოვლინდა, რომ დოკუმენტი არ შეესაბამება უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინტერესებს და შეუსაბამოა სამეცნიერო სტანარტის საკითხთან, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ჯერ არ არსებობს. აღნიშნული დოკუმენტის განხილვა მიზანშეწონილად გადაიდო 4 წლით, შესაბამისად, დღეს განსახილველი დოკუმენტის განსახილველადაც არ არსებობს წანამძღვრები სამეცნიერო სტანდარტის სახით;
2. დოკუმენტის კონცეპტუალური ხაზი ეწინააღმდეგება მეცნიერებისა და განათლების არსს: მეცნიერება არ არის თვლადი;
3. უნივერსიტეტში არსებობს პრეცედენტი - ძველი ვადითა და ძველი კრიტერიუმებით არჩეულ პროფესურას გაუგრძელდა ვადა 10 წლამდე (განისაზღვრა მოქმედ წესდებაში ჩამატებით); ერთი მხრივ ეს პოზიტიური ადმინისტრაციული აქტი აჩენს სამართლიან კითხვებს: თუ არ ვარგა ძველი წესი, რატომ ვუგრძელებთ ამ წესით არჩეულ ერთეულ პროფესორებს ვადას, თუ ვარგა, მაშინ რატომ არ შეიძლება ვადის გაგრძელება დანარჩენი პროფესურისთვის, არ უნდა ჰგავდეს აღნიშნული ქმედება შერჩევით მიდგომას პერსონებისადმი;
4. უნივერსიტეტს ელოდება ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესები, რომელთა წესებიც ასევე საჭიროებენ სერიოზულ რევიზიას. მოქმედ პროფესურას უნდა შევუქმნათ შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა, დავიცვათ მათი ღირსება და, საზოგადოდ, სიცოცხლე, რადგანაც უნივერსიტეტში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენებით კონკურსი იქცა, ერთი მხრივ, დამსჯელ ინსტრუმენტად, მეორე მხრივ კი პოლიტიკურ ინსტრუმენტად. საბოლოო ჯამში დაზარალდა პროფესურა და უნივერსიტეტი;
5. გამომდინარე ჩვენ მიერ დაგროვილი გამოცდილებიდან, ფორსირებული კონკურსები არაადეკვატურია და წამგებიანი. აღნიშნული დოკუმენტი იძლევა პროგნოზს, რომლის მიხედვითაც პროფესურის მცირე ნაწილი თუ გადალახავს დანიშნულ ზღვარს. ამგვარი მიდგომა უნივერსიტეტის ბიუჯეტის გასამაგრებლად არც აკადემიურია, არც მეცნიერების განვითარებაზეა ორიენტირებული და არც ადამიანურია; შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ პროექტის ინიციატორებს (გამოვრიცხავთ, რომ შემქმნელებიც ასე ფიქრობდნენ) დაგეგმილი აქვთ უნივერსიტეტის მიმართ „დამსჯელი“ ღინისძიება; არ უნდა გამოირიცხოს უნივერსიტეტებს შორის კონკურენციის ფარული ქმედებები.
6. უნდა განისაზღვროს თსუ ბიუჯეტისა და არსებული, მოქმედი საკონკურსო წესის ურთიერთმიმართება; კერძოდ, თუ იმ პირობებში, რომელშიც შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პრაქტიკულად არ გვაქვს ბიუჯეტი, მოქმედ პროფესურას კი შეუძლია იყოს წარმატებული და არსებული საკონკურსო წესის საფუძველზე არჩეული პროფესურის წყალობითა და დამსახურებით და არა ბიუჯეტის ზრდის დამსახურებით უნივერსიტეტი დღეს არის თაიმსის რეიტინგით მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი, მაშინ რატომ არის აბსოლუტურად მიუღებელი დღეს მოქმედი საკონკურსო წესი, რატომ გამოირიცხა მთავარი - ფაკულტეტის პრეროგატივა, ფაკულტეტის ავტონომიურობიდან გამომდინარე, დაირღვა კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, კანონი ფაკულტეტის ავტონომიურობისა, რომლის მიხედვითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება შეიზღუდა. კერძოდ, შეიზღუდა უფლება, საგანმანათლო ერთეულმა დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა (მუხლი მე-18). უნდა განხორციელებულიყო მოქმედ დოკუმენტზე დაყრდნობითა და ბენეფიციართა ჩართულობით ახალი დოკუმენტის შექმნა. დღეს მოქმედ საკონკურსო წესს არც თუ მცირე დროის ისტორია აქვს. ის შეიქმნა და 2008 წლიდან დროდადრო იხვეწებოდა 2012-2013 წლებში. დოკუმენტი იძლეოდა კიდევ უფრო დახვეწისა და სრულყოფის შესაძლებლობას. დღეს განსახილველად შემოთავაზებული დოკუმენტი არ არის დახვეწა არსებული დოკუმენტისა, რომლის მიხედვითაც დღეს ასე თუ ისე წარმატებულია უნივერსიტეტი მწირი ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, არამედ წარმოდგენილი დოკუმენტი არის თვისობრივად განსხვავებული, თვლადობაზე (ბუღალტრულ აღრიცხვაზე) ორიენტირებული დამანგრეველი დოკუმენტი და შეფარული, არაფროფესიონალურად შენიღბული ინსტრუმენტი აკადემიური წმენდისათვის;
7. დაირღვა უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მე-10 მუხლიც, რომლის მიხედვითაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს.
