Tuesday, 23 January 2018

ნოდარ თოთაძე

უნივერსიტეტი მოლოდინის რეჟიმში!

ძვირფასო პროფესორებო! სამართლის მსახურნო! ჟურნალისტებო!
კვლავ დღის წესრიგშია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან საკონკურსო კრიტერიუმების „მკვდრადშობილი“ და დამანგრეველი დოკუმენტის განხილვა. იგნორირებულია ფაკულტეტების გაერთიანებულ პროფესორთა სხდომებზე მიღებული აბსოლუტური უმრავლესობის ერთიანი პოზიცია. დოკუმენტის შექმნის ინსპირატორებს წინასწარ აქვთ განსაზღვრული უარყოფითი შედეგები, რათა განაცხადონ: „აი, რა დონის პროფესურაა, ვერ გადალახეს ბარიერიც კი“ (აქედან გამომდინარე, აღარაა გასაკვირი დამოკიდებულება „გაყარონ“). არადა, ეს პროფესურაა, რომელიც კი არ გაიქცა უცხოეთში თავის საშველად, არამედ ამჯობინა აქ დარჩენა უნივერსიტეტის სამსახურში. ეს ის პროფესურაა, რომელმაც ასე თუ ისე მოუტანა წარმატება დღევანდელ უნივერსიტეტს. დიახ, იყო შეკვეთილი კონკურსები და, შესაბამისად, წაგებული პროცესები, მაგრამ ამ „შეკვეთილი“ კონკურსების აღმასრულებელნი დღეს ისევ წამყვან პოსტებზე ჰყავს ხელმძღვანელობას და მათ უსმენენ, მაშ, ვის ვსჯით, პროფესურას? ის ისედაც დაღლილი და დასჯილია სოციალურ-პოლიტიკური ბატალიებით, შეიძლება ითქვას, ღირსებააყრილიცაა. ბოლო წლების მოვლენებმა და უნივერსიტეტის პოლიტიზებამ უნივერსიტეტში დანერგა მთავარი პერსონა „შიში“. ახლა ამ პერსონის პოზიციების გამყარებას თუ მოემსახურება ბუღალტერიაზე დაფუძნებული საკონკურსო კრიტერიუმები, თორემ ამ კონკურსების შედეგად დარჩენილი ვაკანსიების (ჩემი აზრით, 70%) მიხედვით პროსფესურთა მოწვევით დაზოგილი ბიუჯეტი რომ უნივერსიტეტს ვერ გაამდიდრებს, ეს კარგად იციან ამ დოკუმენტის ინსპირატორებმაც და შემოქმედთაც. არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის „რევიზია“ გაამდიდრებს ბიუჯეტს, ე.ი. მიზანი არის“დიადი“ და „ნათელი“ - მორჩილი, დისკრედიტებული უნივერსიტეტი - თვლადი სისტემა რომ ვერ დააკმაყოფილა. ეს დოკუმენტი გარედაანაა შემქნილი და, ბუნებრივია, წინასწარ დაგეგმილ შედეგებზე გათვლილი ინტერესებიც გარედან იყოს. რადაც არ უნდა დაჯდეს, ის უნდა განახორციელონ. წინასწარ დაგეგმილი საგაზეთო თუ სხვა პიარი, მზაობა დირექტივის შესასრულებლად და, რაც მთავარია, აღმასრულებელ ვერტიკალზე თავში ყოფნა არ უნდა კმაროდეს, რომ დაბნეულობაში შეიყვანო ისედაც ათასი პრობლემის წინაშე მდგარი ინტელიგენცია? საკმარისიაო და გადაწყვიტეს, თქვენ თვითონ შეადგინეთ, ოღონდ დაითვალეთო. ვინც ამ ზეპირ დირექტივას ემორჩილება, მწარე და გამოუსწორებელ შეცდომას უშვებს. აი, რატომ:
1. წარმოდგენილი დოკუმენტი რომ კანონგარეშე იყო, ადრე მოგახსენეთ და აღარ გავიმეორებ;