8. ამგვარად, დოკუმენტი აზიანებს საუნივერსიტეტო გარემოს, არ არის ორიენტირებული მეცნიერებისა და განათლების ჭეშმარიტ განვითარებაზე და მიუღებელია პროფესურისთვის, რომელთა წყალობით, როგორც თავად ხელმძღვანელობა აღნიშნავს, უნივერსიტეტი გახდა მაღალრეიტინგული და წარმატებული. შემოთავაზებული საკონკურსო წესის მოქმედ დოკუმენტად ქცევა გამოიწვევს წამყვანი მკვლევრებისა და პროფესორების უნივერსიტეტიდან გადინებას, რაც უკვე ერთხელ მოხდა და არაფერი მოუტანია სასიკეთო.
9. წინა კონკურსები და უნივერსიტეტის მიერ კონკურსებთან დაკავშირებით წაგებული სასამართლო პროცესები, ერთი მხრივ, ცხადყოფს, რომ რიგ შემთხვევაში და, განსაკუთრებით ჩვენს ფაკულტეტზე, გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი, მეორე მხრივ, უნივერსიტეტის მაღალრეიტინგულობა ადასტურებს, რომ მოქმედ საკონკურსო წესს აქვს დახვეწისა და განვითარების პერსპექტივა ბუღალტრული აღრიცხვის გარეშე და, რაც მთავარია, უნივერსიტეტს აქვს განვითარების პოტენცია და პერსპექტივა, თუ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არ გათელავს პროფერსორთა ღირსებას. დღეს პროფესურა აღარ დაუშვებს ამგვარ პროცესებს. დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი კიდევ უფრო ზრდის კონკურსებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობებს, აკნინებს საკონკურსო კომისიის უფლებამოსილებასა და კომპეტენტურობას; აზარალებს დარგებს; საკონკურსო კომისია არ უნდა იქცეს დამთვლელ კომისიად, ასევე, ყველა თავმოყვარე უნივერსიტეტი თვითონ ქმნის კომისიას თავისივე კვალიფიციური პერსონალისაგან და მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევაში იწვევს დამატებით სპეციალისტს გარედან. (ნუ გადააყოლებთ ბავშვის ნაბან წყალს ბავშვს).
10. ამგვარი დოკუმენტები იქმნება ბენეფიციართა ჩართულობით; ე. წ. „მზა“ დოკუმენტის წარდგენა ინკოგნიტო შემქმნელებისა და ინიციატორების მიერ პროფესორთა წინაშე პროფესორის ღირსების შელახვაა. დღეს პროფესურა აღარ დაუშვებს ამგვარ ქმედებებს. წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვა არ უდრის შექმნაში მონაწილეობას. მოვითხოვთ, რომ ჩვენი ფაკულტეტის წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართულნი ამგვარად შექმნილი დოკუმენტის განხილვაში.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ჩვენ, ელექტორატი, მოვითხოვთ ჩვენი ფაკულტეტის წარმომადგენლებისაგან, არ დაუშვან აღნიშნული დოკუმენტის განხილვა მართვის ორგანოებში.
პროფ. ცირა ბარამიძე
26.09.2017