2. თქვენ თვითონ შექმენით თვლადი დოკუმენტიო, სატყუარაა, რომლითაც, ერთი მხრივ, თითქოს უმაღლესი განათლების კანონის მე-10 და მე-18 მუხლებს იცავენ, სინამდვილეში კი იმ აჯაბსანდალის შექმნას ინიცირებენ, რომლის ამღვრევის დროს თევზს ისევ თვითონ დაიჭერენ, პროფესურა კი დარჩება მოტყუებული; მეორე მხრივ, ხომ ხედავთ, გაგვახსენდა, რომ შედეგის მიმღები პროფესურაა და გაძლევთ ახლა უფლებას, ჩაერთოთ, ოღონდ იჩქარეთო.
3. სად ეჩქარებათ? ამ უკანონო დოკუმენტის განხილვისთვის განკუთვნილი სამი თვე (როგორც „ვეფხისტყაოსანში“) სამ „დღედ მიიყარა“ ანუ 18 ოქტომბრამდე უნდა დამთავრდეს საქმე. რატომ? წინააღმდეგობა როგორც კი შეხვდათ, მაშინვე აუჩქარეს დროს და მოვლენებს, როგორც ხდება ხოლმე, მნიშვნელოვანი ცვლილებები უნივერსიტეტში აგვისტოში ხორცილელდება, შესაბამისი სეზონია, ან ისე ხორციელდება, რომ გონს ვერ მოეგო დროის სიმცირის გამო. ვეტყოდი ხელმძღვანელობას, ვინც ასე ჩქარობს, ის აგვიანებს ან ვერ მიდის დანიშნულების ადგილამდე.
4. არსებობს თუ არა ახალი დოკუმენტის შესაქმნელად საფუძველი? არა, არ არსებობს. ეს არის სამეცნიერო სტანდარტის დოკუმენტი, რომელიც უნივერსიტეტმა გადადო 4 წლით და ახლა აპირებს პირდაპირ მეორე სართულის აშენებას ფუნდამენტის გარეშე.
5. იქმნება თუ არა ასე სპონტანურად ამ ტიპის დოკუმენტი? არა, არ იქმნება. უნდა არსებობდეს სამეცნიერო სტანდარტი და ამის შემდგომ ზემოაღნიშნული მუხლების (10, 18) გათვალისწინებით იქმნება სასწავლო-სამეცნიერო ერთეულებისაგან პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი კოლეგია - სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქმნის ერთი ქუდის ქვეშ მყოფი ფაკულტეტებისთვის საერთო დოკუმენტს (და არა აჯაბსანდალს), რომელსაც ექნება ერთიანი თვისობრიობა და ორი სახის ლუფტი ფაკულტეტებისა და სპეციალობების სპეციფიკის გასათვალისწინებლად. ეს დოკუმენტი უნდა გამორიცხავდეს ბუღალტრულ მიდგომას, განსაკუთრებით, პროცენტებში; კომისიის ფუნქცია არ უნდა იყოს მშრალი ციფრების დათვლა, მისი კომპეტენტურობა და სამართლიანობა გარანტირებული უნდა იყოს აკადემიური თავისუფლებით, უნდა გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამას კი განახორციელებს ის, ვინც იცის უნივერსიტეტის შიდა სამზარეულო და არა ის, ვისთვისაც მიზანი არ არის უნივერსიტეტის ავტორიტეტი და მომავალი. ასე, რომ შემოთავაზებული „დამსჯელი“ დოკუმენტი ვითარებას კი არ გამოასწორებს, არამედ კიდევ უფრო დასცემს უნივერსიტეტის პრესტიჟს (ალბათ, სხვა უნივერსიტეტების სასარგებლოდაც). პრობლემა დღეს მოქმედ კრიტერიუმებში კი არ იყო, არამედ თავად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში, რომელიც ბოლო წლებში ქმნიდა ისეთ კომისიებს, რომელთაც შეეძლოთ ნებისმიერი დირექტივის შესრულება. 
6. არსად, არც ერთი უნივერსიტეტი არ მუშაობს კონკურსების დროს თვლად სისტემაზე. მე ვიცი „კვაზიმეცნიერები“, თვით ჩვენსავე უნივერსიტეტში, ისეთი სიხშირით „დებენ“ წიგნებს, ქათამი კვერცხს რომ ვერ დებს. ნამდვილი მეცნიერის ერთი სტატია მთლიანად აიწონის ამ „მაკულატურას“.
7. არაფერ შუაშია ავტორიზაცია-აკრედიტაციის „მომიზეზებით“ საკონკურსო დოკუმენტის დაჩქარებული მიღება, ესეც სატყუარაა, ხომ გავიარეთ ეს გზა და კიდევ გავივლით (ავტორიცაცია-აკრედიტაციის დოკუმენმაც შეიძლება კრუნჩხვა მოგვგვაროს, თუ კარგად ჩავუკვირდებით; ეს სხვა დროს...).
8. ძვირფასო კოლეგებო! მოდი, დავფიქრდეთ, რა გააკეთა უნივერსიტეტმა ბოლო წლებში იმისათვის, ჩვენი სასწავლო და სამეცნიერო პოტენციალი რომ ამაღლებულიყო? ჩემი აზრით, არაფერი განსაკუთრებული, რომელიც აისახებოდა ფინანსებში, ჩვენს ხელფასში, მივლინებებში, ბეჭდვის გაუმჯობესებაში, აკადემიური გარემოს შექმნაში და სხვა. მზარდი ინფლაციის ფონზე უნივერსიტეტმა ფაკულტეტებს შორის არსებული სახელფასო დისკრიმინაციაც კი ვერ მოაგვარა, რა თქმა უნდა, იმის ხარჯზე, რომ იმ ორი ფაკულტეტის ხელფასებისთვის გაეთანაბრებინა ჩვენი ხელფასები (და არა პირიქით). თუ განსაკუთრებულ პირობებს არ გვიქმნის, განსაკუთრებულად რატომღა გვიმეტებენ, საბოლოოდ რომ ამოთათხონ ნაცარში პროფესორის ღირსება და სათვალის ზემოდან გვითხრან: „აი, ეს პროფესურაა განკუთვნილი სტრუქტურული უმუშევრობისთვისო“. ასეთი იყო მინისტრის შეფასება, მაგალითად, ჩემი დარგის მიმართ. არადა, დაავიწყდა პატივცემულ მინისტრს, რომ ამ ენის სპეციალისტი თავად ივანე ჯავახიშვილი და არნ. ჩიქობავა იყვნენ. მინისტრები და მთავრობები მოდიან და, კიდევ კარგი, მიდიან, პროფესურა კი ძირითად ასპექტში რჩება; წინააღმდეგ შემთხვევაში, ზარალდება სამეცნიერო დარგები და სკოლები და შედეგები გამოუსწორებელი ხდება. პოლიტიკოსების სახელებს ისევე სწრაფად ივიწყებს საზოგადოება, როგორც იმახსოვრებს; ვფიქრობ, ეს არის ამ ტიპის შეკვეთა, უკვე მერამდენე, რომელიც უნივერსიტეტის საზიანო იქნება მხოლოდ. ქვეყანაც ისეთი გვექნება, როგორიც უნივერსიტეტი.
9. გთხოვთ, პროფესორებო. არ წამოვეგოთ მყიფე ანკესზე, არ შევიდეთ გამოუსწორებელ შეცდომაში, დავიცვათ ჩვენი უფლებები, ცუდმა, მაგრამ მაინც კანონმა რომ მოგვანიჭა და ვიფიქროთ მთავარზე - შევქმნათ საფუძვლები ავტონომიისათვის. როგორ? ამის შესახებ ცალკე!
მომიტევეთ ცხარე და სარკაზმული ტონი!

პატივისცემით, 
პროფ. ცირა ბარამიძე


ნოდარ თოთაძე

About ნოდარ თოთაძე -

Author Description here.. Nulla sagittis convallis. Curabitur consequat. Quisque metus enim, venenatis fermentum, mollis in, porta et, nibh. Duis vulputate elit in elit. Mauris dictum libero id justo.